საკომპენსაციო გარიგება მაკომპენსირებელი მექანიზმია, რომელიც იდება უცხოური კომპანიისგან აღჭურვილობის ან მომსახურების შეძენისას.[1]

საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, საკომპენსაციო გარიგება შეთანხმებაა, რომლის თანახმად, იმპორტის განმახორციელებლი მყიდველი მთავრობა ავალდებულებს ექსპორტის განმახორციელებელი ქვეყნის მიმწოდებელ კომპანიას, კონტრაქტის ღირებულების გარკვეული პროცენტის რეინვესტირება მოახდინოს იმპორტის მიმღებ სახელმწიფოში. ეს შეიძლება მოხდეს თავდაცვის სფეროსთან დაკავშირებული პროექტის ფარგლებში ქვეკონტრაქტებით, ან სხვაგვარად, მაგალითად, საქონლის და მომსახურების შესყიდვით. საკომპენსაციო გარიგების ღირებულება პროცენტულად თავდაცვის საწყის კონტრაქტზე მეტია, და ხშირად კონტრაქტის ღირებულების 100%-ს აღემატება.[2]

საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, რადგან ამგვარი გარიგებები ხშირად მაღალი ღირებულებისაა, ამან შეიძლება კორუფციისთვის კარგი ნიადაგი შექმნას. გარდა ამისა, ასეთი გარიგებების დეტალური შესწავლა უფრო იშვიათად ხდება, ვიდრე ძირითადი გარიგების. ამასთან, ბევრი ქვეყანა არ იყენებს კომპანიის წინასწარი შესწავლის მეთოდს, არ ატარებს მონიტორინგს და აუდიტს, არ აქვეყნებს საკომპენსაციო გარიგების შედეგებს და ინფორმაციას მიღებული სარგებლის ან შესრულების ხარისხის შესახებ.

რა არის საკომპენსაციო გარიგება?

საერთაშორისო გამჭვირვალობის განმარტებით, თავდაცვის სფეროში საკომპენსაციო გარიგება გაცვლითი ვაჭრობის მექანიზმია, რომელზეც თანხმდებიან შემსყიდველი მთავრობა და მიმწოდებელი კომპანია მთავრობის მიერ ამ კომპანიისგან სამხედრო აღჭურვილობის ან მასთან დაკავშირებული მომსახურების შეძენისას. ასეთი გარიგება ხშირად გამოიყენება როგორც სამრეწველო (ზოგჯერ სოციალური და ეკონომიკური) პოლიტიკის ინსტრუმენტი, რომლის მიზანია საგადასახადო ბალანსის გაუმჯობესება და მყიდველის ქვეყნის ეკონომიკის (და გადასახადების გადამხდელების) კომპენსირება იმ საჯარო ინვესტიციის საპასუხოდ, რომლსაც არ ექნება სწრაფი პირდაპირი ზეგავლენა მოსახლეობის კეთილდღეობაზე.

რატომაა მნიშვნელოვანი საკომპენსაციო გარიგებების მოქცევა უსაფრთხოების სექტორის ზედამხედველობის ჩარჩოებში?

ევროპის თავდაცვის სააგენტოს (EDA) მიხედვით, თანდათანობით იზრდება საკომპენსაციო გარიგებების რაოდენობა და კონტრაქტებში მათი პროცენტული წილი. არსებული მონაცემებით, ამჟამად საკომპენსაციო გარიგებებს იყენებს დაახლოებით 130 ქვეყანა. საერთაშორისო გამჭვირვალობა ხაზს უსვამს, რომ ასეთი გარიგებების შედეგები არ არის შესწავლილი, რადგან მთავრობების მხრიდან მონიტორინგი სუსტია. ფაქტიურად, შეუძლებელია საკომპენსაციო გარიგებების რეალური ეკონომიკური შედეგების შფასება, რადგან თითქმის არ არსებობს მათი მუშაობის შესახებ ინფორმაცია.

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შეთანხმება სამთავრობო შესყიდვების შესახებ, რომელშიც ჩართულია თითქმის 40 ქვეყანა, კრძალავს საკომპენსაციო გარიგებებს. თუმცა, ამ შეთანხმებაში არის ასევე დებულებები გამონაკლისების შესახებ, რის საფუძველზეც შესაძლებელია მათი გამოყენება. მსგავსი სიტაუციაა ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაკავშირებითაც, რომელიც ზოგადად კრძალავს საკომპენსაციო გარიგებების გამოყენებას, მაგრამ, ამავე დროს, უშვებს გამონაკლისებს. ამდენად, კორუფციის და მისი შედეგების პრევენციის მიზნით, აუცილებელია დამატებითი ზომების გატარება, როგორიცაა მონიტორინგი, აუდიტი, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება. ასევე, საჭიროა გათვალისწინებული იყოს შესყიდვების[3] და საკომპენსაციო გარიგებების საკითხებზე (მაგ. EDA-ს[4] მიერ შემუშავებული) არასავალდებულო სტანდარტები, დირექტივები და ქცევის კოდექსები.

საკომპენსციო გარიგება გარკვეულ რისკებს ქმნის იმპორტის განმახორციელებელი ქვეყნისთვის. როდესაც ის გამოიყენება როგორც სამრეწველო ინსტრუმენტი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარების ხელშესაწყობად შერჩეული კომპანიების მხარდაჭერის გზით, ამან შეიძლება გამოიწვიოს კომპანიების მდგრადობის კარგვა მხარდაჭერის დასრულების შემდგომ. ასევე, შესაძლებელია ამ კომპანიებს მხარს უჭერდეს კორუფციაში ჩართული ინტერესთა ჯგუფები. უფრო მეტიც, საკომპენსაციო გარიგებები ხშირად ხორციელდება ინტენსიური კაპიტალწარმოების სექტორებში, რომლებშიც ისედაც ხშირია კორუფცია. საკომპენსაციო გარიგებების საშუალებით კორუფცია შეიძლება გავრცელდეს საჯარო სექტორის სხვა კომპონენტებზეც. ასევე საგულისხმოა, რომ საკომპენსაციო გარიგებების ფარგლებში მიმდინარე პროექტები ხშირად იგნორირებას უკეთებენ გამჭვირვალობის და ანტიკორუფციულ მექანიზმებს, რადგან არ იყენებენ სახელმწიფო შესყიდვების ზოგად პროცედურებს.[5]

როგორ მუშაობს?

საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, საკომპენსაციო გარიგება შედგება პაკეტებისგან, რომლებიც შეფასებულია შესყიდვის კონტრაქტის პროცენტული წილით. ეს გარიგება შეიძლება იყოს შეთანხმების სახით, რომელიც გულისხმობს ერთობლივ წარმოებას, ლიცენზირებულ წარმოებას, ქვეკონტრაქტებს, ტრენინგს, ტექნოლოგიის ტრანსფერს და სხვა ინვესტიციებს შემსყიდველი ქვეყნის ეკონომიკაში. გარიგება შეიძლება იყოს პირდაპირი ან არაპირდაპირი, იმის მიხედვით, დაკავშირებულია თუ არა გარიგების საგანი შესყიდვის კონტრაქტთან.

საკომპენსაციო გარიგებები გაუმჭვირვალე ინსტრუმენტებია, რომლებისთვისაც დამახასიათებელია სუსტი ან არარსებული ზედამხედველობა და არასაკმარისი სამართლებრივი სტანდარტები, გამჭვირვალობა, მონიტორინგი და ანგარიშვალდებულება. საერთაშორისო გამჭვირვალობის აზრით, ეს რთული კონტრაქტებია, რომლებიც უკავშირდება გრძელვადიან ინვესტიციებს და რომლებიც განსაკუთრებით მიმზიდველ შესაძლებლობებს ქმნის კორუფციისთვის.

ვინ მონაწილეობს?

ასეთ გარიგებებში ორი მთავარი მონაწილეა: იმპორტის განმახორციელებელი ქვეყანა, რომელიც იძენს აღჭურვილობას და რომელიც მოითხოვს საკომპენსაციო პაკეტს ამის პარალელურად, და აღჭურვილობის/მომსახურების მიმწოდებელი. ეს ორი მხარე თანხმდება კონკრეტულ საკომპენსაციო პაკეტზე. არსებობენ მესამე მხარეებიც, როგორიცაა ბროკერები, კონსულტანტები, მესამე მხარის წარმომადგენელი კომპენსაციის აღმსრულებელი, ასევე გარიგების ბენეფიციარები, მათ შორის ადგილობრივი კომპანიები, კვლევითი ცენტრები და, ზოგ შემთხვევაში, შეიარაღებული ძალები. ამ უამრავი აქტორის მონაწილეობა ზრდის კორუფციის რისკს, რადგან უფრო რთული ხდება საკომპენსაციო გარიგებების შემადგენელი ყველა ელემენტის და საქმიანობის კონტროლი და ზედამხედველობა.[6]

რეკომენდაციები

საკომპენსაციო გარიგებებისთვის დამახასიათებელი კორუფციის რისკების შესამცირებლად საერთაშორისო გამჭვირვალობის რეკომენდაციაა მტკიცე პოლიტიკის გატარება, რომელსაც ექნება პროცესების გამჭვირვალობის, კეთილსინდისიერების და ანგარიშვალდებულების ელემენტები. ეროვნულმა მთავრობამ უნდა უზრუნველყოს, რომ საკომპენსაციო მექანიზმები, როგორც თავდაცვის და უსაფრთხოების შესყიდვების კომპონენტი, შეესაბამებოდეს სტრატეგიული უსაფრთხოების მოთხოვნებს. გარიგებაში ჩართული თანამშრომლები უნდა იყვნენ მაღალკვალიფიციური, კომპეტენტური და გამოცდილი და უნდა იცავდნენ გონივრულ ქცევის კოდექსს. საერთაშორისო გამჭვირვალობა ასევე ხაზს უსვამს, რომ საკომპენსაციო გარიგებები სპეციფიკური სფეროა, რომელიც შესაფერისი არაა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებისთვის და ოფიცრებისთვის, რომლებსაც ამ სფეროში არ აქვთ გამოცდილება. უნდა არსებობდეს ინტერესთა კონფლიქტის გამჟღავნების მექანიზმები, ზედამხედველობის მექანიზმები, როგორიცაა გარიგების პროცესის მართვის მონიტორინგი, და შესრულების ხარიხის აუდიტები. კომპანიების დეტალური წინასწარი შესწავლა უნდა მოხდეს საკომპენსაციო გარიგების დადებამდე, რათა მოხდეს პოტენციური ინტერესთა კონფლიქტის და ბენეფიციარების არასწორად შერჩევის პრევენცია და გამჟღავნება. საკომპენსაციო გარიგებაში უნდა იყოს დაკონკრეტებული მონიტორინგის მექანიზმები და პროცედურები, წახალისების მექანიზმები და სანქციები. და ბოლოს, მთავრობა ყოველწლიურად უნდა აქვეყნებდეს ანგარიშებს საკომპენსაციო გარიგებების პროგრესის, შედეგების და ზეგავლენის შესახებ იმის საჩვენებლად, რომ გარიგებებით აღებული ვალდებულებები სრულდება. საკომპენსაციო გარიგებები არ უნდა განხორციელდეს სადაც და როდესაც შემოღებული არ არის კონტროლის და ზედამხედველობის მკაცრი ზომები.

წყაროები:

European Defence Agency

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

Transparency International (2010), Defence Offsets: Addressing the risks of corruption and Raising Transparency.

World Trade Organisation (1994)  Agreement on Government Procurement

 

[1] NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

[2] Transparency International (2010), Defence Offsets: Addressing the risks of corruption and Raising Transparency.

[3] Code of Conduct on Defence Procurement

[4] Code of Conduct on Offsets

[5] იგივე

[6] იგივე


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk