უსაფრთხოების სექტორი მოიცავს უსაფრთხოების სექტორის ყველა იმ ინსტიტუტს, რომლის მოვალეობაა საზოგადოების დაცვა დანაშაულისგან, უწესრიგობისგან და ძალადობისგან. ეს ინსტიტუტებია: შეიარაღებული ძალები და მათი სამოქალაქო პერსონალი, სამართალდამცავი ორგანოები (სათემო პოლიცია, საგამოძიებო სამსახურები, საზღვრის დაცვის სამსახურები, სასჯელაღსრულების დაწესებულებები) და დაზვერვის სამსახურები, ისევე, როგორც ამ ორგანოების სამოქალაქო პერსონალი, საგანმანათლებლო და ტრენინგის ცენტრები და შესაბამისი ლოგისტიკური სამსახურები. უსაფრთხოების სამსახური რეაგირებს საზოგადოების საჭიროებებზე და უზრუნველყოფს უსაფრთხოების, როგორც საჯარო პროდუქტის, მიწოდებას საზოგადოებისთვის. უსაფრთხოების სექტორში შესაძლებელია ასევე მოიაზრებოდეს რეგულირებადი კერძო სუბიექტები, რომლებსაც მკაფიოდ დაკონკრეტებული და შეზღუდული როლი აქვთ საკუთრების დაცვასა და ქურდობის პრევენციაში.

უსაფრთხოების სექტორის ამოცანაა უსაფრთხოების, როგორც საზოგადოებრივი პროდუქტის, მიწოდება. ამდენად, უსაფრთხოების სექტორზე ვრცელდება იგივე კანონები, წესები და რეგულაციები, რაც სხვა საჯარო სამსახურზე. უსაფრთხოების მიმწოდებლები გამჭვირვალე და ანგარიშვალდებულ პოლიტიკასა და პრაქტიკას ახორციელებენ და მიზნად ისახავენ ქმედითი და ეფექტიანი მომსახურების მიწოდებას. საზოგადოებას და სხვა დაინტერესებულ მხარეებს შუძლიათ დაეხმარონ ამ მიზნის შესრულებას თავიანთი მონაწილეობით დემოკრატიულ ინსტიტუტებში, დამოუკიდებელ საზედამხედველო ორგანოებში, მთავრობაში, თვით უსაფრთხოების სექტორში, და ზოგადად, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიულ მართვაში. უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მართვა ნიშნავს, რომ უსაფრთხოების სექტორი სამოქალაქო კონტროლს ექვემდებარება და ემსახურება მიზანს დაიცვას ადამიანის უფლებები, პატივი სცეს კანონის უზენაესობას და ანგარიშვალდებული იყოს საკუთარ ქმედებასა და საქმიანობის ხარისხზე.

უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობა (SSG) შეეხება ურთიერთობას სახელმწიფოს, როგორც საჯარო სამსახურის მიმწოდებელს, და სამოქალაქო საზოგადოებას, როგორც ამ მომსახურების მიმღებს, შორის. ეს ურთიერთობა უნდა ეფუძნებოდეს ნდობას და დიალოგს მხარეებს შორის და უნდა იყოს მონაწილეობრივი, კონსენსუსზე ორიენტირებული, ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე, რეაგირებადი, ეფექტიანი, ქმედითი, თანასწორი, ინკლუზიური, და უნდა იცავდეს კანონის უზენაესობას.

უსაფრთხოების სექტორის რეფორმას (SSR) გაერო განსაზღვრავს როგორც პროცესს, რომელიც გულისხმობს ეროვნული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოსთვის და ხალხისთვის მიწოდებული ეფექტიანი და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების გაუმჯობესებას წინასწარი შეფასების, გადახედვის და განხორციელების, აგრეთვე მონიტორინგის და შეფასების საშუალებით, დისკრიმინაციის გარეშე და ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის დაცვით.[1]

წყაროები:

DCAF (2015), The Armed ForcesDCAF SSR Backgrounder.

UNDPKO SSR Unit (2012), The United Nations SSR Perspective.

UN SSR Task Force (2012), Security Sector Reform: Integrated Technical Guidance Notes

DCAF (2015), National Security PolicyDCAF SSR Backgrounder.

DCAF SSR Backgrounder Series-ის ახალი გამოცემები

 

[1] UNDPKO SSR Unit (2012), The United Nations SSR Perspective.

 

Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk