უსაფრთხოების სექტორის მართვა ნიშნავს პროცესს, რომლის საშუალებით ანგარიშვალდებული უსაფრთხოების ინსტიტუტები ახორციელებენ უსაფრთხოების – როგორც საჯარო პროდუქტის – მიწოდებას გამჭვირვალე პოლიტიკის და პრაქტიკის გზით. უსაფრთხოების ინსტიტუტების ანგარიშვალდებულებაზე ზეგავლენას ახდენს დემოკრატიული ზედამხედველობა, რომელსაც ახორციელებენ მთელი რიგი დაინტერესებული მხარეები, მათ შორის, დემოკრატიული ინსტიტუტები, მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება და მედია. უსაფრთხოების სექტორის რეფორმა პროცესია, რომლის საშუალებითაც უსაფრთხოების ინსტიტუტები ექვემდებარებიან ზედამხედველობის მექანიზმებს, ვეტინგს და ლუსტრაციას, რათა შეძლონ გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული საჯარო სერვისების – როგორც საჯარო პროდუქტის – მიწოდება. უსაფრთხოების სექტორის მართვა ხელს უწყობს კანონის უზენაესობის განმტკიცებას.[1]

 რა არის უსაფრთხოების სექტორის მართვა?

უსაფრთხოების სექტორის მართვა ასახავს, თუ როგორ გამოიყენება კარგი მმართველობის პრინციპები საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიწოდებისთვის. უსაფრთხოების სექტორის სანდო ზედამხედველობა და მართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანი დემოკრატიული მართვის უზრუნველყოფის მიზანია:  

  • მოქალაქეების დაცულობის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების გაზრდა;
  • უსაფრთხოების უზრუნველყოფის ყველა ფორმის განმტკიცება;
  • დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის შესაძლებლობის მიცემა, მონიტორინგი გაუწიონ და განიხილონ  უსაფრთხოების პოლიტიკა და პრაქტიკა და უზრუნველყონ მისი შესაბამისობა საერთაშორისო სტანდარტებთან;
  • უსაფრთხოების სექტორში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების დანერგვა;
  • ისეთი დემოკრატიული კულტურის განვითარება და შენარჩუნება, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების დაცვას უსაფრთხოების ინსტიტუტებში;
  • კონტროლისა და ბალანსის ეფექტიანი სისტემის დანერგვა უსაფრთხოების სექტორის უწყებებში ძალადობის და ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევების თავიდან ასაცილებლად;
  • უსაფრთხოების სისტემის ხარჯეფექტურად მართვა, ფინანსური რესურსებით დამძიმებული უსაფრთხოების სისტემის თავიდან აცილების და კორუფციის შესაძლებლობების შემცირების მიზნით;
  • ადამიანური და ფინანსური რესურსების ეფექტიანად მართვა, მათ შორის ეფექტიანი დისციპლინარული ზომების და კარიერული მართვის სტრუქტურების დანერგვა და უსაფრთხოების სექტორის თანამშრომლებში პროფესიონალიზმის და ჩინის მიმართ პატივისცემის წახალისება;
  • უსაფრთხოების სექტორში საზოგადოების წარმომადგენლობითობის პრინციპის უზრუნველყოფა, ქალებისა და უმცირესობების თანასწორი მონაწილეობით.

რატომაა მნიშვნელოვანი?

“უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მართვა, რომელიც ეფუძნება კანონის უზენაესობას და ადამიანის უფლებების პატივისცემას, გადამწყვეტია სხვადასხვა კონტექსტებში მყოფი სახელმწიფოების მშვიდობიანი და მდგრადი განვითარებისთვის. უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მართვა განამტკიცებს ინდივიდების დაცულობას და უსაფრთხოებას და არ უშვებს სექტორის პერსონალის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას”.[2]

სახელმწიფო ვერ შეძლებს მოსახლეობისთვის სათანადო ხარისხით უსაფრთხოების უზრუნველყოფას  და ადამიანის უფლებების დაცვას, თუ მისი უსაფრთხოების ძალები არ მოქმედებენ ეფექტიანად და დემოკრატიული კონტროლის ქვეშ. გარდა ამისა, საზოგადოების წესების დაცვის უზრუნველსაყოფად სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს ქმედითი და სამართლიანი სამართალაღსრულების შესაძლებლობები. მაღალფუნქციური უსაფრთხოების სექტორი დემოკრატიზაციის წინაპირობა და რეგიონული სტაბილურობის განმსაზღვრელი ფაქტორია.[3]

როგორ მუშაობს?

უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულმა მართვამ უნდა უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოების სააგენტოები და მათი თანამშრომლები აკმაყოფილებდნენ მუშაობის და ყოფაქცევის სათანადო სტანდარტებს, როგორც ეს განსაზღვრულია კანონმდებლობით, პოლიტიკით, პრაქტიკით და შესაბამისი სოციალური და კულტურული ნორმებით. ეს პრინციპები შესაფერისია არა მხოლოდ მენეჯმენტისთვის, არამედ თითოეული რიგითი თანამშრომლისთვისაც. კერძოდ, უსაფრთხოების ინსტიტუტებმა უნდა:

  • აღკვეთონ ძალაუფლების და უფლებამოსილების გადამეტება (თვით უსაფრთხოების აქტორების მიერ ან სხვა ინტერესთა ჯგუფების მიერ);
  • გამოიყენონ რესურსები სათანადოდ და ეფექტიანად სათანადო საბიუჯეტო მართვის გამოყენებით;
  • იმოქმედონ, რამდენადაც შესაძლებელია, გამჭვირვალედ: უზრუნველყონ სხვა სამთავრობო სააგენტოების, საზედამხედველო ორგანოების და ფართო საზოგადოების წვდომა სათანადო ინფორმაციაზე;
  • დაიცვან ადამიანის უფლებები როგორც უსაფრთხოების სექტორის შიგნით დარღვევების პრევენციით, ისე, მთლიანად, საზოგადოებაში დარღვევების პრევენციით და გამოძიებით;
  • მიხედონ ყველა იმ ადამიანის უსაფრთხოების საჭიროებებს, რომლებზეც არიან პასუხისმგებელი, განურჩევლად სქესის, ეთნიკური წარმომავლობის, აღმსარებლობის, ასაკის და შემოსავლის.

 

უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანი მართვა ეფუძნება ისეთი უსაფრთხოების ინსტიტუტების გაძლიერებას, რომლებიც: 

  • მართულია შიგნიდან და გარედან სამართლებრივი და ინსტიტუციური სისტემებით;
  • ანგარიშვალდებულია ხელისუფლების და მოსახლეობის წინაშე;
  • მართულია გამჭვირვალედ, გაწერილი სტანდარტების და პრაქტიკის შესაბამისად;
  • ეფუძნება და პასუხობს ადამიანების საჭიროებებს;
  • დაფუძნებულია სამართლიანი და თანასწორი წარმომომადგენლობის პრინციპზე.

 

გაერო გამოყოფს ხუთ ძირითად ეტაპს ან სფეროს უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მართვის შემოღების პროცესში. ესენია:

 

თავდაცვის სექტორის კეთილსინდისიერების განმტკიცების ცენტრი (CIDS) აღნიშნავს, რომ საჯარო სექტორში პროფესიონალიზმი და კეთილსინდისიერება კარგი მმართველობის გადამწყვეტი კომპონენტია. საჯარო სექტორის პროფესიონალიზმი დამოკიდებულია შემდეგ ფაქტორებზე:

  • პოლიტიკური თანამდებობების და საჯარო სამსახურის მკაფიო გაცალკევება
  • ღირსებაზე და კონკურსზე დაფუძნებული დანიშვნა
  • ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა
  • მოვალეობების და უფლებების რეგულირება (მიუკერძოებლობა, კეთილსინდისიერება, ინტერესთა კონფლიქტი)
  • საჩივრების განხილვის ეფექტიანი რეგულირება
  • მუშაობის ხარისხის სამართლიანი შეფასების უზრუნველმყოფი რეგულაციები
  • წესდებაზე დაფუძნებული და გამჭვირვალე სახელფასო სისტემა
  • საერთო სტანდარტების დაცვა [5]

 

უფრო მეტიც, უსაფრთხოების სექტორის პოლიტიკამ უნდა გაამახვილოს ყურადღება შემდეგზე:

  • ეფექტიანი საზედამხედველო მექანიზმები
  • ინტერესთა კონფლიქტის რეგულირება
  • აუდიტის ფუნქცია
  • ომბუდსმენის როლი
  • ადამიანური რესურსების მართვა
  • სტრატეგიული ფინანსური დაგეგმვა და ბიუჯეტის მართვა[6]

ვინ მონაწილეობს უსართხოების სექტორის მართვაში?

უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობა მოიცავს ინდივიდუალური და კოოპერატიული ზედამხედველობის ფუნქციების აქტიურ შესრულებას შემდეგი ინსტიტუტების მიერ:

  • დემოკრატიული ინსტიტუტები
  • დამოუკიდებელი საზედამხედველო ინსტიტუტები/ომბუდსმენის ინსტიტუტი
  • სამოქალაქო საზოგადოება
  • მედია
  • აღმასრულებელი ხელისუფლება
  • მთავრობა
  • უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტები

წყაროები:

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for Good Governance in the Defence Sector: International Standards and Principles (2015)

CIDS (2015) Guides to Good Governance: Professionalism and integrity in the public service. No 1.

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform, DCAF Backgrounder Series. New series .

DCAF (2009) Bucur-Marcu Hari, Fluri Philipp, Tagarev Todor (eds.) Defence Management: an Introduction. Security and Defence Management Series No. 1.

DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

IMF (2007) Code of Good Practices on fiscal transparency

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices.

NATO (2012) Building Integrity Programme

OECD (2002) Best Practices for Budget transparency.

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security: 20 Practical Reforms.

UN SSR Task Force (2012), Security Sector Reform: Integrated Technical Guidance Notes.

UNDP-DCAF (2007) Monitoring and Investigating the Security Sector.

DCAF SSR Backgrounder Series -ის ახალი გამოცემები.

 

[1] წყარო: DCAF(2009), Backgrounder. Security Sector Governance and Reform.

[2] UN SSR Task Force (2012), Security Sector Reform: Integrated Technical Guidance Notes, p. 92.

[3] DCAF(2009), Backgrounder. Security Sector Governance and Reform.

[4] UN SSR Task Force (2012), Security Sector Reform. Integrated Technical Guidance Notes.  p. 95.

[5] CIDS (2015) Guides to Good Governance: Professionalism and Integrity in the Public Service. No 1.

[6] NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence:. A Compendium of Best Practices.