მისიები და ოპერაციები:

უსაფრთხოების და თავდაცვის სფეროში მისიები და ოპერაციები შეეხება უსაფრთხოების და თავდაცვის პოლიტიკის საოპერაციო ასპექტებს. მისიები და ოპერაციები მოიცავს შეიარაღებული ძალების და მათი თანმხლები სამოქალაქო პერსონალის ფიზიკურ განთავსებას ოპერაციების განხორციელების რაიონში კონკრეტული მანდატით და კონკრეტული მიზნით (მისიით). ამგვარი მისიების და ოპერაციების ხანგრძლივობა დამოკიდებულია მათ ხასიათზე, მანდატზე და მიზნებზე, ისევე, როგორც ხელმისაწვდომ რესურსებზე და მიღწეულ შედეგებზე.

კორუფცია:

საერთაშორისო გამჭვირვალობის განსაზღვრებით, კორუფცია არის მინდობილი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება პირადი გამორჩენის მიზნით.

როგორია კორუფციის რისკი მისიების და ოპერაციების განხორციელებისას?

მისიების და ოპერაციების განხორციელებისას, კორუფციამ შეიძლება თავი იჩინოს რამდენიმე სხვადასხვა დონეზე ერთდროულად. პირველ რიგში, მისიების და ოპერაციების ჩატარება, როგორც წესი, ხდება ძალზე რთულ და არასტაბილურ გარემოში, და, ხშირად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში. ხშირად, ამ გარემოებებში, კორუფციას უკვე ფეხი აქვს მოკიდებული.

გარდა ამისა, მისიის პერსონალის ნაწილი შეიძლება თვითონ იყოს მიდრეკილი კორუფციისკენ და ეს მიდრეკილება შეიძლება უფრო გაიზარდოს კორუფციის ხელშემწყობ გარემოში. ზოგიერთი მისია ძალზე დიდია მოცულობით და კომპლექსურია და შეიძლება შედგებოდეს სხვადასხვა ქვეყნის შეიარაღებული ძალებისგან, რომელთაც სხვადასხვა ცოდნა და გამოცდილება აქვთ. ეს ყველაფერი ქმნის რთულ საორგანიზაციო პირობებს, სადაც კორუფცია შეიძლება შეუმჩნეველი დარჩეს.

მისიის პერსონალს სჭირდება ეკიპირება, კვება, დაცვა და საცხოვრებლით უზრუნველყოფა. ეს გულისხმობს დიდი რაოდენობით ფულის მოძრაობას, აუთსორსინგს და კერძო კონტრაქტორების გამოყენებას. ყველა ეს სფერო კი კორუფციისთვის პოტენციურ შესაძლებლობებს ქმნის.

უფრო მეტიც, ზოგიერთი მისიის განთავსება ძალიან მოკლე დროში ხდება, რის გამოც  რთულდება წინასწარ საორგანიზაციო სამუშაოების ჩატარება, ნაჩქარევად ხდება გადაწყვეტილებების მიღება, ნაკლებია გამჭვირვალობა და არ ხდება სათანადოდ კონკურენტული პროცედურების ჩატარება. ყველაფერი ეს კი შესყიდვების კონტექსტში სერიოზულ ხარვეზია.

რატომაა მნიშვნელოვანი?

მისიებისა და ოპერაციების კონტექსტში კორუფციის რისკების გაცნობიერება სასიცოცხლო მნიშვნელობისაა, რადგან კორუფციის შემცირება შეიძლება გადამწყვეტი ფაქტორი იყოს მისიის წარმატებისთვის. საერთაშორისო გამჭვირვალობა თვლის, რომ კორუფციას შეუძლია მნიშვნელოვნად შეარყიოს საერთაშორისო მისიის ლეგიტიმურობა და ეფექტიანობა.[1] 

რადგან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკები იცვლება და ოპერაციების წარმატებულობის გაგებაც ვითარდება, ის, რაც ადრე სუფთა სამხედრო ოპერაცია იყო, ახლა უკვე გადაიზარდა ბევრი სხვადასხვა სფეროს მომცველ საქმიანობაში. თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორის პერსონალი ახლა მონაწილეობს სტაბილურობის შენარჩუნების ოპერაციებში, სამშვიდობო მისიებში, სტიქიური უბედურების ზონებში, ჰუმანიტარულ და განვითარების პროექტებში, უსაფრთხოების სფეროში დახმარების მისიებში და სხვა დავალებებში, რომლებიც ხორციელდება ქვეყნებს შორის ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში. ამ კონტექსტში თითეული მისიის მიმართ ჰოლისტური მიდგომის შემუშავება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება და ამ მიდგომის განუყოფელი ნაწილია ანტიკორუფციული ზომები. კორუფციას შეუძლია შეარყიოს არა მხოლოდ მისიის წარმატება, არამედ ქვეყნის მომავალი განვითარებაც. კორუფციას შეუძლია გამოიწვიოს სოციალური ღელვა, სამოქალაქო ომები და, ამგვარად, შეარყიოს რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოება.

როგორ შეიძლება მისიების და ოპერაციების განხორციელებისას კორუფციის შეკავება?

გაცნობიერება

ანტიკორუფციული ზომების განხორციელების წარმატებისთვის უპირველესია იმის უზრუნველყოფა, რომ მისიაში ჩართულ ყველა ადამიანს გაცნობიერებული ჰქონდეს ამ ზომების მნიშვნელობა და ის შედეგები, რაც შეიძლება კორუფციის გავრცელებამ მოიტანოს.  როდესაც ყველას გაცნობიერებული აქვს თავისი როლი მთლიან პროცესში და ის სარგებელი, რომელიც კორუფციისგან თავისუფალ სისტემას მოქვს, მაშინ ადამიანები აქტიურად იქნებიან ჩართული ანტიკორუფციულi ზომების გატარებაში.

პრევენცია

ანტიკორუფციული ზომების დანერგვა უნდა მოხდეს თავიდანვე, პოლიტიკის შემუშავების და დაგეგმვის ეტაპებზე. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ტრენინგების ჩატარებას პერსონალისთვის ყველა დონეზე  – დაწყებული პოლიტიკის შემქმნელებით და ხელმძღვანელებით და დამთავრებული საველე მეთაურებით და პერსონალით, ადგილზე დაქირავებული პირებით და სერვისებით. ტრენინგები კორუფციის საკითხზე უნდა ჩატარდეს მისიების დაწყებამდე და მათი მსვლელობისას.

კონტროლი

როდესაც საქმე ეხება კერძო სექტორის კონტრაქტორებს, შესაძლებელია რამდენიმე ინსტრუმენტის გამოყენება ეთიკური საქციელის უზრუნველყოფის და კორუფციის შეკავების მიზნით, როგორიცაა ღია და კონკურსზე დაფუძნებული ტენდერის ჩატარება, ქცევის კოდექსები, კონტრაქტში ჩადებული ვალდებულებები, სამუშაოს შესრულების მონიტორინგი და შეფასება. ამ სფეროში საუკეთესო განოცდილების კარგი მაგალითებია: მონტროს დოკუმენტი კერძო სამხედრო და უსაფრთხოების კომპანიებისთვის, საერთაშორისო კოდექსი კერძო უსაფრთხოების სამსახურებისთვის და სახელმძღვანელო მითითებები სახელმწიფოებისთვის კერძო სამხედრო და უსაფრთხოების კომპანიების საქმიანობის საკანონმდებლო რეგულირების შესახებ.[2]

ზედამხედველობა, გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება

ზედამხედველობა, გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება ის ფუნდამენტური ელემენტებია, რომლებიც კორუფციის დეტექტირების, შეკავების და პრევენციის შესაძლებლობას იძლევა. ზედამხედველობის და მონიტორინგის მექანიზმები უნდა ტარდებოდეს მთლიანი პროცესის განმავლობაში: მისიის დაწყებამდე, მისი მსვლელობისას და შემდგომ. ზედამხედველობა შეუძლებელია გამჭვირვალობის არარსებობის პირობებში. გამჭვირვალობა გულისხმობს იმ ინფორმაციის გასაჯაროებას, რომელიც აუცილებელია კანონების და სხვა გადაწყვეტილებების შესახებ შინაარსიანი საჯარო დებატების მოსაწყობად. გამჭვირვალობა და ზედამხედველობა ხელს უწყობს მიუღებელი საქციელის დეტექტირებას და მათი ჩამდენებისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამ პროცესს გააადვილებს სათანადო საკანონმდებლო და სასამართლო სისტემის არსებობა, რაც ხშირად პრობლემურია არასტაბილურ ქვეყნებში. მიუხედავად ამისა, საერთაშორისო გამჭვირვალობის შეფასებით, უნდა გატარდეს ზომები  იმისათვის, რომ თანამდებობის მიუხედავად ყველა იყოს პასუხისმგებელი კანონის წინაშე.[3]

მონდომება

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა მომთხოვნი და ხანგრძლივი პროცესია. საჭიროა ბალანსის პოვნა ზედმეტად ოპტიმისტურ და პესიმისტურ დამოკიდებულებებს შორის. რაც არ უნდა რთული იყოს მისიაში არსებული გარემო, გარკვეულ ეტაპზე უნდა მოხდეს კორუფციასთან ბრძოლის დაწყება. ამ კონტექსტში კორუფციის საკითხის მიმართ ინტერესის და აქტუალობის შენარჩუნება დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვნად თვლის  ხელმძღვანელობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლას მისიის წარმატების მიღწევის გზაზე.  

ვინ მონაწილეობს?

ანტიკორუფციულ ზომებთან დაკავშირებით ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ისინი განიხილებოდეს კომპლექსურად. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს ის მიზანი, რომელსაც ყველა აცნობიერებს და მიყვება, დაწყებული პოლიტიკის შემქმნელებით, ლიდერებით და ხელმძღვანელებით და დამთავრებული დაბალი პერსონალით, გარე სერვისის მიმწოდებელი კონტრაქტორებით, ადგილობრივი თანამშრომლებით, სამოქალაქო საზოგადოებით და ადგილობრივი მოსახლეობით.

ანტიკორუფციული ზომების ნუსხა მისიების და ოპერაციებისთვის

  • კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო პოლიტიკა
  • მისიის სტრატეგია, ანტიკორუფციული ზომების ჩათვლით
  • დეტალური ანტიკორუფციული გეგმები
  • გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების საერთაშორისო კულტურა, მათ შორის, მასპინძელი სახელმწიფოს პერსონალის და კერძო კონტრაქტორებისთვის
  • შიდა და გარე მონიტორინგის და შეფასების მექანიზმები (მისიის დაწყებამდე, მისი მსვლელობისას და მის შემდგომ)
  • დამოუკიდებელი ზედამხედველობა
  • შიდა და გარე ანგარიშგების მექანიზმები
  • მამხილებლის დაცვა
  • ქცევის კოდექსები, მათ შორის, კოდექსები მასპინძელი ქვეყნის პერსონალის და კერძო კონტრაქტორებისთვის
  • ტრენინგები კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის საკითხებზე, მათ შორის, მასპინძელი ქვეყნის პერსონალისთვის და მისიის დაწყებამდე
  • კორუფციის სხვადასხვა ფორმების კარგი ცოდნა
  • ადგილობრივი კონტექსტის კარგი ცოდნა
  • ხელმძღვანელობის მხრიდან მხარდაჭერა და მონაწილეობა
  • ყოვლისმომცველი მიდგომა, რომელიც ეფუძნება კარგ მმართველობას და კანონის უზენაესობას
  • გრძელვადიანი ხედვა
  • ადგილობრივი ანტიკორუფციული კანონმდებლობის შემუშავებისთვის საჭირო ზომების გატარება
  • ადგილობრივი სასამართლო და სამართლებრივი დევნის მექანიზმების შემუშავებისთვის საჭირო ზომების გატარება
  • ადგილობრივ მოსახლეობაში ცნობიერების ამაღლების ზომების გატარება
  • დაზვერვის გამოყენება კორუფციის დეტექტირების და კეთილსინდისიერების შემოწმების მიზნით
  • კორუფციის საკითხებზე მომუშავე ექსპერტების მოწვევა
  • ანტიკორუფციული ძალისხმევის ეფექტიანობის შეფასება
  • ინფორმაციის გაზიარება და საქმიანობის კოორდინაცია
  • ადგილზე ტრენინგის შესაძლებლობების განვითარება და ადგილობრივ ანტიკორუფციულ ექსპერტებთან კონსულტირება

 

წყარო: საერთაშორისო გამჭვირვალობის თავდაცვის და უსაფრთხოების პროგრამა (2014), Corruption Threats & International Missions: Practical Guidance for Leaders

წყაროები

DCAF (2016), Legislative Guidance Tool for States to Regulate Private Military and Security Companies.

DCAF (2016), Putting Private Security Regulation into Practice: Sharing Good Practices on Procurement and Contracting.

Government of Switzerland (2010), International Code of Conduct for Private Security Service Providers. 

Government of Switzerland and the ICRC, The Montreux Document on Private Military and Security Companies (2008).

NATO-DCAF (2010)Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices. 

Transparency International, Defence and Security Programme (2015), Corruption Lessons from the International Mission in Afghanistan. 

Transparency International, Defence and Security Programme (2014), Corruption Threats & International Missions: Practical Guidance for Leaders. 

Transparency International, Defence and Security Programme (2013), Corruption & Peacekeeping. Strengthening peacekeeping and the United Nations.

 

[1] საერთაშორისო გამჭვირვალობის თავდაცვის და უსაფრთხოების პროგრამა (2014), Corruption Threats & International Missions. Practical Guidance for Leaders.

[2] შვეიცარიის მთავრობა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი, The Montreux Document on Private Military and Security Companies (2008); შვეიცარიის მთავრობა (2010), International Code of Conduct for Private Security Service Providers; DCAF (2016), Legislative Guidance Tool for States to Regulate Private Military and Security Companies.

[3] საერთაშორისო გამჭვირვალობის თავდაცვის და უსაფრთხოების პროგრამა (2014), Corruption Threats & International Missions: Practical Guidance for Leaders.


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk