უსაფრთხოების და თავდაცვის დაგეგმვის, განსაკუთრებით, გრძელვადიანი თავდაცვის დაგეგმვის, მიზანია განსაზღვროს საშუალებები – მათ შორის, მომავალი ძალის სტრუქტურა – რომლებიც საშუალებას მისცემს თავდაცვის და უსაფრთხოების ინსტიტუტებს, ეფექტურად უპასუხონ მომავალ გამოწვევებს. უსაფრთხოების სექტორის და თავდაცვის დაგეგმვა უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების განუყოფელი კომპონენტია.[1]

რა არის თავდაცვის დაგეგმვა?

უსაფრთხოების და თავდაცვის დაგეგმვა მოიცავს დაგეგმვას შეიარაღების, ლოგისტიკის, სამხედრო ხელმძღვანელობის, კონტროლის, კომუნიკაციის, რესურსების, სამხედრო-სამოქალაქო გადაუდებელი სიტუაციების საკითხებში და, ზოგ შემთხვევაში, ბირთვულ დაგეგმვას. შეიარაღებული ძალების განვითარების დაგეგმვა ითვლება უსაფრთხოების სექტორის დაგეგმვის მთავარ ელემენტად, რომლის საფუძველზეც ხდება სხვა კომპონენტების დაგეგმვა.[2] უსაფრთხოების და თავდაცვის დაგეგმვა ხდება უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ჩარჩოებში და ეროვნული უსაფრთხოების ამოცანების შესაბამისად. ის წარმოადგენს პროცესს, რომლის საშუალებითაც უსაფრთხოების ამოცანები გარდაიქმნება უსაფრთხოების და თავდაცვის შესაძლებლობებად.

ატომაა ეს მნიშვნელოვანი?

უსაფრთხოების და თავდაცვის სექტორის დაგეგმვა მნიშვნელოვანია კეთილსინდისიერების განმტკიცებისთვის და კარგი მმართველობის დანერგვისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება იმას, რომ თავდაცვის დაგეგმვა ხდებოდეს ანგარიშვალდებულების და გამჭვირვალობის პრინციპების დაცვით, რათა თავიდან იყოს აცილებული კორუფცია. საჯარო რესურსების სწორად დაგეგმილი, პასუხისმგებლიანი და სტრატეგიული ხარჯვა საფუძველია ეფექტიანი და ქმედითი თავდაცვისუნარიანობისთვის. დაგეგმვა, ასევე, იძლევა რესურსების ოპტიმალურად განაწილების საშუალებას, რაც არსებითია ნებისმიერი ქვეყნის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის. თავდაცვის დაგეგმვა უნდა ხდებოდეს თავდაცვის პოლიტიკის შესაბამისად და უნდა ეთანხმებოდეს ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების ამოცანებს. უნდა არსებობდეს კონტროლის და ზედამხედველობის მექანიზმები, რაც უზრუნველყოფს თავდაცვის და უსაფრთხოების დაგეგმვის შესაბამისობას არა მხოლოდ ამ ამოცანებთან, არამედ თავდაცვის სფეროში კეთილსინდისიერების განმტკიცების და კარგი მმართველობის საერთაშორისო სტანდარტებთანაც.

როგორ მუშაობს დაგეგმვა?

თავდაცვის და უსაფრთხოების მართვის გამოცდილი სისტემები განასხვავებს დაგეგმვის სამ განზომილებას და გამოყოფს მათ შესაბამის პროცესებს. ესენია:

  • გრძელვადიანი დაგეგმვა
  • საშუალოვადიანი დაგეგმვა, ხშირად პროგრამების დანერგვის გზით
  • მოკლევადიანი დაგეგმვა

თავდაცვის და უსაფრთხოების გრძელვადიანი დაგეგმვა მიზნად ისახავს, განჭვრიტოს თავდაცვის და უსაფრთხოების მომავალი მოთხოვნები უსაფრთხოების გარემოს განვითარების ტენდენციების, მათ შორის, საფრთხეების და გამოწვევების, ალიანსების როლის და მათი პოლიტიკის და უსაფრთხოების და თავდაცვის სტრატეგიების ანალიზის საშუალებით. ამასთან, მხედველობაში მიიღება ტექნოლოგიის განვითარების ტენდენციები. ამის საფუძველზე, შეიარაღებული ძალების მომავალი მოდელი განისაზღვრება მისი სამანევრო ბრიგადების და ბატალიონების, საჰაერო და საზღვაო შენაერთების რაოდენობით. ამ პროცესში დაისახება მომავალ მოდელზე გადასვლის ძირითადი ეტაპები. შეიარაღებული ძალების მომავალი სტრუქტურაც და მასზე გადასვლაც უნდა იყოს რეალისტური და უნდა ითვალისწინებდეს ფინანსურ, ტექნოლოგიურ, დემოგრაფიულ და სხვა მნიშვნელოვან შეზღუდვებს. გრძელვადიანი დაგეგმვა, ჩვეულებრივ, მოიცავს 10-დან 15 წლამდე პერიოდს. თუმცა, ზოგიერთ ქვეყანაში დაგეგმვა უფრო გრძელი ვადითაც ხდება – 25-30 წლით.[3]

საშუალოვადიანი დაგეგმვის პროცესის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს, რომ უსაფრთხოების და თავდაცვის მართვის ფაქტიური საქმიანობები (რეორგანიზაცია, რეკრუტმენტი, შესყიდვები, ტრენინგი, ხარჯვა და სხვა) ემსახურება თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ამოცანებს და მომავალი ძალის და საჭირო უსაფრთხოების შესაძლებლობების განვითარებას. საშუალოვადიანი დაგეგმვა ძირითადად გათვლილია ოთხიდან რვა წლამდე პერიოდისთვის. საშუალოვადიანი გეგმა ხშირად მოიხსენიება როგორც „პროგრამა“ ხოლო საშუალოვადიანი დაგეგმვის პროცესი როგორც „პროგრამის შემუშავება“. პროგრამას აქვს კარგად ჩამოყალიბებული იერარქიული სტრუქტურა და მასში მიმდინარედან მომავალი ძალის მოდელზე გადასვლა მკაფიოდ და დეტალურად არის გაწერილი. საშუალოვადიან გეგმაში, განსაკუთრებით, საწყისი წლებისთვის, მკაცრადაა გათვალისწინებული და პროგნოზირებული მოსალოდნელი რესურსები და თავდაცვის ბიუჯეტი.[4]

მოკლევადიანი დაგეგმვა ემსახურება საშუალოვადიანი გეგმის პირველი ორი წლის დეტალიზებას, ხშირად კომპონენტური გეგმების სახით (რეკრუტირების, განათლების, ტრენინგის, შესყიდვების, მშენებლობის და სხვა გეგმები და შესაბამისი ბიუჯეტები). მოკლევადიანი გეგმები შედგენილია მკაცრად შეზღუდული პროგნოზირებული ბიუჯეტის შესაბამისად. ამ გეგმით ხდება თავდაცვის მართვის ყველა საქმიანობის კოორდინირება და მათი მიმართვა უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის ამოცანების შესასრულებლად.[5]

გაეროს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სამუშაო ჯგუფის ზოგადი ტექნიკური ინსტრუქციები უსაფრთხოების სექტორის რეფორმისთვის მიხედვით, თავდაცვის და უსაფრთხოების დაგეგმვა უნდა აყალიბებდეს კონკრეტულ ცვლილებებს (განვითარება/რეფორმა/ტრანსფორმაცია), რომლებიც აუცილებელია ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკაში/სტრატეგიებში ჩამოყალიბებული ეროვნული თავდაცვის საჭიროებების, საფრთხეების, ხედვების და ამოცანების საპასუხოდ. იდეალურ შემთხვევებში, გეგმები ასევე უნდა შეიცავდეს მკაფიო მიზნებს და ინდიკატორებს ზეგავლენის გაზომვის მიზნით და კონკრეტული რეფორმების პროგრესის საჩვენებლად საზოგადოებრივ კამპანიებში.[6]

ტოდორ ტოგარევის აზრით, უსაფრთხოების და თავდაცვის ეფექტიანი პოლიტიკა ეფუძნება ძალის სტრუქტურის/მოდელის და ძალის განვითარების გეგმების შემუშავების ბალანსირებულ მიდგომებს შემდეგი ეტაპების მიზედვით:

  • უსაფრთხოების და თავდაცვის ამოცანების, მისიის და მიზნების განსაზღვრა
  • განხორციელებადი სცენარების ან განხორციელების სიტუაციების დაგეგმვა და მათზე შეთანხმება (ხშირად სათანადო ოპერაციული კონცეფციების და „მოქმედების კურსის“ შემუშავების ჩათვლით)
  • სცენარის საქმიანობების გაწერა დავალებებად და „მისიისთვის მნიშვნელოვანი დავალებების ჩამონათვალის“ შექმნა
  • დავალებების შესასრულებლად აუცილებელი შესაძლებლობების განსაზღვრა. ეს ეტაპი მოიცავს შემდეგ ქვე-ეტაპებს:
    • საჭირო ტიპის შესაძლებლობების განსაზღვრა
    • დაგეგმვის რისკების შეფასება
    • ეკონომიური და ეფექტიანი ძალთა „პაკეტის“ შემუშავება, რომელიც უზრუნველყოფს დავალებების შესასრულებლად საჭირო შესაძლებლობებს, მისაღები რისკის გათვალისწინებით
  • შეიარაღებული ძალების სტრუქტურის/მოდელის შემუშავება, რომელიც შეესაბამება ყველა მოსალოდნელ მისიას და სცენარს.

ვინ მონაწილეობს დაგეგმვაში?

უსაფრთხოების და თავდაცვის დაგეგმვაში ჩართული არიან მთელი რიგი მონაწილეები: აღმასრულებელი ხელისუფლება, რომელიც აანალიზებს უსაფრთხოების და თავდაცვის საჭიროებებს და ადგენს ეროვნულ პოლიტიკას და პრიორიტეტებს; საკანონმდებლო ხელისუფლება, რომელიც აწყობს განხილვებს, ამტკიცებს ბიუჯეტს და უზრუნველყოფს სამართლებრივი ბაზის შექმნას; უსაფრთხოების სექტორის სამოქალაქო და სამხედრო პერსონალი, რომლებიც უზრუნველყოფენ ექსპერტულ აზრს, დეტალურ დაგეგმვას და განხორციელებას; სამოქალაქო საზოგადოება, მედია, ომბუდსმენი და გარე და შიდა აუდიტის მექანიზმები, რომლებიც ახორციელებენ პროცესის ეფექტიან ზედამხედველობას; და კერძო და საჯარო კომპანიები, რომლებიც ემსახურებიან უსაფრთხოების სექტორის პერსონალის ყოველდღიური საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილებას.

წყაროები:

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector: Guides to Good Governance

Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014)

Christopher Lord (2011), “The political theory and practice of parliamentary participation in the Common Security and Defence Policy”, Journal of European Public Policy, 18:8, 1133-1150.

DCAF –UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

DCAF (2008), National Security Policy Backgrounder

DCAF (2009), Defence Reform. Backgrounder

DCAF (2009), Police Reform. Backgrounder

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder

DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Procurement. DCAF Backgrounder

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder

DCAF (2006) Parliamentary Committees on Defence and Security. DCAF Backgrounder

DCAF (2015), Parliamentary Brief: Building integrity in Defence.

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No1. DCAF (2009)

McConville Teri, Holmes Richard (eds.), Defence Management in Uncertain Times. Cranfield Defence Management Series Number 3. Routledge 2011.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices.

OECD (2002) Best Practices for Budget Transparency

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security: 20 Practical Reforms.

United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

DCAF SSR Backgrounder Series-ის ახალი გამოცემები

 

[1] წყარო: Todor Tagarev et al. (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No. 1. DCAF (2009) p. 48.

[2] Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No. 1. DCAF (2009) p. 48.

[3] იგივე p. 49.

[4] იგივე p. 51.

[5] იგივე

[6] United Nations SSR Task Force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012. p. 124.


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk