არ არსებობს თავდაცვის მართვის ერთი, საყოველთაოდ მიღებული, განსაზღვრება. თავდაცვის მართვა, ზოგადად, გულისხმობს იმის საჭიროებას, რომ თავდაცვის ორგანიზაციებმა პრაქტიკაში გაატარონ თავდაცვის პოლიტიკა და ამ პროცესში შექმნან შესაფერისი და მდგრადი დაგეგმვის მექანიზმები, დამხმარე სისტემები და ინფრასტრუქტურა.[1]

რა არის თავდაცვის მართვა?

ტერი მაკკონვილი და რიჩარდ ჰოლმსი (რედ.) განმარტავენ: თავდაცვის სფეროში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა სფეროში, მართვა ხდება ორგანიზაციის ყველა დონეზე და ის არეგულირებს ორგანიზაციული საქმიანობის სრულ სპექტრს. ეს პროცესი იწყება პოლიტიკის შემუშავებიდან სამხედრო ხელმძღვანელობის და მთავრობის უმაღლეს დონეებზე და ვრცელდება სამხედრო სამსახურის ყველა ნაწილის ხელმძღვანელობასა და კონტროლზე, ზოგჯერ უმცირეს დეტალებამდეც კი. ხელმძღვანელებმა უნდა სწორად შეაფასონ გარემო იმისათვის, რომ დაგეგმონ და კოორდინაცია და კონტროლი გაუწიონ თავიანთი ორგანიზაციების საქმიანობას.[2]

თავდაცვის სფეროს მართვა, როგორც ინსტიტუციური პროცესი, მოთავსებულია თავდაცვის პოლიტიკის შემუშავებასა და შეიარაღებული ძალების ფაქტიურ მართვას შორის. პროცესი უნდა შეეხოს საქმიანობას, როგორიცაა თავდაცვის რესურსების მართვა, პერსონალის მართვა და შეძენის მართვა.[3]

რატომაა თავდაცვის მართვა მნიშვნელოვანი?

თავდაცვის მართვა მნიშვნელოვანია, რადგან მისი ამოცანაა ეფექტიანი და ქმედითი გახადოს თავდაცვის ძალები და დარწმუნდეს, რომ ისინი ასრულებენ  თავიან მოვალეობას – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიწოდებას და ქვეყნის თავდაცვას გარე საფრთხეებისგან, რაც შეიძლება მაღალი ხარისხით. თავდაცვის მართვა ხელს უწყობს კარგი მმართველობის დანერგვას – რესურსების პასუხისმგებლიანად და სტრატეგიულად ხარჯვით – ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის შესაბამისად. ეს გულისხმობს გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპების უცილობელ დაცვას ყველა ორგანიზაციულ დონეზე და ეფექტიანი საზედამხედველო სისტემის არსებობას.

როგორ მუშაობს თავდაცვის მართვა?

მართვა განიხილება როგორც ორგანიზაციის შიგნით სისტემატური დაგეგმვის, ორგანიზების, პერსონალით უზრუნველყოფის და ხელმძღვანელობის და კონტროლის პროცესი, რომლის მიზანია კონკრეტული საერთო (ინსტიტუციური) როლის შესრულება. მართვა მეცნიერული მეთოდიცაა და ხელოვნებაც, რომელიც აძლიერებს ადამიანებს და ორგანიზაციას ხდის უფრო ეფექტიანს და ქმედითუნარიანს, ვიდრე ის იქნებოდა მართვის და ხელმძღვანელების გარეშე (მათ შორის, მინისტრების, დირექტორების, სამხედრო ხელმძღვანელების და ა.შ.). თავდაცვის მართვის ციკლი ოთხ პროცესს ეყრდნობა. ესენია:

  • დაგეგმვა
  • ორგანიზება და პერსონალით უზრუნველყოფა
  • ხელმძღვანელობა და ლიდერობა
  • მონიტორინგი და კონტროლი[4]

დაგეგმვა არის იმ ამოცანების შერჩევა და თანამიმდევრობით განლაგება, რომელთა დასახვა აუცილებელია სასურველი ორგანიზაციული მიზნის მისაღწევად. ორგანიზება და პერსონალის დაქირავება არის პერსონალის მიერ შესასრულებელი როლების, ამოცანების და მოვალეობების შეფასება და კოორდინაცია და სასურველი მიზნის კონკრეტულ ვადებში მისაღწევად აუცილებელი რესურსების განაწილება. ეს მოიცავს:

  • პერსონალის დაქირავების, შერჩევის, ტრენინგის, განთავსების და განვითარების პროცესს
  • საერთო მიზნის მიღწევის გზაზე პერსონალის მოტივირების, წაძღოლის და მასზე ზეგავლენის მოხდენის პროცესის ხელძღვანელობას
  • მონიტორინგს და კონტროლს იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველა ორგანიზაციული ერთეული კოორდინირებულად მიემართება დასახული ამოცანისკენ
  • გეგმების და გადაწყვეტილებების ეფექტიანობის და ქმედითობის შეფასებას და მათ ადაპტირებას საჭიროების შემთხვევაში.[5]

თავდაცვის მართვა იყენებს სამუშაო მეთოდების ფართო სპექტრს, როგორიცაა:

  • საოპერაციო, სისტემური და სტრუქტურული ანალიზი;
  • დაგეგმვა და პროგრამების შემუშავება;
  • მოდელირება და სიმულირება;
  • ალტერნატივების შემუშავება;
  • მუშაობის ხარისხის გაზომვა და პროცესის გაუმჯობესება;
  • პროექტის მართვა;
  • რისკების შეფასება;
  • სხვა მეთოდები და ტექნიკები, რომლებიც შესაფერისია თავდაცვის პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების სხვადასხვა ასპექტისთვის.[6]

მიუხედავად იმისა, თუ ამ საყრდენთაგან რომელია განხილვის ქვეშ და რა ეტაპზე, თავდაცვის მართვა უნდა ხდებოდეს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის ფართო ჩარჩოს ფარგლებში და უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ კონტექსტს. ასევე, ის მხედველობაში უნდა იღებდეს კონკრეტულ გარემოებებს და უნდა ხორციელდებოდეს კარგი მმართველობის საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უნდა შემუშავდეს კონკრეტული ამოცანები უსაფრთხოების კონკრეტულ (ნამდვილ) საჭიროებებზე დაყრდნობით. ამ ამოცანების მისაღწევად საჭიროა ეფექტიანი და ქმედითი მექანიზმების/მეთოდების შემუშავება და რესურსების ორგანიზება შესაბამისად. შემდეგ უნდა მოხდეს შედეგების და გამოსავლების გაზომვა, მონიტორინგი და შეფასება მუშაობის საერთო ხარისხის გაუმჯობესების და გადახრების დეტექტირების/პრევენციისთვის.

ვინ მონაწილეობს თავდაცვის მართვაში?

თავდაცვის მართვა განიხილება როგორც პროცესი ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის ფართო ჩარჩოში. მასში, პირველ რიგში, მონაწილეობენ სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც პასუხისმგებელი არიან თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკის შემუშავებაზე და ამ სფეროში ბიუჯეტის განსაზღვრაზე. პარლამენტს ენიჭება განსაკუთრებული მნიშვნელობა დაგეგმვის ეტაპის ზედამხედველობაში. მართვის მეორე ეტაპზე, რომელიც გულისხმობს პოლიტიკის ფაქტიურ განხორცილებას და რესურსების მართვას (ორგანიზება, კადრებით უზრუნველყოფა, ხელმძღვანელობა და ლიდერობა) ერთვებიან თავდაცვის სექტორის სამხედრო და სამოქალაქო კადრები. თავდაცვის მართვის ციკლის საბოლოო – მონიტორინგის და კონტროლის – ეტაპზე ჩართულია აქტორების ფართო სპექტრი, როგორიცაა პარლამენტარები, ომბუდსმენის ინსტიტუტები, აუდიტორები, ინსპექტორები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია. მათი ამოცანაა მონიტორინგი გაუწიონ პროცესს და უზრუნველყონ პროცესების შესაბამისობა კარგი მმართველობის ეროვნულ და საერთაშორისო სტანდარტებთან, შეაჩერონ კორუფციული ქმედებები და მთავრობას მიაწოდონ უკუკვება პროცესების გაუმჯობესების მიზნით.

წყაროები:

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for Good Governance in the Defence Sector: International Standards and Principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector (2015) Guides to Good Governance.

DCAF –UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

DCAF (2006) Military Ombudsmen.

DCAF Backgrounder Security Sector Governance and reform.     

DCAF (2008), National Security Policy Backgrounder.    

DCAF (2006) Parliament’s Role in Defence Procurement. Backgrounder.    

DCAF (2006) Parliament’s Role in Defence Budgeting. Backgrounder.    

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series, No. 1. DCAF (2009)

McConville Teri, Holmes Richard (eds.), Defence Management in Uncertain Times, Cranfield Defence Management Series Number 3, Routledge 2011.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices.

OECD (2002) Best Practices for Budget Transparency

OSCE, Code of Conduct on Politico-Military Aspects of Security. December 1994.

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security: 20 Practical Reforms.

DCAF SSR Backgrounder Series-ის ახალი გამოცემები

 

[1] წყარო: Hari Bucur-Marcu et al., Defence Management: An Introduction, DCAF (2009) Security and Defence Management Series no 1.  p. 4.

[2] McConville Teri, Holmes Richard (eds.), Defence Management in Uncertain Times. Cranfield Defence Management Series Number 3. Routledge 2011.

[3] Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev (eds.) Defence Management: An Introduction. Security and Defence Management Series No1. DCAF (2009) p5.

[4] Defence Management: An Introduction p. 24.

[5] იგივე. p. 24-26.

[6] იგივე. p. 42.