არ არსებობს საერთაშორისო ორგანიზაციის ერთი და ცალსახა განმარტება. საერთაშორისო ორგანიზაციები მოიცავს როგორც სამთავრობო, ისე არასამთავრობო საერთაშორისო ორგანიზაციებს. OECD-ის სტატისტიკური ტერმინების ლექსიკონში საერთაშორისო ორგანიზაცია განსაზღვრულია როგორც “სუბიექტი, რომელიც შექმნილია მისი წევრების ფორმალური პოლიტიკური შეთანხმებით, რომელსაც აქვს საერთაშორისო პაქტის სტატუსი; მათ შექმნას ცნობს წევრი ქვეყნების კანონმდებლობა, თუმცა ისინი არ ითვლებიან იმ ქვეყნების ინსტიტუტებად, საიდანაც ისინი ფუნქციონირებენ“.

საერთაშორისო ორგანიზაციები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უსაფრთხოების სექტორის მართვასა და რეფორმაში. ეს ორგანიზაციები უზრუნველყოფენ ექსპერტიზას და რჩევებს, ცოდნის ამაღლებას უსაფრთხოების საკითხებზე; ტრენინგებს ფინანსური შესაძლებლობების გაძლიერების საკითხებზე; პროგრამებს და პროექტებს ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიცაა ტექნიკური უნარების ამაღლება, უსაფრთხოების სექტორის მართვა, ზედამხედველობა, კეთილსინდისიერების განმტკიცება. საერთაშორისო ორგანიზაციები გადამწყვეტ როლს ასრულებენ ნორმების და სტანდარტების დადგენაში, ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფაში და კანონის უზენაესობის მხარდაჭერაში. ეს ორგანიზაციები წარმოადგენენ საკომუნიკაციო არხს მთავრობებს და საზოგადოებებს შორის, ერებს შორის, და სხვა საერთაშორისო სუბიექტებს შორის, რომლებიც ჩართული არიან უსაფრთხოების სექტორის მართვასა და რეფორმაში.

საერთაშორისო ორგანიზაციები გააქტიურდნენ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სფეროში 90-იან წლებში, როდესაც აშკარა გახდა, რომ განვითარებაზე მიმართული ძალისხმევა, განსაკუთრებით კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ კონტექსტში, არ შეიძლებოდა წარმატებული ყოფილიყო დაბალი უსაფრთხოების გარემოში. უსაფრთხოების მართვა ამ პერიოდიდან გახდა ინსტიტუციური მშენებელობის, მმართველობის, განვითარების და რეკონსტრუქციის პროექტების განუყოფელი ნაწილი. ამასთან, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული ზედამხედველობა აუცილებელი პირობა გახდა ისეთ ინსტიტუტებთან პარტნიორობისა და წევრობისთვის, როგორიცაა ნატო და ევროსაბჭო.

ამ წლებიდან მოყოლებული, საერთაშორისო ორგანიზაციები აქტიურად არიან ჩართული უსაფრთხოების რეფორმასთან დაკავშირებულ საქმიანობასა და პროექტებში, განსაკუთრებით, კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ ქვეყნებში, სადაც ორგანიზაციებს შორის არსებობს კონკურენცია დონორების და რესურსების მოსაპოვებლად. ფოლკე ბერნადოტის აკადემიის მიერ ამ ბოლო ხანებში ჩატარებული გრაფიკული კვლევა ასახავს ამგვარ დილემას უკრაინაში.[1]  უკრაინის მაგალითს მივყავართ მნიშვნელოვან დასკვნამდე, რომ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სფეროში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და სხვა უწყებებს შორის თანამშრომლობას და კოორდინაციას უმნიშვნელოვანესი როლი აქვს უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების განმტკიცების და ეფექტიანი დემოკრატიული მართვის დანერგვისთვის.

 

  • გაერო

გაერო საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა 1945 წელს და რომელიც ამჟამად აერთიანებს 193 წევრ სახელმწიფოს. გაეროს მისია და საქმიანობა ეფუძნება მიზნებს და პრინციპებს, რომლებიც განცხადებულია მის დამფუძნებელ წესდებაში.[2]  გაეროს მთავარი ორგანოებია გენერალური ასამბლეა, უშიშროების საბჭო, ეკონომიკური და სოციალური საბჭო, მეურვეობის საბჭო, ადამიანის უფლებათა (ჰააგის) საერთაშორისო სასამართლო, და გაეროს სამდივნო. გაეროს სისტემაში შედის თვით გაერო და მრავალი აფილირებული პროგრამა, ფონდი და სპეციალიზებული სააგენტო, რომელთაც თავისი წევრები, ხელმძღვანელობა და ბიუჯეტი აქვთ. ეს პროგრამები და ფონდები დაფინანსებულია ნებაყოფლობითი კონტრიბუციების საფუძველზე. სპეციალიზებული სააგენტოები დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციებია, რომლებიც ფინანსდება როგორც ნებაყოფლობითი შენატანებით, ისე გამოყოფილი სახსრებით.

გაეროს ძირითადი მისიაა საერთაშორისო მშვიდობის და უსაფრთხოების შენარჩუნება. ამ მიზნით გაერო მუშაობს შემდეგი მიმართულებებით: კონფლიქტის პრევენცია, კონფლიქტის მონაწილე მხარეების დახმარება მშვიდობის მიღწევაში, მშვიდობის მშენებლობა და მშვიდობის განმტკიცების და შენარჩუნებისთვის ხელშემწყობი პირობების შექმნა. გაერო ასევე ხელს უწყობს მდგრად განვითარებას, ადამიანის უფლებების დაცვას, საერთაშორისო კანონმდებლობის განვითარებას და დაცვას. და ბოლოს, გაერო კოორდინირებას უწევს ჰუმანიტარულ დახმარებას მსოფლიოში.

აერო და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა?

როგორც ეს აღწერილია კვლევაში ‘საერთაშორისო ორგანიზაციები და მათი როლი უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში’, გაერო ყოველთვის ჩართული იყო როგორც უსაფრთხოების, ისე განვითარების საქმიანობაში, მაგრამ მხოლოდ ბოლო ხანებში მოხდა ამ ორი სფეროს დაკავშირება. განვითარების სფეროში მთავარი აქტორია გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), რომელსაც აქვს უსაფრთხოების სექტორთან დაკავშირებული პროგრამები განვითარებად და ტრადიციულ ქვეყნებში ისეთ სფეროებში, როგორიცაა კრიზისის პრევენცია და კრიზისიდან გამოსვლა, დემოკრატიული მმართველობა, და სიღარიბის დაძლევა. უსაფრთხოების სექტორში მთავარი აქტორია გაეროს მშვიდობისმყოფელების და ოპერაციების დეპარტამენტი (UNDPKO), რომელიც წამყვან როლს ასრულებს მშვიდობისმყოფელების და მშვიდობის დაცვის ოეპრაციებში. UNDPKO ქვეყნებში საქმიანობას იწყებს მხოლოდ კონფლიქტურ და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში, ხოლო UNDP წლების განმავლობაში ახორციელებს თავის პროგრამებს მრავალ ქვეყანაში როგორც კონფლიქტამდე, ისე კონფლიქტის შემდგომ.

UNDP-ში უსაფრთხოების სექტორის მიმართ ერთიანი მიდგომის შენარჩუნების მიზნით, ერთად მუშაობენ კრიზისის პრევენციის ბიუროში მოქმედი კანონის უზენაესობის, სამართლის და უსაფრთხოების ჯგუფი და დემოკრატიული მმართველობის ჯგუფში მოქმედი სამართლის და კანონის უზენაესობის ხელმისაწვდომობის გუნდი.[3]

UNDPKO-ს საქმიანობის მიზანია ეფექტიანი, ქმედითი, ხელმისაწვდომი და ანგარიშვალდებული უსაფრთხოების ინტიტუტების შექმნა. უსაფრთხოების სექტორის რეფორმის გუნდი DPKO-ში გაეროს სისტემის და ეროვნული და საერთაშორისო პარტნიორებისთვის მთავარი მეკავშირე და ტექნიკური რესურსია უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე. კონკრეტულად, ეს გუნდი ეხმარება საერთაშორისო ოფისებს, რომელთა რაოდენობაც სწრაფად იზრდება და რომლებიც ჩართული არიან ეროვნულ და რეგიონულ დონეზე უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში.

გუნდი ასევე ამზადებს სამდივნოსთვის სააგენტთაშორის სამუშაო ჯგუფს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე, რომლის თანათავმჯდომარეები არიან DPKO და გაეროს განვითარების სააგენტო. ეს სამუშაო ჯგუფი, რომელიც მთელ სისტემაში მოქმედებს, უზრუნველყოფს ყოვლისმომცველ და კარგად ჩამოყალიბებულ მიდგომას უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში იმ მიზნით, რომ გაზარდოს გაეროს შესაძლებლობები უფრო ეფექტიანი და ქმედითი მხარდაჭერა გაუწიოს ეროვნულ ძალისხმევას უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მიმართულებით.[4]

უსაფრთხოების სექტორის რეფორმაზე მომუშავე სააგენტთაშორისი სამუშაო ჯგუფი (IASSRTF) თავიდან, 2007 წელს, აერთიანებდა გაეროს შვიდ სააგენტოს. ეს იყო: პოლიტიკურ საქმეთა დეპარტამენტი, სამშვიდობო ოპერაციების დეპარტამენტი, ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარიატიმშვიდობის მშენებლობის მხარდაჭერის ოფისიგაეროს განვითარების პროგრამაქალების მხარდაჭერის ფონდი (ახლა გაეროს ქალთა ორგანიზაციის ნაწილი) და გაეროს ოფისი ნარკოტიკების და დანაშაულის საკითხებზე. დღეისთვის, IASSRTF-ის წევრების რაოდენობა გაიზარდა 14-მდე, საიდანაც შვიდი ახალ წევრია: გაეროს განიარაღების ოფისიგაეროს პროექტების მომსახურების ოფისიაფრიკის საკითხებზე სპეციალური მრჩევლის ოფისი, კონფლიქტის დროს სექსუალური ძალადობის საკითხებზე გაეროს სპეციალური წარმომადგენლის ოფისი, გაეროს ბავშვთა ფონდიგაეროს ტრენინგის და კვლევის ინსტიტუტი და გაეროს მოსახლეობის ფონდი.[5]

გაეროს საქმიანობა უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებით მოიცავს ეროვნული ხელისუფლების მხარდაჭერას შემდეგნაირად:

  • ეროვნულ დონეზე უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერა
  • უსაფრთხოების ეროვნული პოლიტიკის, სტრატეგიის და გეგმების შემუშავება
  • ზედამხედველობის, მართვის და კოორდინაციის უნარ-ჩვევების გაძლიერება
  • უსაფრთხოების სექტორის კანონმდებლობის ჩამოყალიბება
  • უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებული პროექტებისთვის რესურსების მობილიზაცია
  • უსაფრთხოების სექტორის რეფორმისთვის საერთაშორისო დახმარების ჰარმონიზაცია
  • სწავლება, ტრენინგები და ინსტიტუციური განვითარება
  • პროგრამების და მიღწეული შედეგების მონიტორინგი და შეფასება
  • თავდაცვის სექტორის რეფორმის გატარება

ძირითადი დოკუმენტებია:

 

  • ევროკავშირი

ევროკავშირის ოფიციალური ვებსაიტის მიხედვით, ევროკავშირი 28 ევროპული ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური კავშირია.[6] ევროკავშირი შეიქმნა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ეკონომიკურ თანამშრომლობას და, ამ გზით, დაეხმაროს კონფლიქტების თავიდან აცილებას. ევროპის ეკონომიკური ერთიანობა (EEC) შეიქმნა 1958 წელს და თავდაპირველად მოიცავდა ექვს ქვეყანას – ბელგიას, გერმანიას, საფრანგეთს, იტალიას, ლუქსემბურგს და ნიდერლანდებს. 1993 წელს, როდესაც კავშირი პოლიტიკურ კავშირად გარდაიქმნა, მას შეეცვალა სახელი და დაერქვა ევროკავშირი, ევროკავშირი ეფუძნება კანონის უზენაესობას და არა მხოლოდ – ადამიანის ღირსება, თავისუფლება, დემოკრატია, თანასწორობა, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებების პატივისცემა ევროკავშირის ფუნდამენტური ღირებულებებია. ევროკავშირის ძირითადი სადამფუძნებლო დოკუმენტია ლისაბონის 2009 წლის ხელშეკრულება.[7]

ევროკავშირი და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

ევროკავშირი ჩართულია უსაფრთხოების სექტორის მთელ რიგ სფეროებში. ეს მოიცავს პოლიციურ და სამხედრო ოპერაციებს, კანონის უზენაესობის განმტკიცებას, სასამართლო და სასჯელაღსრულების სისტემების გაუმჯობესებას. თავდაპირველად, ეს აქტივობები არ უკავშირდებოდა უსაფრთხოების სექტორის რეფორმის კონკრეტულ პოლიტიკას. 2003 წელს ევროკავშირმა მიიღო პირველი ევროპული უსაფრთხოების სტრატეგია.[8]  2005 წელს ევროპის საბჭომ მიიღო კონცეფცია ევროპის უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის მიერ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერის შესახებ.[9] 2006 წელს ევროკომისიამ მიიღო კონცეფცია ევროპული თანამეგობრობის მიერ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერის შესახებ.[10] ეს დოკუმენტები გამოხატავს ევროკავშირის კონცეპტუალურ დამოკიდებულებას უსაფრთხოების სექტორის რეფორმისადმი. 2016 წელს ევროკომისიამ გამოაქვეყნა ერთობლივი მიმართვა ევროპარლამენტის და საბჭოსადმი – ევროკავშირის უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერის სტრატეგიული ჩარჩოს ელემენტები.[11]

ევროკავშირი უსაფრთხოების სექტორის რეფორმის აქტივობებს ატარებს სამ ერთმანეთთან დაკავშირებულ დონეზე: თანამეგობრობის დონეზე, წევრი-ქვეყნების დონეზე და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით. პირველ დონეზე საქმიანობას ძირითადად ახორციელეს საბჭო და კომისია. კომისიის საქმიანობა ძირითადად სამოქალაქო ხასიათისაა, ხოლო საბჭო ახორციელებს სამოქალაქო, სამხედრო და შერეულ საქმიანობას. წევრი ქვეყნების დონეზე, ევროკავშირის წევრი ქვეყნები ზემოქმედებენ ევროკავშირის დღის წესრიგზე და პოლიტიკაზე უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სფეროში და ახორციელებენ თავიანთ საქმიანობას მესამე ქვეყნებში. ევროკავშირი, როგორც ორგანიზაცია, ფართოდ არის წარმოდგენილი უსაფრთხოების სექტორის რეფორმის არენაზე, რომელსაც ქმნიან საერთაშორისო ორგანიზაციები. ამასთან, წევრი ქვეყნები მონაწილეობენ წევრობის საფუძველზე ან თავიანთი ინიციატივით უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან დაკავშირებულ მრავალ ინციატივაში, რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციებთან თაანამშრომლობით ხორციელდება. ასე რომ, ევროკავშირი და მისი წევრი ქვეყნები აფინანსებენ, მასპინძლობენ და ორგანიზებას უწევენ უსაფრთხოების სექტორის რეფორმის პროექტების, საქმიანობის და პარტნიორობის ფართო სპექტრს.

ევროკავშირმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეუთოს, ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაციის, გაეროს, ნატოს და ევროპის საბჭოს მიერ გაწეულ ძალისხმევაში შეექმნათ უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობის ნორმები და საუკეთესო პრაქტიკა. ამ ძალისხმევის მნიშვნელოვანი მაგალითია პოლიტიკურ და სამხედრო საკითხებზე ეუთოს კოდექსის მიღება 1994 წელს.

 

  • ევროპის საბჭო

ევროპის საბჭო (CoE) საერთაშორისო ორგანიზაციაა რომელიც სტრასბრუგში მდებარეობს. ევროპის საბჭო აერთიანებს 47 ევროპულ ქვეყანას და ის შეიქმნა 1948 წელს ევროპაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და კანონის უზენაესობის მხარდასაჭერად.[12]

თავდაპირველად, ევროპის საბჭოს საქმიანობის ძირითადი ფოკუსი იყო ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა, მთავრობის ანგარიშვალდებულება და მმართველობის სხვა საკითხები. მოგვიანებით, ამ თემების ფარგლებში აქცენტი თანდათანობით გადავიდა დემოკრატიული უსაფრთხოების მმართველობაზე, რადგან ისინი თავისთავად უკავშირდება უსაფრთხოებას და ანგარიშვალდებულებას. ამასთან, 1990-იან წლებში საერთაშორისო არენაზე მიმდინარე ცვლილებებმა გამოიწვია თემატური გადახრა უსაფრთხოების სექტორის საკითხებისკენ.

ევროპის საბჭო და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

ვეროპის საბჭოს საქმიანობა უსაფრთხოების მმართველობის საკითხებში მოიცავს სხვადასხვა საკითხებს, როგორიცაა უნარ-ჩვევების გაძლიერება, გამოძიებები და სასამართლო პროცედურები, და საკონსულტაციო და სატრენინგო ამოცანები. ევროკავშირის წევრობის მოსამზადებელი პროგრამების ფარგლებში ევროპის საბჭო აძლიერებს ასპირანტი ქვეყნების შესაძლებლობებს ანგარიშვალდებულების, ადამიანის უფლებების დაცვის და კანონის უზენაესობის საკითხებზე. საბჭო ატარებს გამოძიებებს საკითხებზე, როგორიცაა საიდუმლო დაკავებები, ასევე ასრულებს პოლიტიკის შექმნის საკითხებზე საკონსულტაციო როლს და ორგანიზებას უწევს ტრენინგებს უსაფრთხოების სექტორის პერსონალისთვის. ევროპის საბჭოს საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილია უსაფრთხოების სექტორისთვის სტანდარტების შემოღება. ამასთან, საბჭო უზრუნველყოფს წევრი ქვეყნების ანგარიშვალდებულებას უსაფრთხოების სექტორის პრაქტიკაში და ასრულებს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულების კუთხით, თუ საქმე ეხება ადამიანის უფლებების დარღვევებს.

ევროპის საბჭოს ძირითადი დოკუმენტები უსაფრთხოების სექტორის რეფორმაზე:

 

  • ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო

ევროპის საბჭოს განსაზღვრებით, ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო საერთაშორისო სასამართლოა, რომელიც განიხილავს პირების ან სახელმწიფოების მიერ წარდგენილ მიმართვებს იმ სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დარღვევების შესახებ, რომლებიც ჩამოყალიბებულია ადამიანის უფლებების ევროპულ კონვენციაში. სასამართლო შეიქმნა 1959 წელს.[13]

ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია საერთაშორისო ხელშეკრულებაა, რომლის თანახმად, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები იღებენ ვალდებულებას უზრუნველყონ ფუნდამენტური სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები არა მხოლოდ თავიანთი მოქალაქეებისთვის, არამედ ყველასთვის, ვინც საბჭოს იურისდიქციაში შედის. კონვენციას ხელი მოეწერა 1950 წლის 4 ნოემბერს რომში და ძალაში შევიდა 1953 წელს.[14]

კონვენციის გამარტივებული ვერსიის, და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მომზადებული პროტოკოლების თანახმად, ადამიანის უფლებათა ევროკავშირის კონვენცია განამტკიცებს ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის შემდეგ

უფლებებს:[15]

მუხლი 1 ‐ ადამიანის უფლებების პატივისცემის ვალდებულება

მუხლი 2 ‐ სიცოცხლის უფლება

მუხლი 3 ‐ წამების აკრძალვა

მუხლი 4 ‐ მონობის და იძულებითი შრომის აკრძალვა

მუხლი 5 ‐ თავისუფლების და უსაფრთხოების უფლება

მუხლი 6 ‐ სამართლიანი სასამართლოს უფლება

მუხლი 7 ‐ კანონგარეშე დასჯის აკრძალვა

მუხლი 8 ‐ კერძო და ოჯახური ცხოვრების უფლება

მუხლი 9 ‐ აზრის, სინდისის და რელიგიის თავისუფლება

მუხლი 10 ‐ გამოხატვის თავისუფლება

მუხლი 11 ‐ შეკრებების და გაერთიანებების თავისუფლება

მუხლი 12 ‐ ქორწინების უფლება

მუხლი 13 ‐ ეფექტიანი სასამართლო განჩინების უფლება

მუხლი 14 ‐ დისკრიმინაციის აკრძალვა

მუხლი 15 ‐ დეროგაცია გადაუდებელი სიტუაციის დროს

მუხლი 16 ‐ უცხოელების პოლიტიკური საქმიანობის შეზღუდვა

მუხლი 17 ‐ უფლებების დარღვევების აკრძალვა

მუხლი 18 ‐ უფლებების შეზღუდვის გამოყენების ლიმიტირება

მუხლი 19-დან 51-მდე – განმარტება, როგორ მუშაობს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო

მუხლი 34 ‐ კონვენციაში გაწერილი უფლებების დარღვევის შეთხვევაში, წევრ ქვეყნებში თავდაპირველად უნდა მიმართოთ ყველა კომპეტენტურ ეროვნულ უწყებას. წარუმატებლობის შემთხვევაში, შეგიძლიათ მიმართოთ ადამიანის უფლებების ევროპულ სასამართლოს სტრასბურგში

მუხლი 52 ‐ ევროსაბჭოს გენერალური მდივნის მოთხოვნით, მთავრობამ უნდა განმარტოს, როგორ იცავს ეროვნული კანონმდებლობა კონვენციაში გაწერილ უფლებებს

კონვენციის პროტოკოლები

პროტოკოლი 1, მუხლი 1‐ საკუთრების დაცვა

პროტოკოლი 1, მუხლი 2 ‐ განათლების უფლება

პროტოკოლი 1, მუხლი 3 ‐ თავისუფალი არჩევნების უფლება

პროტოკოლი 4, მუხლი 2 ‐ გადაადგილების უფლება

პროტოკოლი 6, მუხლი 1 ‐ სიკვდილით დასჯის გაუქმება

პროტოკოლი 7, მუხლი 2 ‐ სისხლის სამართლის საქმეებში გასაჩივრების უფლება

პროტოკოლი 7, მუხლი 3 ‐ არასწორი სასჯელის კომპენსაცია

პროტოკოლი 12, მუხლი 1 – დისკრიმინაციის ზოგადი აკრძალვა

რას აკეთებს ევროპული სასამართლო უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მმართველობის კუთხით?

უსაფრთხოების სექტორის მმართველობაში ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლოს ძირითადი როლია უსაფრთხოების სექტორის პერსონალის მიერ ადამიანის უფლებების დარღვევაზე სამართლიანი გადაწყვეტილების უზრუნველყოფა ისეთ შემთხვევებში, როდესაც ეროვნული სასამართლო არ ჩაერია ან არ მოინდომა ჩარევა, ან ისეთ შემთხვევებში, როდესაც მათი გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობები ამოიწურა.[16]

სასამართლოს გამოცემის ფაქტები და ციფრები თანახმად, 2015 წელს სასამართლოს მიერ განხილული დარღვევების მეოთხედი შეეხებოდა მე-6 მუხლს (სამართლიანი სასამართლო მოსმენის უფლება).[17] მათი თითქმის 23% შეეხებოდა წამების და არაადამიანური და სხვა ღირსების შემლახავი მოპყრობის მუხლს (მე-3-ე მუხლი) და 15% შეეხებოდა თავისუფლების და უსაფრთხოების უფლებას (მე-5-ე მუხლი). საერთო ჯამში, დარღვევების 30% წარმოადგენდა კონვენციის სერიოზულ დარღვევებს (რომლებიც შეეხებოდა სიცოცხლის უფლებას ან წამებას და არაადამიანურ და ღირსების შემლახავ მოპყრობას).

 

  • ეკონომიკური თანამშრომლობის და განვითარების ორგანიზაცია (OECD)

2005 წელს OECD DAC-ის ინსტრუქციების შემუშავების კვალდაკვალ შეიქმნა OECD-ის სახელმძღავნელო – რჩევები უსაფრთხოების სისტემის რეფორმის საკითხებზე: უსაფრთხოების და სამართლის მხარდაჭერა[18], რომელმაც გააერთიანა პოლიტიკა და პრაქტიკა უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებში დონორების მიდგომაში.

ეს სახელმძღვანელო ძირითადად მიყვება გარე დახმარების პროგრამების ციკლს და შეიცავს მნიშვნელოვან ინსტრუმენტებს უსაფრთხოების და სამართლის საკითხებზე დიალოგის ხელშეწყობის და ისეთი უსაფრთხოების სისტემის რეფორმის პროცესის მხარდაჭერისთვის, რომელიც ეფუძნება წინასწარი შეფასების, შემუშავების და განხორციელების ეტაპებს.

სახელმძღვანელო ასევე წარმოადგენს ახალ რჩევებს უსაფრთხოების სისტემის რეფორმის პროგრამების მონიტორინგის, გადახედვის და შეფასების საკითხებზე და იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გაუმჯობესდეს რეფორმაში ჩართული სხვადასხვა მონაწილეების და უწყებების ურთიერთქმედება.

 

  • ეუთო

 ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაცია (ეუთო) სამთავრობოთაშორისი ორგანიზაციაა, რომელიც 57 წევრი ქვეყნისგან შედგება.[19] ეუთოს საინფორმაციო ბროშურის თანახმად, ეუთო წარმოადგენს ფორუმს პოლიტიკური დიალოგისთვის უსაფრთხოების მთელ რიგ საკითხებზე და პლატფორმას ინდივიდების და საზოგადოებების ცხოვრების გასაუმჯობესებლად ერთობლივი ქმედებისთვის.[20] ეუთოს მიდგომა უსაფრთხოების საკითხში მოიცავს პოლიტიკურ-სამხედრო, ეკონომიკურ, გარემოსდაცვით და ადამიანურ განზომილებებს. ეუთო ხელს უწყობს განსხვავებული პოზიციების შერიგებას და ნდობის აღდგენას სახელმწიფოებს შორის მათთან თანამშრომლობით კონფლიქტის პრევენციის, კრიზისის მართვის და პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის საკითხებში. ეუთოს საქმიანობა მოიცავს შემდეგ სფეროებს: შეიარაღების კონტროლი, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა, კარგი მმართველობა, ენერგოუსაფრთხოება, ადამიანებით ვაჭრობის აღმოფხვრა, დემოკრატიზაცია, მედიის თავისუფლება და ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული საკითხები.

ეუთო და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

ეუთო ამჟამად ჩართულია უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სხვადასხვა ასპექტებთან დაკავშირებულ საქმიანობაში. ეუთოს ქცევის კოდექსმა პოლიტიკურ-სამხედრო საკითხებზე საფუძველი ჩაუყარა უსაფრთხოების სექტორის კარგი მმართველობის დამკვიდრების დღის წესრიგს.[21] უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში ეუთოს მზარდი ინტერესის და ჩართულობის შედეგად შეიქმნა უსაფრთხოების სექტორის მართვის და რეფორმის სახელმძღვანელო ეუთოს თანამშრომლებისთვის. [22]

1994 წელს მიღებული კოდექსი პოლიტიკურად სავალდებულო ინსტრუმენტი იყო და დღემდე რჩება ეუთოს მთავარ განაცხადად უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხებზე. კოდექსი მოუწოდებს, რომ დემოკრატიული კონტროლი დაწესდეს არა მხოლოდ სამხედრო ძალებზე, არამედ უსაფრთხოების სხვა ძალებზეც, მათ შორის, გასამხედროებულ ძალებზე, პოლიციაზე და უსაფრთხოების სამსახურებზე. ამ გზით, უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული კონტროლი სტაბილურობის და უსაფრთხოების ძირითად შემადგენელ ელემენტად ცხადდება.

 

  • მსოფლიო ბანკი

მსოფლიო ბანკის შემადგენლობაში შედის რეკონსტრუქციის და განვითარების საერთაშორისო ბანკი და განვითარების საერთაშორისო ასოციაცია.[23] ორივე ორგანიზაცია მსოფლიო ბანკის ჯგუფის წევრია, რომელიც ხუთ ორგანიზაციას აერთიანებს. ესენია:

ბანკი სესხს აძლევს საშუალო შემოსავლების ქვეყნებს და იმ დაბალშემოსავლიან ქვეყნებს, რომლებსაც კარგი საკრედიტო ისტორია აქვთ.

ასოციაცია გასცემს უპროცენტო სესხებს და გრანტებს ყველაზე ღარიბი ქვეყნებისთვის.

კორპორაცია გლობალურ განვითარებაზე ორიენტირებული ინსტიტუტია, რომელიც მხოლოდ კერძო სექტორთან მუშაობს.

სააგენტო შეიქმნა 1988 წელს განვითარებად ქვეყნებში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების ხელშეწყობის მიზნით და ინვესტორებს სთავაზობს პოლიტიკური რისკის მიმართ გარანტიებს.

ცენტრი უზრუნველყოფს რესურსებს საინვესტიციო დავების არბიტრაციის და მორიგების პროცესებისთვის.

მსოფლიო ბანკის ჯგუფი შეიქმნა 1944 წელს და მას აქვს დამკვირვებლის სტატუსი OECD განვითარების დახმარების კომიტეტში (DAC).[24] ჯგუფის მიზანია განვითარების ხელშეწყობა და სიღარიბის შემცირება. ამ მიზნით, მსოფლიო ბანკი განვითარებად ქვეყნებს სთავაზობს მცირეპროცენტიან სესხებს, უპროცენტო ან დაბალპროცენტიან კრედიტებს და გრანტებს. ბანკის პროექტების ნაწილი თანადაფინანსებულია მთავრობების, მრავალმხრივი საერთაშორისო ინსტიტუტების, კომერციული ბანკების მიერ და ორმხრივ ან მრავალმხრივ დონორებთან პარტნიორობით. მსოფლიო ბანკი ასევე სთავაზობს განვითარებად ქვეყნებს რეკომენდაციებს პოლიტიკის საკითხებში, კვლევებს, ანალიზს და ტექნიკურ დახმარებას.

მსოფლიო ბანკი და უსაფრთხოების სექტორის მართვა და რეფორმა

მსოფლიო ბანკი თავდაპირველად ნაკლებად იყო ჩართული უსაფრთხოების სექტორში. მსოფლიო ბანკის მიდგომა სიღარიბის დაძლევაში და განვითარების ხელშეწყობაში არ მოიცავდა უსაფრთხოების საკითხებს 90-იან წლებამდე. ამასთან, მსოფლიო ბანკის მანდატი არ აიძლეოდა ბანკის უსაფრთხოების საკითხებში ჩართვის შესაძლებლობას. მშვიდობის შენების და რეკონსტრუქციისკენ მიმართულმა ძალისხმევამ კონფლიქტით დაზარალებულ ქვეყნებში მოგვიანებით წარმოაჩინა უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მართვის მნიშვნელობა, როგორც განვითარების წინაპირობა. შესაბამისად, მსოფლიო ბანკი სულ უფრო მეტად ჩაერთო უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მხარდაჭერაში განვითარებად და პოსტკონფლიქტურ ქვეყნებში. ამჟამად მსოფლიო ბანკის ჯგუფი ძირითადად მუშაობს უსაფრთხოების სექტორის მართვასა და რეფორმასთან დაკავშირებულ შემდეგ თემატურ სფეროებში:

  • სამხედრო ხარჯები და შესყიდვები
  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა
  • სასამართლო რეფორმა
  • განიარაღება, დემობილიზაცია და რეინტეგრაცია
  • გამჭვირვალობა
  • ანგარიშვალდებულება
  • ზედამხედველობა
  • გადაუდებელ სიტუაციებში რეაგირების პოლიტიკა

 

  • საერთაშორისო გამჭვირვალობა

საერთაშორისო გამჭვირვალობა (TI) დამოუკიდებელი საერთაშორისო ორგანიზაციაა, რომელიც შეიქმნა 1993 წელს კორუფციასთან ბრძოლის მიზნით.[25] ორგანიზაციის მისიაა “შეაჩეროს კორუფცია და მხარი დაუჭიროს გამჭვირვალობას, ანგარიშვალდებულებას და კეთილსინდისიერებას ყველა დონეზე და საზოგადოების ყველა სექტორში“. ორგანიზაციის ფუნდამენტური ღირებულებებია „გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება, კეთილსინდისიერება, სოლიდარობა, გამბედაობა, სამართალი და დემოკრატია“. ორგანიზაცია 100-ზე მეტ ქვეყანაშია წარმოდგენილი. ორგანიზაციის საერთაშორისო სამდივნო, რომელიც ბერლინში მდებარეობს, მუშაობს მთავრობებთან, ბიზნესებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან კორუფციის საკითხებზე.[26] საერთაშორისო გამჭვირვალობა, თავისი ფუნდამენტური პრინციპების და მისიის თანახმად, აქვეყნებს ინფორმაციას საკუთარი რესურსების, დაფინანსების და ხარჯების შესახებ.[27]

1993 წლიდან საერთაშორისო გამჭვირვალობის მიღწევებმა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მსოფლიო დღის წესრიგში დააყენა და ხელი შეუწყო გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების მნიშვნელოვნების ზრდას. ორგანიზაციის მიერ ჩატარებულმა საქმიანობამ  შედეგად მოიტანა ორგანიზაციების და ინდივიდების გაჩენა, რომლებიც მხარს უჭერენ კორუფციისგან თავისუფალ მთავრობებს და ბიზნესებს. ასევე, მისი საქმიანობის შედეგად შეიქმნა უამრავი საგანმანათლებლო პროდუქტი, ინსტრუმენტი და რესურსი, რომელიც უმნიშვნელოვანეს წყაროს წარმოადგენს კორუფციის საკითხზე ნებისმიერი დაინტერესებული სუბიექტისთვის.

ორგანიზაციის დიდი დამსახურებაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალურ დღის წესრიგში დაყენება და გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულების და კეთილსინდისიერების მნიშვნელობის შესახებ ცნობიერების ამაღლება. ორგანიზაციის საქმიანობის შედეგად შეიქმნა ორგანიზაციების და ინდივიდების კოალიცია, რომელიც მხარს უჭერს კორუფციისგან თავისუფალ მთავრობებს და ბიზნესებს. მისი საქმიანობის შედეგად შეიქმნა ასევე მნიშვნელოვანი ინსტრუმენტები და რესურსები.

საერთაშორისო გამჭვირვალობა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

საერთაშორისო გამჭვირვალობა ჩართულია უსაფრთხოების სექტორის მმართველობაში და რეფორმაში სხვადასხვა გზით. ესენია: კვლევა, ტრენინგები, პოლიტიკის შემუშავების საკითხებში რჩევები და ანალიზი, სტანდარტების დადგენა და უნარ-ჩვევების განვითარებაზე მიმართული საქმიანობა. ‘თავდაცვა და უსაფრთხოება’ ერთ-ერთია 18 თემიდან, რომლებზეც ორგანიზაცია მუშაობს.[30] საერთაშორისო გამჭვირვალობამ შეიმუშავა სახელმწიფო თავდაცვის ანტიკორუფციული ინდექსი, რომელიც აფასებს და რანჟირებას უკეთებს მთავრობებს და სამხედრო-სამრეწველო კომპანიებს 82 ქვეყანაში მათი კოდექსების და იმ პროცესების მიხედვით, რომლებიც დანერგილია დაწესებულებებში კორუფციის პრევენციის მიზნით.

2004 წლიდან საერთაშორისო გამჭვირვალობის თავდაცვის და უსაფრთხოების პროგრამა (TI-DSP) მხარს უჭერს თავდაცვის და უსაფრთხოების რეფორმას მსოფლიოს ქვეყნებში მათ მთავრობებთან მუშაობის გზით ისეთ საკითხებზე, როგორიცაა კორუფციის რისკების იდენტიფიცირება და კორუფციის პრევენციის მექანიზმების შემუშავება. ორგანიზაცია ასევე ეხმარება სამხედრო ინსტიტუტებს და თავდაცვის სამინისტროებს კორუფციის დაძლევაში პერსონალისთვის ტრენინგების, მრგვალი მაგიდების და კეთილსინდისიერების განმტკიცების კურსების ორგანიზებით. გამჭვირვალობა ასევე მუშაობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან პოლიტიკაზე ზეგავლენის მოხდენის მიზნით, მაგალითად, გაეროს იარაღით ვაჭრობის ხელშეკრულებასთან (ATT).

საერთაშორისო გამჭვირვალობა მუშაობს სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიებთან სამხედრო მრეწველობაში მაღალი ეთიკური სტანდარტების დანერგვის მიზნით. 2012 წლის ოქტომბერში ორგანიზაციამ გამოსცა სამხედრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანიების ანტიკორუფციული ინდექსი (CI), რომელშიც შეფასებულია მსოფლიოს 129 მსხვილ სამხედრო პროდუქციის მწარმოებელ კომპანიაში დანერგილი კორუფციის პრევენციის ზომები. პუბლიკაციაში ასევე მოცემულია რეკომენდაციები.[31]

საერთაშორისო გამჭვირვალობა თვლის, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭიროა შემდეგი გადამწყვეტი ზომების მიღება:

  • კორუფციის შესახებ ინფორმირებულობის ამაღლება და საკითხის ჩართვა საჯარო დისკუსიებში
  • კორუფციის რისკების შემცირება, რაც გულისხმობს ცვლილების მიღწევას ორგანიზაციაში მომუშავე ადამიანების ქცევაში
  • ცვლილების გამტარებელი ადამიანების ტრენინგი თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში და სამოქალაქო საზოგადოებაში
  • ანტიკორუფციული ძალისხმევის მონიტორინგი და შეფასება.

საერთაშორისო გამჭვირვალობის ძირითადი ინსტრუმენტები და რესურსები:

 

  • ნატო

ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაცია (ნატო) პოლიტიკური და სამხედრო კავშირია, რომელიც შეიქმნა 1949 წელს მისი წევრი ქვეყნების თავისუფლების და უსაფრთხოების დაცვის მიზნით პოლიტიკური და სამხედრო საშუალებებით.[38]  ნატო მხარს უჭერს დემოკრატიულ ფასეულობებს და ხელს უწყობს კონსულტაციებს და თანამშრომლობას თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე ნდობის აღდგენის და, საბოლოო ჯამში, კონფლიქტების პრევენციის მიზნით.

2001 წლიდან, შეიარაღებულ ძალებზე დემოკრატიული კონტროლის ჟენევის ცენტრი (DCAF) აქტიურადაა ჩaრთული ნატოსთან ერთად უსაფრთხოების მართვის მთელ რიგ პროგრამებში. DCAF ეყრდნობა თავის გამოცდილებას დემოკრატიული მართვის სფეროში, მათ შორის თავდაცვის, სამართალდაცვის და დაზვერვის რეფორმაში, ადამიანის უფლებების დაცვის, კანონის უზენაესობის და განვითარების პროგრამებში და თანამშრომლობს ნატოსთან თავდაცვის რეფორმის და დემოკრატიულ მმართველობის საკითხებზე, და, ამ ბოლო დროს, უსაფრთხოების მართვის გენდერულ ასპექტებზე.

ნატო და უსაფრთხოების სექტორის რეფორმა

ნატოს როლს უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში განაპირობებს ნატოს წევრობისთვის ქვეყნების მომზადების და გაწევრიანების შემდგომ ალიანსის სტრუქტურებში მათი ჩართვის პროცესები. ნატომ უსაფრთხოების სექტორის დემოკრატიული მმართველობა ნატოს გაფართოების მიდგომის ერთ-ერთ მთავარ წუხილად ჩათვალა. (იხ: NATO 2010, Strategic Concept for the Defence and Security of the members of the North Atlantic Treaty Organisation).[39] ნატომ ასევე შეიმუშვა პროგრამები, რომელთა მიზანია თავდაცვის საკითხებზე მომუშავე ინსტიტუტების ქმედითობის და ანგარიშვალდებულების მიღწევა. არსებული პროგრამები, როგორიცაა პარტნიორობის სამოქმედო გეგმა თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის საკითხებზე (PAP-DIB) და ტერორიზმთან ბრძოლის პროგრამები, უკვე ეხებოდა უსაფრთხოების სექტორის რეფორმას. უსაფრთხოების სექტორის რეფორმის საკითხები ასევე ჩართულია ნატოს მშვიდობის მხარდაჭერის ოპერაციებში. უფრო მეტიც, ნატო სულ უფრო აქტიურად ერთვება პოსტკონფლიქტურ და კონფლიქტურ სიტუაციებში უსაფრთხოების ძალების რეფორმირებაში.[40]

კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამის ფარგლებში, ნატო მხარს უჭერს კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპების დაცვას საერთაშორისო ნორმების და პრაქტიკის შესაბამისად.[41]

ნატოს თვალსაზრისით, კეთილსინდისიერების პროგრამა უზრუნველყოფს მისი წევრების და პარტნიორი ქვეყნებისთვის შესაფერის მხარდაჭერას კორუფციის რისკის შემცირებაში თავდაცვის სფეროსა და უსაფრთხოების სექტორში  და ხელს უწყობს ამ ქვეყნების თავდაცვის უწყებებში კარგი მმართველობის პრინციპების და პრაქტიკის დანერგვას. პროგრამა ხორციელდება ნატოს სატრასტო ფონდის მეშვეობით ექვს ქვეყანაში. ესენია: ბელგია, ბულგარეთი, ნორვეგია, პოლონეთი, შვეიცარია და დიდი ბრიტანეთი.  კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამა ხელს უწყობს გაეროს უშიშროების საბჭოს 1325 რეზოლუციის და მასთან დაკავშირებული რეზოლუციების შესრულებას, რომლებიც შეეხება ქალების, მშვიდობის და უსაფრთხოების საკითხებს.[42]

წყაროები:

Council of Europe

European Court of Human Rights

European Union (EU) official web portal

Måns Hanssen (Folke Bernadotte Academy 2016), International Support to Security Sector Reform in Ukraine. A mapping study of SSR projects.

NATO

NATO Partnership for Peace Programme (PFP)

NATO Building Integrity

OSCE, Security Sector Governance and Reform Guidelines for OSCE Staff.

OECD (2008), OECD DAC Handbook on Security System Reform: Supporting Security and Justice

The World Bank

United Nations

UNDP and SSR.

United Nations SSR Website.

UNDPKO on SSR.

UN (2012), The United Nations SSR Perspective.

 

[1] იხ.: https://fba.se/en/how-we-work/research-policy-analysis-and-development/publications/international-support-to-security-sector-reform-in-ukraine/

[2] წყარო: United Nations at www.un.org

[3] UNDP and SSR.

[4] UN (2012), The United Nations SSR Perspective.

[5] წყარო: UN SSR Taskforce

[6] იხ.: https://europa.eu/european-union/index_en

[7] იხ.: http://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=URISERV%3Aai0033

[8] იხ.: https://eeas.europa.eu/topics/common-security-and-defence-policy-csdp/5388/shaping-of-a-common-security-and-defence-policy-_en

[9] Council of the European Union (2005), Concept for European Security and Defence Policy support to SSR. 

[10] Commission of the European Communities (2006), A Concept for European Community support for security sector reform. 

[11] Commission of the European Communities (2016), Elements for an EU-wide strategic framework to support security sector reform. 

[12] წყარო: Council of Europe. 

[13] Council of Europe

[14] ECtHR

[15] გამარტივებული კონვენცია იხ.: http://www.echr.coe.int/Documents/Simplified_Conv_ENG.pdf ; ადამიანის უფლებების საყოველთაო დეკლარაცია იხ.:  http://www.un.org/en/universal-declaration-human-rights/

[16] წყარო: The European Court of Human Rights

[17] იხ.: http://www.echr.coe.int/Documents/Facts_Figures_2015_ENG.pdf

[18] OECD (2008), OECD DAC Handbook on Security System Reform: Supporting Security and Justice.

[19] წყარო: OSCE. 

[20] იხ.: http://www.osce.org/whatistheosce/factsheet

[21] იხ.: http://www.osce.org/fsc/41355

[22] იხ.: http://www.osce.org/secretariat/231176

[23] წყარო: World Bank, at: http://www.worldbank.org/en/about/what-we-do/brief/ibrd

[24] იხ.: http://www.oecd.org/dac/developmentassistancecommitteedac.htm

[25] წყარო: Transparency International.

[26] TI-ის 2020 წლის სტრატეგია იხ: http://www.transparency.org/whoweare/organisation/strategy_2020/1/

TI-ის ქცევის კოდექსი იხ: http://www.transparency.org/files/content/ouraccountability/TIS_CodeOfConduct_3_8_2011.pdf

[27] იხ: http://www.transparency.org/whoweare/accountability/funding_and_financials

[28] წლიური ანგარიში იხ: http://www.transparency.org/whatwedo/publication/progress_report_2011_enforcement_of_the_oecd_anti_bribery_convention

[29] TI-ის საქმიანობა გაეროს კორუფციის წინააღმდეგ კონვენციასთან დაკავშირებით იხ.: http://www.transparency.org/whatwedo/activity/our_work_on_conventions

[30] იხ.: https://www.transparency.org/topic/

[31] იხ.TI-ის საქმიანობა თავდაცვის და უსაფრთხოების საკითხებზე: http://www.transparency.org/whatwedo/activity/our_work_on_defence_and_security

[32] იხ.: http://gateway.transparency.org/

[33] იხ.: http://ti-defence.org/

[34] იხ.: https://www.transparency.org/whatwedo/tools/integrity_pacts/3/

[35] იხ.: http://gateway.transparency.org/tools/detail/24

[36] იხ.: http://companies.defenceindex.org/good-practice/

[37] იხ.: http://www.transparency.org/whatwedo/tools/

[38] წყარო: NATO 

[39] იხ.: http://www.nato.int/nato_static/assets/pdf/pdf_publications/20120214_strategic-concept-2010-eng.pdf

[40]David M. Law (ed.), Intergovernmental Organisations and Security Sector Reform. DCAF (2007)

[41] წყარო: NATO BI http://www.nato.int/cps/en/natolive/topics_68368.htm

[42] მეტი ინფორმაციისთვის იხ.: https://buildingintegrity.hq.nato.int/Default.aspx