DCAF 2001 წლიდან ჩართულია უსაფრთხოების სექტორში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების მექანიზმების დანერგვაზე მიმართულ საქმიანობაში. ცენტრის თავდაპირველი ინტერესი იყო სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპა და ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნები. მოგვიანებით, ცენტრმა პროგრამების განხორციელება დაიწყო შუა აღმოსავლეთის,  ჩრდილოეთ აფრიკის, ლათინური ამერიკის და წყნარი ოკეანის რეგიონის აზიურ ქვეყნებშიც.  

DCAF-ის პროგრამები თავდაცვის სფეროში გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების საკითხებზე მიზნად ისახავს დაინტერესებული მხარეების უზრუნველყოფას ინსტრუმენტებით, რომლებიც განაპირობებენ საუკეთესო პრაქტიკას რესურსების მართვაში, შესყიდვების სფეროში და პოლიტიკის შემუშავებაში.

ცენტრი მონაწილეობს პლატფორმებში, როგორიცაა თავდაცვის ინსტიტუტების მშენებლობის პარტნიორობის სამოქმედო გეგმა (PAP-DIB) და თავდაცვის აკადემიების პარტნიორობა მშვიდობისთვის კონსორციუმი.

DCAF თანამშრომლობდა საერთაშორისო გამჭვირვალობა – დიდი ბრიტანეთის პროგრამაში „თავდაცვა კორუფციის გარეშე“, მონაწილეობდა ნატოს კეთილსინდისიერების განმტკიცების სამუშაო ჯგუფის  პროგრამაში „კეთილსინდისიერების განმტკიცება და კორუფციის შემცირება თავდაცვის სფეროში“ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის სტაბილურობის პროგრამის სამუშაო ჯგუფ 3-ში.  

DCAF-ის მონაწილეობა კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამებში მოიცავს მრავალმხრივ საქმიანობას, დაწყებული ცენტრის მიერ საკონსულტაციო მომსახურების გაწევით და დამთავრებული სატრენინგო მასალების მომზადებით თუ შესაძლებლობების განვითარების ტრენინგებით. ეს საქმიანობა ხშირად ხორციელდება თავდაცვის ეროვნულ ინსტიტუტებთან, რეგიონულ ორგანიზაციებთან, დემოკრატიულ ინსტიტუტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით.