მამხილებლის ინსტიტუტი გულისხმობს ინფორმაციის გამჟღავნებას სავარაუდო დარღვევის, კორუფციული, არაკანონიერი, თაღლითური ან სახიფათო ქმედებების შესახებ – რომლებიც ჩადენილია საჯარო ან კერძო სექტორის ორგანიზაციებში ან ამ ორგანიზაციების მიერ – და ასეთი ქმედებებით გამოწვეული რისკის შესახებ იმ ინდივიდებისთვის ან ორგანიზაციებისთვის, რომლებსაც სავარაუდოდ შეუძლიათ მათ ქმედებებზე ზეგავლენის მოხდენა. მამხილებლის ინსტიტუტის მიზანია საზოგადოების ინტერესების დაცვა. [1]

რა არის მამხილებლის ინსტიტუტი?

საერთაშორისო გამჭვირვალობა გვთავაზობს მამხილებლის ინსტიტუტის ფართო განსაზღვრებას, რომლის მიხედვით მამხილებლის ინსტიტუტი არის ინფორმაციის გამჟღავნება ან ანგარიში დარღვევის შესახებ, მათ შორის, მაგრამ არა მხოლოდ, კორუფციის, კრიმინალური სამართალდარღვევის, სამართლებრივი ვალდებულების დარღვევის, სამართლის არასწორი აღსრულების, საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის და გარემოს უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის, უფლებამოსილების გადამეტების, საჯარო ფონდების ან საკუთრების არაუფლებამოსილი გამოყენების, სერიოზული დანაკარგის ან ქონების განიავების, ინტერესთა კონფლიქტის ან ზემოთ ჩამოთვლილი ქმედებების დაფარვის შესახებ.[2]

რატომაა მნიშვნელოვანი მამხილებლის ინსტიტუტი ?

მამხილებლები არსებით როლს თამაშობენ კორუფციის, თაღლითობის, ქონების განიავების და სხვა დარღვევის გამოვლინებაში, რომლებიც საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას, კეთილსინდისიერებას ფინანსებთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებებს, გარემოს და კანონის უზენაესობას.[3]

მექრთამეობის და კორუფციის სერიოზული შემთხვევები მეტყველებს იმ დიდ ზიანზე, რაც შეიძლება გამოიწვიოს ცუდი საქციელის მხილებისგან თავის შეკავებამ მისი  გამოვლენისას. მამხილებლის ინსტიტუტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კორუფციის და სხვა მანკიერი პრაქტიკის პრევენციის და დეტექტირებისთვის.[4]

როგორ მუშაობს?

საერთაშორისო გამჭვირვალობის თანახმად, მამხილებლის ინსტიტუტის ქმედითობისთვის აუცილებელია არსებობდეს:

  • მამხილებლის სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი ინსტიტუტი შურისძიებისგან მის დასაცავად; და შურისძიების შემთხვევაში, სრული კომპენსაციის გადახდის მექანიზმი;
  • მხილების სათანადო განხილვის და დეტალური გამოძიებისთვის საჭირო მექანიზმები;
  • საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება მამხილებლის ინსტიტუტის სარგებლიანობის შესახებ.

მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებული ეფექტიანი კანონმდებლობა და მისი განხორციელების ინსტრუმენტები აუცილებელი პირობაა უსაფრთხოების სექტორში კეთილსინდისიერების განმტკიცებისთვის და კორუფციის პრევენციისთვის. ქვემოთ ჩამოთვლილი საერთაშორისო კონვენციები კორუფციის საკითხებზე მამხილებლის ინსტიტუტს კორუფციასთან ბრძოლის ეფექტიან ინსტრუმენტად აღიარებენ:

ხშირად მამხილებლის ინსტიტუტთან დაკავშირებული ეროვნული კანონმდებლობა სრულფასოვანი არაა და მისი შემდგომი განვითარება მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს. სამართლებრივი ბაზა უნდა იყოს მკაფიო, ყოვლისმომცველი და ადვილად გამოსაყენებელი. კანონმდებლობა უნდა მოიცავდეს დებულებებს, რომლებიც იცავს მამხილებელს, ეხება საჯარო, კერძო და არამომგებიან სექტორებს და უზრუნველყოფს სარწმუნო არხებს წუხილების გადასაცემად. კანონმდებლობა უნდა ეხებოდეს მთელ რიგ საკითხებს, დაწყებული რეალური სისხლის სამართლის დარღვევებით და დამთავრებული დარღვევით გამოწვეული ზიანით და სხვა პოტენციური შედეგებით.[5]

როგორც საჯარო მოხელეები, ისე კერძო სექტორში დასაქმებულები, აგრეთვე ისინი, ვინც ამ ტრადიციულ განსაზღვრებაში არ ხვდება (კონსულტანტები, დროებით დაქირავებულები, ინტერნები და სხვა) უნდა იყვნენ დაცული შურისძიებისგან, რომელიც შესაძლოა მოყვეს მათი წუხილების პატიოსნად გამხელას. დაცვა უნდა გავრცელდეს მათზეც, ვინც ადასტურებს მხილებას; აგრეთვე, მამხილებლის ახლობლებზე, მაგალითად, ოჯახზე. კანონი ასევე უნდა იცავდეს ადამიანის უფლებას უარი თქვას დარღვევაში მონაწილეობაზე. მამხილებლებს საშუალება უნდა ჰქონდეთ, ინფორმაცია მიაწოდონ გარე მარეგულირებლებს, სამართალდამცავ ორგანოებს და სხვა კომპეტენტურ საზედამხედველო ინსტიტუტებს. მედიისთვის ინფორმაციის მიწოდებაც – როგორც უკიდურესი ნაბიჯი – უნდა იყოს დაცული.[6]

სრულფასოვან სამართლებრივ ბაზასთან ერთად, უნდა არსებობდეს კანონების აღსრულების ეფექტიანი სისტემა. ამ მიზნით უნდა შეიქმნას ან გამოიყოს დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, რომელსაც ექნება სათანადო ავტონომია ზედამხედველობა გაუწიოს კანონის შესრულებას და ჩაიბაროს და გამოიძიოს საჩივრები. ამ პროცესში ჩართული უნდა იყვნენ ძირითადი დაინტერესებული მხარეები, როგორიცაა პროფკავშირები, ბიზნეს ასოციაციები და სამოქალაქო საზოგადოება.[7]

უნდა არსებობდეს მკაფიო და ადვილად გამოსაყენებელი კომუნიკაციის არხები, რომლებსაც მამხილებლები გამოიყენებენ ინფორმაციის კონფიდენციალურ და ანონიმურ გარემოში გასამჟღავნებლად. ასეთი არხებია: უშუალო უფროსები, ეთიკის კომიტეტები, ომბუდსმენები, შიდა ცხელი ხაზები და ინტერნეტში გამჟღავნების ინსტრუმენტები. ამასთან, უნდა არსებობდეს საჩივრებზე რეაგირების გადამამოწმებელი მექნიზმებიც. მნიშვნელოვანია, რომ მამხილებლებთან დაკავშირებულ პოლიტიკას მხარს უჭერდეს ორგანიზაციის ხელმძღვანელობა. ასეთი პოლიტიკა წახალისებული უნდა იყოს მთლიანად ორგანიზაციაში და თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული რამდენად ეფექტიანი ინსტრუმენტია მამხილებლის ინსტიტუტი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში.[8]

ვინ მონაწილეობს?

მხილების სისტემის კომპონენტებია: ინდივიდები, რომლებიც ინიციატივას იჩენენ გაამჟღავნონ დარღვევა; ინსტიტუტები, რომლებიც აღრიცხავენ საჩივარს და რეაგირებენ მასზე; ინსტიტუტები, რომლებიც აწესებენ სანქციებს და იღებენ გამოსასწორებელ ზომებს; ინსტიტუტები, რომლებიც იცავენ მამხილებელს; სხვა ორგანოები, რომლებიც მხარს უჭერენ მამხილებლის ინსტიტუტს.

წყაროები:

Centre for Integrity in the Defence Sector (2015Guides to Good Governance. Professionalism and integrity in the public service.

Council of Europe, Civil Law Convention on Corruption.

Council of Europe, 1999, Criminal Law Convention on Corruption.

DCAF-UNDP (2007), Monitoring and Investigating the Security Sector.

DCAF (2015) Parliamentary Brief: Building Integrity in Defence.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

Transparency International (2009), Alternative to Silence. Whistleblower protection in 10 European Countries.

Transparency International (2010), Policy Position 01: Whistleblowing: an effective tool in the fight against corruption.

Transparency International (2013), International principles for Whistleblower Legislation: Best Practices for Laws to Protect Whistleblowers and support Whistleblowing in the Public Interest.

Transparency International (2013), Whistleblowing in Europe. Legal Protections for whistleblowers in the EU.

UN Office on Drugs and Crime, United Nations Convention Against Corruption.

 

[1] Transparency International (TI) 2013, International Principles for whistleblower legislation: Best practices for laws to protect whistleblowers and support whistleblowing in the public interest.

[2] იგივე

[3] იგივე & TI (2010), Whistleblowing: an effective tool in the fight against corruption. Policy Position 01.

[4] TI (2010), Whistleblowing: an effective tool in the fight against corruption. Policy Position 01.

[5] იგივე

[6] იგივე

[7] იგივე

[8] იგივე


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk