კეთილსინდისიერების განმტკიცების საკანონმდებლო ბაზა მოიცავს მთელ რიგ კანონებს, წესებს, რეგულაციებს და სხვა რესურსებს, რომლებიც განსაზღვრავენ კორუფციას, არეგულირებენ ანტიკორუფციულ პროცედურებს და უზრუნველყოფენ კეთილსინდისიერების განმტკიცებას საჯარო სექტორში. საკანონმდებლო ბაზა მოიცავს ეროვნულ და საერთაშორისო ინსტრუმენტებს. საერთაშორისო ინსტრუმენტები წარმოდგენილია კონვენციების, შეთანხმებების, რეკომენდაციების და საუკეთესო პრაქტიკის სახით, რომელთაგან ზოგიერთი კონკრეტულად უსაფრთხოების სექტორს შეეხება. კეთილსინდისიერების განმტკიცების ყველა სხვა ინსტრუმენტი, რომელიც ეხება საჯარო სექტორს, ასევე ვარგისია უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროებისთვისაც. გარდა ამისა, საერთაშორისო ორგანიზაციებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კეთილსინდისიერების განმტკიცების სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვაში.

კანონები და საერთაშორისო სტანდარტები

კეთილსინდისიერების განმტკიცების საკანონმდებლო ბაზა მოიცავს ეროვნულ და საერთაშორისო ანტიკორუფციულ კანონმდებლობას, რომელიც შეეხება ზოგადად საჯარო სექტორს ან კერძოდ უსაფრთხოების სექტორს. ზოგიერთ შემთხვევაში, ეს ინსტრუმენტები არ არის სავალდებულო ხასიათის.

  • გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ

გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ ავალდებულებს ქვეყნებს, სისხლის სამართლის თუ სხვა სახის სამართალდარღვევად განიხილონ კორუფციული ქმედებების ფართო სპექტრი, თუ ეს ქმედებები არ განიხილება დანაშაულად შიდა კანონმდებლობით. ზოგიერთ შემთხვევაში, ქვეყნები სამართლებრივად ვალდებული არიან, დაადგინონ სამართალდარღვევები, ზოგ შემთხვევაში კი – შიდა კანონების განსხვავებების გათვალისწინებით – ისინი ვალდებული არიან, განიხილონ  ამგვარი მოთხოვნის შესრულების საკითხი. ეს კონვენცია წინა, მსგავსი ინტრუმენტებისგან განსხვავებით, სამართალდარღვევად განიხილავს არა მხოლოდ კორუფციის ზოგად ფორმებს – როგორიცაა მექრთამეობა და სახელმწიფო ქონების გაფლანგვა – არამედ, ასევე, კორუფციით მიღებულ შემოსავლებზე ზემოქმედებას, ამ შემოსავლების დაფარვას  და გათეთრებას. გარდა ამისა, კონვენცია ითვალისწინებს კორუფციის მიზნით ჩადენილ სამართალდარღვევებს, როგორიცაა ფულის გათეთრება, სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლა და საჯარო და კერძო სექტორის პარტნიორობისას კორუფციის შესაძლებლობების პრობლემური საკითხი.[1]

  • გაეროს კონვენცია ტრანსნაციონალურ ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ

გაეროს კონვენცია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის შესახებ ძირითადი საერთაშორისო ინსტრუმენტია ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. კონვენციას აქვს სამი პროტოკოლი, რომლებშიც ყურადღება გამახვილებულია ორგანიზებული დანაშაულის სამ კონკრეტულ სფეროზე და გამოვლინებაზე. ეს პროტოკოლებია: პროტოკოლი ადამიანების, განსაკუთრებით ქალების და ბავშვების, ტრეფიკინგის პრევენციის, აღკვეთის და დასჯადობის შესახებ; პროტოკოლი მიგრანტების სახმელეთო, საზღვაო ან საჰაერო გზებით არალეგალურად გადაყვანის შესახებ; და პროტოკოლი იარაღის, მისი ნაწილების და კომპონენტების, აგრეთვე, საბრძოლო მასალის არალეგალური წარმოების და გადატანის შესახებ.

კონვენციის მიღება წინგადადგმული ნაბიჯი იყო ტრანსნაციონალური ორაგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში. კონვენცია ასახავს წევრი ქვყნების მიერ ამგვარი დანაშაულით გამოწვეული პრობლემების აღიარებას და ამ პრობლემის მოგვარებაში მჭიდრო საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის და გაუმჯობესების საჭიროებას. ქვეყნები, რომლებიც ამ ინსტრუმენტის რატიფიცირებას ახდენენ, იღებენ ვალდებულებას, გაატარონ მთელი რიგი ზომები ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ, მათ შორის, შეიმუშაონ  ზომები ქვეყნის შიგნით კრიმინალური დარღვევების მიმართ (ორგანიზებულ კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობა, ფულის გათეთრება, კორუფცია და სამართლის აღსრულებისთვის ხელის შეშლა); მიიღონ ახალი და ყოვლისმომცველი კანონმდებლობა ექტრადიციის, სამართლის სფეროში ურთიერთდახმარების და თანამშრომლობის საკითხებზე; და უზრუნველყონ ტრენინგი და ტექნიკური დახმარება  ეროვნული უწყებების შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით.[2]

  • გაეროს გენერალური ასამბლეა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, მონტროს დოკუმენტი სახელმწიფოებისთვის შესაბამისი საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებების და საუკეთესო პრაქტიკის შესახებ, რომელიც შეეხება კერძო სამხედრო და უსაფრთხოების კომპანიების ფუნქციონირებას შეიარაღებული კონფლიქტების დროს.

მონტროს დოკუმენტი მიზნად ისახავს შეახსენოს სახელმწიფოებს მათი გარკვეული საერთაშორისო სამართლებრივი  ვალდებულებები კერძო სამხედრო და უსაფრთხოების კომპანიებთან დაკავშირებით. დებულებები აღებულია სხვადასხვა საერთაშორისო ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების დაცვის ხელშეკრულებებიდან და ჩვეულებრივი საერთაშორისო კანონმდებლობიდან. დოკუმენტი არ არის იურიდიულად სავალდებულო და მისი მონაწილე სახელმწიფოები პასუხისმგებელი არიან იმ ვალდებულებების შესრულებაზე რომლებიც აღებული აქვთ მათ მიერ ხელმოწერილი საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად, ნებისმიერი თავშეკავების, შეთანხმების და განცხადებების და ჩვეულებრივი საერთაშორისო კანონმდებლობის გათვალისწინებით.[3]

  • გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 51/59: საჯარო მოხელეების ქცევის საერთაშორისო კოდექსი
  • ევროპის საბჭოს რეკომენდაცია Rec (2000)10

საჯარო მოხელეებისთვის ძირითადი მოთხოვნები გაწერილია გაეროს კონვენციაში კორუფციის წინააღმდეგ. თუმცა, გაეროს და ევროპის საბჭომ შემდგომში კიდევ მიიღეს ქცევის სანიმუშო კოდექსები – გაეროს რეზოლუცია 51/59 და ევროპის საბჭოს რეკომენდაცია Rec (2000)10. ამ კოდექსებში ჩამოყალიბებულია საჯარო მოხელეების კეთილსინდისიერების ზოგადი პრინციპები და განხილულია კონკრეტული საკითხები, როგორიცაა ინტერესთა კონფლიქტი, კონფიდენციალური ინფორმაციის არამართებულად გამოყენება და საჩუქრის და გამასპინძლების მიღება. გაეროს ქცევის კოდექსი ითვალისწინებს, რომ საჯარო მოხელეები უნდა ასრულებდნენ თავიანთ მოვალეობებს და ფუნქციებს ქმედითუნარიანად, ეფექტიანად და კეთილსინდისიერებით და მუდმივად უნდა ცდილობდნენ უზრუნველყონ მათი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფი სახელმწიფო რესურსების ეფექტიანი და ქმედითი განკარგვა.

  • ევროპის საბჭოს კონვენცია კორუფციისთვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ

კონვენცია მიზნად ისახავს ბევრი სხვადასხვა ტიპის კორუფციული პრაქტიკის კოორდინირებულ კრიმინალიზაციას. კონვენცია ასევე ითვალისწინებს დამატებით სისხლის სამართლებრივ ზომებს და საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებას კორუფციული დანაშაულის სამართლებრივ დევნაში. კონვენციას შეიძლება შეუერთდნენ არაწევრი ქვეყნებიც. მის განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს “კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი სახელმწიფოების ჯგუფი – გრეკო (GRECO)”, რომელიც შეიქმნა 1999 წლის მაისში ევროპის საბჭოს ანტიკორუფციული სტანდარტების დაცვის მონიტორინგის მიზნით. ნებისმიერი არაწევრი სახელმწიფო, რომელიც მოახდენს დოკუმენტის რატიფიცირებას, მაშინვე, ავტომატურად, გახდება გრეკოს წევრი. კონვენცია ბევრ საკითხს შეეხება და არსებულ სამართლებრივ ინსტრუმენტებს ავსებს.

სახელმწიფოებს მოეთხოვებათ ეფექტიანი და შემაკავებელი სანქციების და ზომების უზრუნველყოფა, მათ შორის, თავისუფლების აღკვეთა, რომელიც შეიძლება ექტრადიციით დასრულდეს. იურიდიული პირები ასევე პასუხისმგებელი არიან იმ დანაშაულებზე, რომლებმაც მათ სარგებელი მოუტანა და დაისჯებიან ეფექტიანი სისხლის სამართლებრივი ან ადმინისტრაციული სანქციებით, მათ შორის, ფულადი სანქციებით.

კონვენცია შეიცავს პროტოკოლებს, რომლებიც შეეხება დახმარებას და ხელშეწყობას, იმუნიტეტს, სახელმწიფოების იურისდიქციების განსაზღვრის კრიტერიუმებს, იურიდიული პირების პასუხისმგებლობას, სპეციალიზებული ანტიკორუფციული უწყებების შექმნას, იმ პირების დაცვას, რომლებიც თანამშრომლობენ საგამოძიებო სამსახურებსა და პროკურატურასთნ, მტკიცებულებების შეგროვებას და მიღებული შემოსავლების კონფისკაციას. კონვენცია ხელს უწყობს საერთაშორისო თანამშრომლობის გაუმჯობესებას (ურთიერთდახმარება, ექტრადიცია და ინფორმაციის გაზიარება) კორუფციული დანაშაულებების გამოძიებასა და სამართლებრივ დევნაში.[4]

  • ევროპის საბჭოს კონვენცია კორუფციისთვის სამოქალაქო სამართლის გამოყენების შესახებ

ეს კონვენცია პირველი მცდელობაა განისაზღვროს საერთო საერთაშორისო წესები სამოქალაქო სამართლის და კორუფციის სფეროში. კერძოდ, კონვენცია ავალდებულებს სახელმწიფოებს სამართლებრივი დაცვის საშუალებების უზრუნველყოფას, მათ შორის, ზარალის ანაზღაურებას პირებისთვის, რომლებმაც განიცადეს ზარალი კორუფციული ქმედების შედეგად.

კონვენციის შესრულებას მონიტორინგს უწევს გრეკო – სახელმწიფოების ჯგუფი კორუფციის წინააღმდეგ.[5]

  • ევროპის საბჭოს კონვენცია დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების გათეთრების, მოძიების, ამოღების და კონფისკაციის შესახებ

კონვენციის მიზანია ხელი შეუწყოს საერთაშორისო თანამშრომლობას და ურთიერთდახმარებას დანაშაულის გამოძიებაში და მიღებული შემოსავლების მოძიების, ამოღების და კონფისკაციის საკითხში. კონვენცია უნდა დაეხმაროს სახელმწიფოებს ერთი და იგივე ხარისხის ეფექტიანობის მიღწევაში, მაშინაც კი, როდესაც არ არსებობს სრული სამართლებრივი შესაბამისობა ქვეყნებს შორის.

კონვენციის წევრები იღებენ შემდეგ ზომებს:

  • დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების გათეთრების კრიმინალიზება;
  • ინსტრუმენტების და შემოსავლების (ან ამ შემოსავლების შესაბამისი ღირებულების ქონების) კონფისკაცია;

საერთაშორისო თანამშრომლობის ხელშეწყობის მიზნით, კონვენცია უზრუნველყოფს:

  • საგამოძიებო საქმიანობაში დახმარების ფორმებს (მაგალითად, მტკიცებულებების მოპოვება, ინფორმაციის სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა თხოვნის არარსებობის შემთხვევაში, საერთო საგამოძიებო ტექნიკის დანერგვა, საბანკო საიდუმლოობის მოხსნა და ა.შ.);
  • დროებითი ზომები: საბანკო ანგარიშების გაყინვა, ქონების ამოღება მისი გატანის პრევენციის მიზნით;
  • დანაშაულებრივი გზით მიღებული შემოსავლების კონფისკაციის ზომები: სახელმწიფოს მიერ სხვა ქვეყანაში ქონების კონფისკაციის შესახებ განკარგულების აღსრულება; სხვა ქვეყნის მიერ თხოვნის შემთხვევაში, მოთხოვნის ქვეყანაში ადგილობრივად საქმის აღძვრა, რომელიც დასრულდება კონფისკაციით.[6]
  • ევროპის საბჭოს რეზოლუცია (97) 24 კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ოცი სახელმძღვანელო პრინციპის შესახებ.

ოცი პრინციპის შესახებ რეზოლუციის მიზანია დინამიკური პროცესის შექმნა კორუფციის ეფექტიანი პრევენციის და მასთან ბრძოლის საქმეში. სახელმძღვანელო პრინციპები შეეხება საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას, გამოძიების და სამართლებრივი დევნის პროცედურების გაუმჯობესებას, კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი პირების და ორგანოების სპეციალიზაციის უზრუნველყოფას და საერთაშორისო თანამშრომლობის გაზრდას.[7]

  • ევროპის საბჭოს კონვენცია ოფიციალურ დოკუმენტებზე ხელმისაწვდომობის შესახებ
  • ევროპის საბჭოს რეკომენდაცია Rec (2002)2[8]

ეს კონვენცია პირველი იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო ინსტრუმენტია, რომელიც აღიარებს საჯარო უწყებებში არსებულ ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომის საერთო უფლებას.  საჯარო უწყებების გამჭვირვალობა კარგი მმართველობის უმნიშვნელოვანესი შემადგენელია და მიანიშნებს იმაზე, არის თუ არა საზოგადოება ჭეშმარიტად დემოკრატიული და პლურალისტური. ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომის უფლებას ასევე არსებითი მნიშვნელობა აქვს ადამიანების თვითგანვითარებისთვის და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების აღსრულების კუთხით. ეს, ასევე, ზრდის ხელისუფლების ლეგიტიმურობას საზოგადოების თვალში და საზოგადოების რწმენას ხელისუფლების მიმართ.

კონვენცია ამტკიცებს ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომის უფლებას. ამ უფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ გარკვეული ინტერესების, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების, თავდაცვის ან პრივატულობის დაცვის მიზნით.

კონვენცია განსაზღვრავს მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც უნდა შესრულდეს ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომის მოთხოვნის განხილვის პროცესში (წვდომისთვის დადგენილი ფორმები და საფასური), და განიხილავს პროცედურებს და დამატებით ზომებს. კონვენცია საკმაოდ მოქნილია და საშუალებას აძლევს სახელმწიფოებს, კონვენციაზე დაყრდნობით, შექმნან თავიანთი ეროვნული კანონმდებლობა,  რათა უზრუნველყონ ოფიციალურ დოკუმენტებზე კიდევ უფრო მაღალი წვდომა. ოფიციალურ დოკუმენტებზე წვდომის საკითხებზე მომუშავე სპეციალისტების ჯგუფი მონიტორინგს უწევს წევრი ქვეყნების მიერ კონვენციის შესრულებას.[9]

  • ევროკავშირის კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ, რომელშიც მონაწილეობენ ევროპის თანამეგობრობის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების თანამდებობის პირები

ევროკავშირის ეს კონვენცია ებრძვის კორუფციას, რომელშიც მონაწილეობენ ევროპელი და ევროკავშირის წევრი ქვეყნების თანამდებობის პირები. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნებისმიერი თანამდებობის პირის მიერ ჩადენილი ნებისმიერი პასიური ან აქტიური კორუფციული ქმედება იყოს დასჯადი სისხლის სამართლებრივი კოდექსით. სერიოზულ შემთხვევებში ჯარიმები უნდა გულისხმობდეს თავისუფლების აღკვეთას და ექტრადიციას. უფრო მეტიც, უწყებების ხელმძღვანელები, თავიანთი თანამშრომლის მიერ უწყების სახელით ჩადენილი აქტიური კორუფციული ქმედების შემთხვევაში, თვითონ უნდა მიეცენ სისხლის სამართლის პასუხისგებაში.[10]

  • ევროკავშირის კონვენცია ევროპის თანამეგობრობის ფინანსური ინტერესების დაცვის შესახებ

კონვენცია და მისი პროტოკოლები მიზნად ისახავს ერთიანი საკანონმდებლო ბაზის შექმნას ევროპის თანამეგობრობის ფინანსური ინტერესების დაცვისთვის სისხლის სამართლის კანონმდებლობის ჩარჩოებში. ხარჯებთან და შემოსავლებთან დაკავშირებული თაღლითობა უნდა ისჯებოდეს ეფექტიანი პროპორციული და შემაკავებელი სისხლის სამართლებრივი სანქციებით, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს თავისუფლების აღკვეთას და ექტრადიციას.[11]

  • ევროპული კონვენცია ექტრადიციის შესახებ

ევროპული კონვენცია ექტრადიციის შესახებ ითვალისწინებს მხარეებს შორის პირების ექტრადიციას, რომლებზეც გამოცხადებულია ძებნა სისხლის სამართლებრივი დევნის ან მართლსაჯულების აღსრულების მიზნით. კონვენცია არ ეხება პოლიტიკურ და სამხედრო დანაშაულებს და ნებისმიერ მხარეს შეუძლია უარის თქმა საკუთარი მოქალაქის სხვა ქვეყანაში ექტრადიციაზე.

ფისკალურ დანაშულთან დაკავშირებით (გადასახადები, მოსაკრებლები და საბაჟო გადასახადები), ექსტრადიციაზე თანხმობის მიღება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეები გადაწყვეტენ ამგვარად, კონკრეტული დანაშაულის ან სამართალდარღვევის კატეგორიის გათვალისწინებით.  ექტრადიციაზე უარის თქმა ასევე შესაძლებელია თუ პირს, მისი განცხადებით, ემუქრება სასიკვდილო განაჩენი ექტრადიციის მომთხოვნ ქვეყანაში.[12]

  • ეუთოს ქცევის კოდექსი უსაფრთხოების სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების შესახებ

ქცევის ეს კოდექსი, რომელიც ეუთომ მიიღო 1994 წლის დეკემბერში, ერთ-ერთი ყველაზე ნოვატორული ნორმატიული დოკუმენტია უსაფრთხოების სფეროში. ეს იყო პირველი პოლიტიკურად სავალდებულო მრავალმხრივი ინსტრუმენტი, რომელმაც დაადგინა წესები, რომლებიც არეგულირებს შეიარაღებული და სხვა უსაფრთხოების ძალების როლს და გამოყენებას საშინაო და საერთაშორისო დონეებზე როგორც მშვიდობიან, ისე კონფლიქტის პირობებში. კოდექსი უნიკალურია იმითაც, რომ მან არა მხოლოდ ხელახლა დაადასტურა არსებული სახელმწიფოთაშორისი და შიდა სახელმწიფოებრივი ნორმები, არამედ განსაზღვრა ახალი ნორმებიც.

კოდექსი ძალაში შევიდა, როგორც პოლიტიკურად სავალდებულო დოკუმენტი, 1995 წლის 1 იანვარს.  კოდექსი  განსაზღვრავს შეიარაღებული ძალების როლს დემოკრატიულ საზოგადოებებში და წარმოადგენს მნიშვნელოვან სახელმძღვანელოს  ქვეყნის შიგნით უსაფრთხოების სექტორის მოწყობისთვის,  შეიარაღებული ძალების შემადგენლობის უფლებების დაცვისთვის და სხვა სახელმწიფოების უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური წუხილების გათვალისწინებისთვის. კოდექსი ეხება შეიარაღებული და უსაფრთხოების ძალების დემოკრატიული კონტროლის ნორმებს როგორც სახელმწიფოებს შორის, ისე სახელმწიფოების შიგნით, აგრეთვე საერთაშორისო ჰუმანიტარული კანონმდებლობის დებულებების შესრულებას, რომლებიც ასახავს გლობალიზებულ მსოფლიოში მზარდ ურთიერთდამოკიდებულებას და უსაფრთხოების ურღვევობის გაცნობიერებას. კოდექსი იყო პირველი მრავალმხრივი დოკუმენტი, რომელიც მოიცავდა შეიარაღებული ძალების და, მთლიანად. უსაფრთხოების სექტორის – სუვერენობის და სახელმწიფო ძალაუფლების უმნიშვნელოვანესი შემადგენლის – რეგულირების და კონტროლის ნორმებს და პრინციპებს.[13]

  • OECD-ის კონვენცია საერთაშორისო ბიზნეს-ტრანზაქციებში უცხოელი თანამდებობის პირების მექრთამეობასთან ბრძოლის შესახებ,1997
  • OECD-ის რეკომენდაცია უცხოელი თანამდებობის პირების მექრთამეობასთან შემდგომი ბრძოლის შესახებ, 2009
  • OECD-ის საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო შიდა კონტროლის, ეთიკის და სტანდარტებთან შესაბამისობის შესახებ, 2010

OECD-ის მექრთამეობასთან ბრძოლის კონვენცია ადგენს იურიდიულად სავალდებულო სტანდარტებს, რომლებიც ახდენს საერთაშორისო ბიზნეს-ტრანზაქციებში უცხოელი თანამდებობის პირების მექრთამეობის კრიმინალიზებას და წარმოადგენს მთელ რიგ ზომებს ამ სტანდარტების ეფექტიანობის ასამაღლებლად. ეს პირველი და ერთადერთი საერთაშორისო ანტიკორუფციული ინსტრუმენტია, რომელიც ყურადღებას ამახვილებს მექრთამეობის ტრანზაქციის „მიწოდების მხარეზე“.[14]

OECD-ის რეკომენდაცია მექრთამეობის წინააღმდეგ შემდგომი ბრძოლის შესახებ, რომელიც მიიღეს 2009 წელს, მოუწოდებს წევრ ქვეყნებს წაახალისონ კომპანიები, შეიმუშაონ და დანერგონ სათანადო შიდა კონტროლის, ეთიკის და შესაბამისობის პროგრამები ან ზომები საერთაშორისო მექრთამეობის პრევენციის და დეტექტირებისთვის. ამ დებულების მხარდასაჭერად, OECD-მ გამოსცა საუკეთესო პრაქტიკის სახელმძღვანელო შიდა კონტროლის, ეთიკის და შესაბამისობის საკითხებზე.[15]

  • OECD-ს საუკეთესო გამოცდილება ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხში, 2002

“OECD-ის საუკეთესო გამოცდილება ბიუჯეტის გამჭვირვალობის საკითხში“ ინსტრუმენტია, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს მთავრობებს თავიანთ ქვეყნებში ბიუჯეტის გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებაში.

სახელმძღვანელო შედგება სამი ნაწილისგან:

ნაწილში 1 მოცემულია ძირითადი საბიუჯეტო ანგარიშების ჩამონათვალი, რომლებსაც წარმოადგენენ მთავრობები; აგრეთვე აღწერილია ამ ანგარიშების შინაარსი.

ნაწილში 2 აღწერილია ის კონკრეტული საკითხები, რომლებიც გაწერილი უნდა იყოს ანგარიშებში, მათ შორის, ფინანსური და არაფინანსური ინფორმაცია.

ნაწილი 3 აღწერილია ანგარიშების ხარისხის და ურღვევობის უზრუნველყოფის პრაქტიკა.

OECD-ის სახელმძღვანელო ეფუძნება სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებას თითოეულ განსახილველ სფეროში და, პრეზენტაციის მიზნით, ორგანიზებულია კონკრეტული ანგარიშების გარშემო. სხვადასხვა ქვეყანას შეიძლება განსხვავებული ანგარიშგების რეჟიმი და, ამდენად, გამჭვირვალობის საკითხში აქცენტიც სხვადასხვა სფეროზე ჰქონდეს.

2015 წლიდან, OECD-ის სახელმძღვანელო გარდაიქმნა ბიუჯეტის მართვის რეკომენდაციებად, რომელიც წარმოადგენს კოპლექსურ, ინტეგრირებულ რჩევათა კრებულს ბიუჯეტის შედგენის და მართვის საკითხებზე და მის კავშირზე კარგი საჯარო მმართველობის სხვა ასპექტებთან.[16]

  • საერთაშორისო სავალუტო ფონდი: საუკეთესო გამოცდილების კოდექსი ფისკალური გამჭვირვალობის საკითხში [17]

კოდექსი წარმოადგენს პრინციპების და მეთოდების ნაკრებს, რომლებიც ეხმარებიან მთავრობებს მთავრობის სტრუქტურის და ფინანსების ნათელი სურათის შექმნაში. კოდექსი ადგენს სახლმწიფო ბიუჯეტირების სახელმძღვანელო პრინციპებს. კოდექსში ჩამოყალიბებულია ფინანსური პასუხისმგებლობის ინსტიტუტების როლები და პასუხისმგებლობები, ისევე, როგორც ღიაობის, გამჭვირვალობის და კეთილსინდისიერების მოთხოვნები სახელმწიფო ფონდების ბიუჯეტირებაზე  პასუხისმგებელი პირების მიმართ.

  • ამერიკის ქვეყნების კონვენცია კორუფციასთან ბრძოლის შესახებ

კონვენციის მიზნებია:

  • თითოეული მონაწილე სახელმწიფოს მიერ კორუფციის პრევენციის, დეტექტირების, დასჯის და აღმოფხვრისთვის საჭირო მექანიზმების მხარდაჭერა და გაძლიერება.
  • მონაწილე ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მხარდაჭერა, ხელშეწყობა და რეგულირება საჯარო საქმიანობის შესრულებისას კორუფციის და ამ საქმიანობასთან კონკრეტულად დაკავშირებული კორუფციული ქმედების პრევენციის, დეტექტირების, დასჯის და აღმოფხვრის ზომების და ქმედებების ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით.

ეს კონვენცია ადგენს მთელ რიგ პრევენციულ ზომებს, ახდენს კორუფციის გარკვეული ქმედებების – მათ შორის, ტრანსნაციონალური მექრთამეობის და არალეგალური გამდიდრების – კრიმინალიზებას და შეიცავს მთელ რიგ დებულებებს, რომლებიც მიმართულია სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის განმტკიცებაზე ისეთ სფეროებში, როგორიცაა სამართლებრივი ურთიერთდახმარება და ტექნიკური თანამშრომლობა, ექსტრადიცია და იდენტიფიცირება, კორუფციული ქმედების შედეგად ან კორუფციული ქმედების შეკვეთის დროს გამოყენებული ქონების მოძიება, გაყინვა, ამოღება და კონფისკაცია.[18]

  • აფრიკული კავშირის კონვენცია კორუფციის პრევენციის და მასთან ბრძოლის შესახებ

კონვენცია წარმოადგენს ყოვლისმომცველ ჩარჩოს და ეხება მთელ რიგ სისხლის სამართლებრივ დანაშაულებს, მათ შორის მექრთამეობას (ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ), ქონების მიტაცებას თანამდებობის პირების მიერ, თანამდებობის გამოყენებას ზეგავლენის მოსახდენად, უკანონო გამდიდრებას, ფულის გათეთრებას და ქონების გადამალვას. კონვენცია მოუწოდებს ქვეყნებს გამოიყენონ პრევენციის, კრიმინალიზების, რეგიონული თანამშრომლობის, სამართლებრივი ურთიერთდახმარების და ქონების ამოღების ზომები. კონვენცია შეეხება კორუფციას როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში – როგორც მიწოდების, ისე მოთხოვნის მხარეს. ის უნიკალურია იმ მხრივ, რომ შეიცავს სავალდებულო დებულებებს კერძო პირებს შორის კორუფციის და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის საკითხებზე. იმ ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც მოახდინეს კონვენციის რატიფიცირება, ჯერჯერობით არაა საკმარისი იმისთვის, რომ ის ძალაში შევიდეს. ამ კონვენციის სხვა ძლიერი მხარეებია მისი სავალდებულო მოთხოვნა დანიშნული თანამდებობის პირების მიერ ქონების დეკლარაციების შევსების  შესახებ და თანამდებობის პირების იმუნიტეტზე შეზღუდვების დაწესება. (მუხლი 7) კონვენცია განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს მედიის ინფორმაციაზე წვდომის აუცილებლობაზე. (მუხლი 12)

კონვენცია ითვალისწინებს შემდგომ მექანიზმს, რომელიც გულისხმობს აფრიკული კავშირის კორუფციის საკონსულტაციო საბჭოს მიერ – რომელსაც მინიჭებული აქვს მთელი რიგი ფუნქციები, მათ შორის, ინფორმაციის კვლევა და შეგროვება – მთავრობისთვის კონსულტაციების გაწევა და აღმასრულებელი საბჭოს ანგარიშების რეგულარულად მომზადება კონვენციის განხორციელებაში მონაწილე ქვეყნების პროგრესის შესახებ ამ ქვეყნების მიერ საკონსულტაციო საბჭოსთვის წარდგენილი წლიური ანგარიშების საფუძველზე.[19]

  • INTOSAI-ის საერთაშორისო სტანდარტები უმაღლესი სააუდიტო ინსტიტუტებისთვის

ეს არის პროფესიული სტანდარტების და საუკეთესო განოცდილების მაგალითების კრებული საჯარო სექტორის სააუდიტო ინსტიტუტებისთვის, რომლებიც ოფიციალურად არის დაშვებული  და დამტკიცებული უმაღლესი სააუდიტო ინსტიტუტების საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ (INTOSAI). სტანდარტები ადგენენ ძირითად წინაპირობებს უმაღლესი სააუდიტო ინსტიტუტების სათანადო ფუნქციონირების და პროფესიონალური ქცევისთვის  და განსაზღვრავენ საჯარო უწყებების აუდიტის ფუნდამენტურ პრინციპებს.[20]

  • INTOSAI-ის აუდიტის პრინციპების ლიმის დეკლარაცია

ლიმის დეკლარაციაში, რომელიც მიიღეს 1977, მოცემულია სტანდარტები და ნორმები მთავრობის და სამთავრობო უწყებების დამოუკიდებელი აუდიტისთვის. დეკლარაცია ადგენს საჯარო ინსტიტუტების აუდიტის რეგულირებასთან დაკავშირებული საკითხების, მიზნების და ნორმების სრულ ნუსხას. დეკლარაციის მთავარი მიზანია ხაზი გაუსვას მთავრობის აუდიტის დამოუკიდებელ ხასიათს.

  • INTOSAI-ის სახელმძღვანელო პრინციპები საჯარო სექტორის შიდა კონტროლისთვის

დოკუმენტი განსაზღვრავს საჯარო სექტორში შიდა კონტროლის რეკომენდებულ სტრუქტურას და ქმნის სტანდარტს, რომლის მიმართაც შეიძლება შეფასდეს შიდა კონტროლი. ეს მიდგომა შეეხება ორგანიზაციის საქმიანობის ყველა ასპექტს.

სახელმძღვანელო შედგება სამი ნაწილისგან:

  • შიდა კონტროლის განსაზღვრება და შიდა კონტროლის ეფექტიანობის შემზღუდავი ფაქტორები
  • შიდა კონტროლის კომპონენტები (გასაკონტროლებელი გარემო, რისკების შეფასება, მაკონტროლებელი საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, მონიტორინგი)
  • როლები და პასუხისმგებლობები [21]

 

  • INTOSAI-ის ეთიკის კოდექსი

INTOSAI-ის ეთიკის კოდექსი განიხილება როგორც ლიმის დეკლარაციის აუცილებელი დამატება, რომელიც განამტკიცებს INTOSAI-ის სააუდიტო სტანდარტების კომიტეტის მიერ 1992 წელს გამოცემულ აუდიტის სტანდარტებს. ეს კოდექსი ღირებულებების და პრინციპების ყოვლისმომცველი განაცხადია, რომლითაც უნდა ხელმძღვანელობდნენ აუდიტორები ყოველდღიურ საქმიანობაში.

საჯარო სექტორის აუდიტორის დამოუკიდებლობა, უფლებამოსილება და პასუხისმგებლობები მაღალ ეთიკურ მოთხოვნებს უყენებს უმაღლეს სააუდიტო ინსტიტუტებს, მათ თანამშრომლებს და დაქირავებულ პირებს. საჯარო სექტორის აუდიტორების ეთიკის კოდექსი უნდა ითვალისწინებდეს ეთიკურ მოთხოვნებს ზოგადად საჯარო მოხელეებისთვის და კონკრეტულ მოთხოვნებს აუდიტორებითვის, მათ შორის, აუდიტორების პროფესიონალურ ვალდებულებებს.

კულტურის, ენის და სამართლებრივი და სოციალური სისტემების განსხვავებების გამო, თითოეული უმაღლესი სააუდიტო ინსტიტუტის პასუხისმგებლობაა, შეიმუშაოს საკუთარი ეთიკის კოდექსი, რომელიც მის გარემოს ყველაზე უკეთ შეეფერება. კარგი იქნება თუ ეს კოდექსები განმარტავენ ეთიკის ცნებებს.

INTOSAI-ის ეთიკის კოდექსის მიზანია ეროვნული დონის ეთიკის კოდექსებისთვის საფუძვლის შექმნა. ყველა უმაღლესი სააუდიტო ინსტიტუტის მოვალეობაა უზრუნველყოს, რომ ყველა მისი აუდიტორი იცნობდეს ეროვნული ეთიკის კოდექსში გაცხადებულ ფასეულობებს და პრინციპებს და მოქმედებდეს მათ შესაბამისად.[22]

  • ISO 15288 და AAP-48

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ISO 15288 და NATO-ს AAP-48 სასარგებლო ინსტრუმენტებია თავდაცვის შესყიდვების სფეროში კეთილსინდისიერების განმტკიცებისთვის. თავდაცვის უწყებებმა და საპარლამენტო კომიტეტებმა, რომლებიც შეამჩნევენ ხარვეზებს თავდაცვის შესყიდვების პროცესში და განიზრახავენ კეთილსინდისიერების განმტკიცებას, უნდა განიხილონ საერთაშორისო სტანდარტის – ISO 15288 და მასთან დაკავშირებული ნატოს პუბლიკაციის – AAP-48-ის გამოყენება. ამ ინსტრუმენტების გამოყენება ქმნის ერთიანი და ინტეგრირებული პროცესის სტრუქტურას სისტემური პროექტირებისა და მართვისთვის და საშუალებას იძლევა, რომ მოხდეს პროექტის მართვის დისციპლინის ინტეგრირება ტექნიკურ პროცესებთან მთელი ციკლის განმავლობაში და ჩამოყალიბდეს გამჭვირვალე ურთიერთობები მონაწილე ორგანიზაციებს შორის.[23]

  • საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) კეთილსინდისიერების დათქმები თავდაცვის სფეროში

საერთაშორისო გამჭვირვალობამ 1990 წელს შეიმუშავა კეთილსინდისიერების დათქმა. მთავრობებმა შეიძლება გამოიყენონ კორუფციასთამ ბრძოლის ეს ინსტრუმენტი შესყიდვების პროცესში ტენდერების გამოცხადების და კონტრაქტების შედგენის ეტაპებზე. საერთაშორისო გამჭვირვალობის თავდაცვის საკითხებზე მომუშავე გუნდმა, მოგვიანებით, ეს ინსტრუმენტი მოარგო თავდაცვის სფეროში შესყიდვების საჭიროებებს. თავდაცვის სფეროში კეთილსინდისიერების დათქმა კონტრაქტია, რომელიც ტენდერში მონაწილეებს და მყიდველებს ავალდებულებს მექრთამეობის არდაშვებას კონკრეტული შესყიდვის პროცესში. დათქმა ტენდერის მონაწილეებს და მთავრობას ერთიანი კონტრაქტით ავალდებულებს კორუფციის დაუშვებლობას ტენდერის წინ, მისი მსვლელობისას და მის შემდგომ. ჩვეულებრივ, ასეთი დათქმები შეიცავს ვალდებულებების აღებას მონაწილეების მხრიდან, რომ არ შესთავაზებენ და არ მიიღებენ ქრთამს. მთავრობა, მისი კონსულტანტები და მრჩევლებიც იღებენ ვალდებულებას და დებენ ასეთივე პირობას. ტენდერის მონაწილეები თანხმდებიან, რომ გავლენ ტენდერიდან მათ მიერ დათქმის დარღვევის შემთხვევაში, რამაც, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს შემდგომი სანქციები, როგორიცაა მომავალ ტენდერებზე მათი არდაშვება.[24]

  • კეთილსინდისიერების განმტკიცების ეროვნული კანონმდებლობის მაგალითები
    • აშშ ფედერალური კანონმდებლობა შეძენის საკითხებზე [25]
    • აქტი მექრთამეობის შესახებ 2010 – დიდი ბრიტანეთი[26]
    • ავსტრალიის სისხლის სამართლის კოდექსი და კანონი უცხოელი თანამდებობის პირების მოსყიდვის შესახებ[27]

რატომაა ეს სტანდარტები მნიშვნელოვანი?

კეთილსინდისიერების განმტკიცების საერთაშორისო სტანდარტები და კანონმდებლობა ადგენს საერთაშორისო დონეზე შეთანხმებულ პრინციპებს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის და კარგი მმართველობის დამკვიდრებისთვის საჯარო – და, შესაბამისად, უსაფრთხოების – სექტორში. ეს საერთაშორისო სტანდარტები განიხილება როგორც მოდელი, რომლის მიხედვით სახელმწიფოებს შეუძლიათ თავიანთი საკანონმდებლო ბაზის გაუმჯობესება და საჯარო სექტორში გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კარგი მმართველობის დანერგვა. ეს სტანდარტები მთავრობებისთვის და პარლამენტარებისთვის სახელმძღვანელო პრინციპებს წარმოადგენს ეროვნული კანონების, სისტემების და პროცესების შემუშავებისას და ქმნის საფუძველს საუკეთესო გამოცდილების გასაზიარებლად. სტანდარტები ქმნის არხებს კორუფციის და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.[28]

როგორ მუშაობს სტანდარტები?

როგორც OECD აღნიშნავს, აქ მოყვანილი კონვენციების უმრავლესობა არ არის უშუალოდ მთავრობების მიერ შესასრულებელი. მათი განხორციელებისთვის აუცილებელია რომ სახელმწიფოებს ჰქონდეთ შესაბამისი კანონმდებლობა და ზომები ადგილზე. კონვენციებით დადგენილია მინიმალური სტანდარტები, რომლებსაც უნდა შეესაბამებოდეს ეროვნული კანონმდებლობა. კონვენციების შესრულების მიზნით, სახელმწიფოებმა თავდაპირველად უნდა განსაზღვრონ, თუ სად და როგორი შეუსაბამობაა მათ საშინაო კანონმდებლობაში ამ სტანდარტებთან და შემდეგ გამოასწორონ ეს ხარვეზები.[29]

ვინ მონაწილეობს?

კეთილსინდისიერების განმტკიცების საერთაშორისო სტანდარტების და კანონმდებლობის შემუშავებასა და დანერგვაში ჩართულია მრავალი აქტორი. ესენია: საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები, რომლებიც შეიმუშავებენ ამ სტანდარტებს; ეროვნული ხელისუფლება, რომელიც ამტკიცებს მათ; უსაფრთხოების სექტორის პერსონალი, რომელიც ნერგავს მათ; სანქცირების უწყებები, რომლებიც აღასრულებენ მათ გამოყენებას; და ის უწყებები, რომლებიც მონაწილეობენ მთელი პროცესის ზედამხედველობაში. ამ ჯაჭვის მნიშვნელოვანი რგოლები არიან სამოქალაქო საზოგადოება და მედიაც: სამოქალაქო საზოგადოება გამოთქვამს წუხილებს და ამაღლებს ცნობიერებას ეროვნული კანონმდებლობის რეფორმის საჭიროების შესახებ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. პარლამენტარები კი ამ საჭიროებებს და წუხილებს გადაიტანენ სტანდარტების შესაბამის კანონმდებლობაში.

წყაროები:

Council of Europe, 1999, Criminal Law Convention on Corruption. 

Council of Europe, Convention on Laundering, Search, Seizure and Confiscation of the Proceeds from Crime and on the financing of Terrorism.

Council of Europe, Convention on Laundering, Search, Seizure and Confiscation of the Proceeds from Crime

DCAF 2015, International Standards of Financial Oversight in the Security Sector. Toolkit- Legislating for the Security Sector.

European Partners against Corruption, European Contact Point Network against Corruption (2011), Anti-Corruption Authority Standards.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices

OECD, UNODC, The World Bank, (2013), Anti-corruption ethics and compliance Handbook for Business. 

OECD (2010), Good Practice Guidance on Internal Controls, Ethics and Compliance

OECD (2208) OECD GlossariesCorruption: A Glossary of International Standards in Criminal Law.

UN Office on Drugs and Crime, United Nations Convention Against Corruption

 

[1] წყარო: UN Office on Drugs and Crime, United Nations Convention against Corruption Convention: Highlights.

[2] წყარო: UNODC, United Nations Convention against Transnational Organized Crime and the Protocols Thereto. 

[3] The Montreux Document. 

[4] Council of Europe, Details of Treaty No 173.

[5] წყარო: Transparency International Archive http://archive.transparency.org/global_priorities/international_conventions/conventions_instruments/coe_civil_law  კონვენციის ტექსტი იხილეთ: http://www.coe.int/en/web/conventions/full-list/-/conventions/treaty/174

[6] წყარო: Council of Europe, Details of Treaty No 141: Convention on Laundering, Search, Seizure and Confiscation of the Proceeds from Crime. 

[7] წყარო: OSCE Polis. რეზოლუციის სრული ტექსტი იხილეთ: https://wcd.coe.int/ViewDoc.jsp?id=593789

[8] Council of Europe Recommendation Rec (2000)2 of the Committee of Ministers to Member states on access to official documents.

[9] წყარო: Council of Europe, Details of Treaty No 205. Council of Europe Convention on Access to Official Documents. 

[10] წყარო: OECD, International Conventions: http://www.oecd.org/cleangovbiz/internationalconventions.htm#europe სრული ტექსტი იხილეთ: http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=URISERV:l33027

[11] წყარო: OECD, International Conventions: http://www.oecd.org/cleangovbiz/internationalconventions.htm#europe სრული ტექსტი იხილეთ: http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX:31995F1127(03)

[12] წყარო: OECD, International Conventions: http://www.oecd.org/cleangovbiz/internationalconventions.htm#europe სრული ტექსტი იხილეთ:

[13] წყარო: Swiss Armed Forces- OSCE, 20 Years of OSCE Code of Conduct on Politico-Military Aspects of Security. 2014. იხილეთ: http://www.osce.org/cio/128961

[14] წყარო: OECD, http://www.oecd.org/corruption/oecdantibriberyconvention.htm

[15] OECD, UNODC, World Bank. 2013, Anti-Corruption Ethics and Compliance Handbook for Business. 

[16] წყარო: OSCE Best Practices on Budget Transparency. 

[17] სრული ტექსტი იხილეთ: https://www.imf.org/external/np/pp/2007/eng/051507c.pdf

[18] წყარო: Organisation of American States: http://www.oas.org/juridico/english/corr_bg.htm კონვენციის სრული ტექსტი იხილეთ: https://www.oas.org/juridico/english/treaties/b-58.html

[19] წყარო: Transparency International Archive. იხილეთ: http://archive.transparency.org/global_priorities/international_conventions/conventions_instruments/au_convention  Full text of the Convention can be found at: http://www.au.int/en/sites/default/files/AFRICAN_UNION_CONVENTION_PREVENTING_COMBATING_CORRUPTION.pdf

[20] წყარო: INTOSAI, at: http://www.intosai.org/about-us/issai.html

[21] წყარო: INTOSAI, სახელმძღვანელოს სრული ტექსტი იხილეთ: http://www.intosai.org/issai-executive-summaries/view/article/intosai-gov-9100-guidelines-for-internal-control-standards-for-the-public-sector.html

[22] INTOSAI, იხილეთ აქ: http://www.intosai.org/issai-executive-summaries/view/article/issai-30-code-of-ethics.html

[23] Building Integrity and Reducing Corruption in Defence: a Compendium of Best Practices, p. 77-78.

[24] Building Integrity and Reducing Corruption in Defence: a Compendium of Best Practices, p. 85. იხილეთ აგრეთვე: Note 2o. Anti-Corruption/ Integrity Pacts.

[25] US Federal Acquisition Regulation is available at: https://www.acquisition.gov/?q=browsefar

[26] The UK Bribery Act of 2010 is available at: http://www.legislation.gov.uk/ukpga/2010/23/contents

[27] ინფორმაცია ავსტრალიის ანტიკორუფციული პოლიტიკის და საერთაშორისო მექრთამეობასთან ბრძოლის შესახებ იხილეთ: http://www.ag.gov.au/CrimeAndCorruption/Foreignbribery/Pages/default.aspx

[28] წყარო: DCAF (2015), Toolkit- Legislating for the Security Sector: International Standards of Financial Oversight in the Security Sector.

[29] OECD (2008), OECD Glossaries: Corruption: A Glossary of International Standards in Criminal Law.


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk