ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა, ანუ ეროვნული უსაფრთხოების დოქტრინა, კონცეფციაა, რომელიც აღწერს, თუ როგორ უზრუნველყოფს ქვეყანა უსაფრთხოებას სახელმწიფოსა და მისი მოქალაქეებისთვის. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ოფიციალური აღწერაა იმისა, თუ როგორ ესმის ქვეყანას თავისი სახელმძღვანელო პრინციპები. ღირებულებები, ინტერესები, მიზნები, სტრატეგიული გარემო, საფრთხეები, რისკები და გამოწვევები ეროვნული უსაფრთხოების დაცვის და მხარდაჭერის ჭრილში. როგორც წესი, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ემყარება ქვეყნის კონსტიტუციას, დამფუძნებელ დოკუმენტებს და კანონმდებლობას. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა განსაზღვრავს სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობას და მოვალეობებს ქვეყანაში უსაფრთხოების და კანონის უზენაესობის უზრუნველყოფის საქმეში.[1]

რა არის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა?

გაეროს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სამუშაო ჯგუფის განსაზღვრებით, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა წარმოადგენს ინსტრუქციებს ქვეყნისთვის, რათა მან უპასუხოს ადამიანების და სახელმწიფოს უსაფრთხოების საჭიროებებს. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მოიცავს მთავრობის და სხვა ინსტიტუტების შეხედულებებს, აგრეთვე ადამიანების საჭიროებებს და აღქმებს, და ის წარმოდგენილია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტის სახით. ზოგიერთ ქვეყანას ერთიანი ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტის ნაცვლად რამდენიმე პოლიტიკის დოკუმენტი აქვს – როგორიცაა თავდაცვის სტრატეგიის ‘თეთრი წიგნი’, ლიდერების მოხსენებები და სხვა მსგავსი დოკუმენტები. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა უნდა შეიცავდეს ან ადგილს უთმობდეს ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის სტრატეგიის განვითარებას, რომელიც განსაზღვრავს იმ ფორმალურ მეთოდებს, რომელთა გამოყენებაც მოხდება ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში აღწერილი უსაფრთხოების და თავდაცვის ამოცანების მისაღწევად.[2]

რატომაა ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მნიშვნელოვანი?

გაეროს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის სამუშაო ჯგუფის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში ეფექტიანობის და ანგარიშვალდებულების ელემენტების გათვალისწინება არსებითი მნიშვნელობისაა უსაფრთხოების ინსტიტუტების ლეგიტიმურობისთვის და მოქალაქეების და მათი უფლებების დაცვისთვის. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მჭიდროდაა დაკავშირებული უსაფრთხოების სექტორის რეფორმასთან; ის განსაზღვრავს სტრატეგიულ საფუძვლებს უსაფრთხოების სექტორის რეფორმის განხორციელების და ხელმძღვანელობისთვის.[3] რადგან ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა ეფუძნება ძირეულ სამართლებრივ დოკუმენტებს, მისი შემუშავება კანონმდებლობის გადახედვის და გაუმჯობესების საშუალებასაც იძლევა.

როგორ მუშაობს ეს დოკუმენტები?

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დოკუმენტები იქმნება კონკრეტული ქვეყნისთვის. თუმცა, მათ საერთო მახასიათებლებიც აქვთ. ეს დოკუმენტები, როგორც წესი, შეეხება სულ მცირე სამ ძირითად თემას:

1) სახელმწიფოს როლი საერთაშორისო სისტემაში;

2) საერთაშორისო გამოწვევების და შესაძლებლობების აღქმა;

3) განმახორციელებელი ინსტიტუტების მოვალეობები ამ გამოწვევების და შესაძლებლობების განხილვაში.

პირველი ელემენტი განსაზღვრავს სახელმწიფოს ხედვას საერთაშორისო სისტემასთან და ამ სისტემაში სახელმწიფოს როლთან დაკავშირებით. მეორე ელემენტი აფასებს მიმდინარე და მომავალ საფრთხეებს და შესაძლებლობებს (როგორც შიდა, ისე გარე). მესამე ელემენტი აღწერს განმახორციელებელი სააგენტოების ფუნქციებს და მოვალებებს.[4]

ეროვნული უსაფრთხოების დოკუმენტები, ჩვეულებრივ, არ განსაზღვრავს საფრთხეების და პრობლემების გადაწყვეტის კონკრეტულ გზებს. ეს გზები უნდა ჩამოყალიბდეს მომდევნო სტრატეგიულ დოკუმენტებში და მართვის შემდგომ ეტეპებზე, როგორიცაა უსაფრთხოების და თავდაცვის დაგეგმვა, პროგრამების შემუშავება და განხორციელება.

თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების განმტკიცების და კარგი მმართველობის დანერგვის ჩარჩოებში ეფექტიანი და დემოკრატიული ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს შემდეგი პრინციპები:

  • უსაფრთხოების პრობლემების, მიმწოდებლების და საშუალებების მიმართ კომპლექსური მიდგომა საუკეთესო გზაა უსაფრთხოების და თავდაცვის საკითხების დიდი უმრავლესობის მოსაცველად;
  • ლეგიტიმური და ეფექტიანი უსაფრთხოების პოლიტიკა მიიღწევა განხილვების და კონსენსუსის შედეგად;
  • უნდა განიხილებოდეს საფრთხეების ფართო სპექტრი, მათ შორის, სოციალური და ეკონომიკური საფრთხეები, სტიქიური უბედურება, ტერორიზმი და ა.შ.;
  • საჭიროა მიმდინარე არსებული საშუალებების გულდასმით შეფასება;
  • არსებითი მნიშვნელობა აქვს პროცესების და შემსრულებლების გამჭვირვალობას, მონიტორინგს და ანგარიშვალდებულებას;
  • ცვალებადი უსაფრთხოების გარემოში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მოქნილობას და მზაობას;
  • ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკა მხედველობაში უნდა იღებდეს საერთაშორისო სიტუაციას, მონაწილეებს, სტანდარტებს და რეგულაციებს.
  • აუცილებელია საერთაშორისო კანონმდებლობის შესრულება.

ვინ მონაწილეობს?

ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების პროცესში უნდა მონაწილეობდეს აქტორთა ფართო სპექტრი. მართალია პოლიტიკის შემუშავების და დამტკიცების ეტაპებზე მონაწილეობენ მხოლოდ ხელისუფლების უმაღლესი შრეები, შეფასების, კვლევის და  ფორმულირების ეტაპებზე უნდა მოხდეს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართვა და მათი ცოდნის და გამოცდილების გაზიარება, დაწყებული სამოქალაქო საზოგადოებით და აკადემიური წრეებით – რომლებიც ასრულებენ ზედამხედველობის ფუნქციას –  და უსაფრთხოების სექტორის ყველა დონის პერსონალით – რომლებიც უშუალოდ ახორციელებენ მას და უშუალო შეხებაში არიან უსაფრთხოების პოლიტიკის  მოთხოვნებთან  და შედეგებთან – დამთავრებული მთავრობით, მინისტრებით და პარლამენტით, რომლის როლიცაა მთელი პროცესის ზედამხედველობა. ყველა ამ აქტორის მონაწილეობას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს მთლიანი პროცესისთვის.

წყაროები:

Centre for Integrity in the Defence Sector.  Criteria for Good Governance in the Defence Sector: International Standards and Principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014)

Centre for Integrity in the Defence Sector (2015) Guides to Good Governance (No 2)

Christopher Lord (2011), The political theory and practice of parliamentary participation in the Common Security and Defence Policy, Journal of European Public Policy, 18:8, 1133-1150.

DCAF – UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

DCAF (2008), National Security Policy Backgrounder

DCAF (2009), Defence Reform. Backgrounder

DCAF (2009), Police Reform. Backgrounder

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder

DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Procurement. DCAF Backgrounder

DCAF (2006) Parliament’s role in Defence Budgeting. DCAF Backgrounder

DCAF (2006) Parliamentary Committees on Defence and Security. DCAF Backgrounder

DCAF (2015), Parliamentary Brief: Building integrity in Defence.

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) (2009) Defence Management: An Introduction.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices.

NATO (2012) Building Integrity Programme

OSCE Code of Conduct on Politico- Military Aspects of Security

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security: 20 Practical Reforms.

United Nations SSR task force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012.

New editions of the DCAF SSR Backgrounder Series

 

[1] წყარო: UN SSR Task Force (2012), Security Sector Reform. Integrated Technical Guidance Notes; DCAF (2008), National Security Policy Backgrounder.

[2] United Nations SSR Task Force, Security Sector Reform Integrated Technical Guidance Notes. 2012. p. 122-125.

[3] იგივე p. 121.

[4] DCAF (2008), National Security Policy Backgrounder. New edition available at: http://ssrbackgrounders.org/  


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk