უსაფრთხოების სექტორის რეფორმის მიზანია გააუმჯობესოს უსაფრთხოების სექტორის მართვა უსაფრთხოების ქმედითი და ეფექტიანი მიწოდებით დემოკრატიული ზედამხედველობის და კონტროლის პირობებში. უსაფრთხოების სექტორის რეფორმა წარმოადგენს კონცეპტუალურ ჩარჩოს იმ აქტორების და ფაქტორების გათვალისწინებით, რომლებიც რელევანტურია უსაფრთხოებისთვის მოცემულ გარემოში, და მოიცავს მეთოდოლოგიას უსაფრთხოების ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენების ოპტიმიზაციისთვის.[1]
რა არის უსაფრთხოების სექტორის რეფორმა?
ზოგადი განსაზღვრებით, უსაფრთხოების სექტორის რეფორმა არის უსაფრთხოების სექტორის ტრანსფორმაცია ანგარიშვალდებულების, ეფექტიანობის, ადამიანის უფლებების დაცვის და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიზნით. უსაფრთხოების სექტორი ფართო ცნებაა და აღნიშნავს სტრუქტურებს, ინსტიტუტებს და პერსონალს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უსაფრთხოების მართვაზე, მიწოდებასა და ზედამხედველობაზე ქვეყანაში.[2] უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ამოცანაა გააუმჯობესოს უსაფრთხოების სექტორის მართვა, რაც, თავისთავად, გულისხმობს უსაფრთხოების სექტორის მართვას გარედან და შიგნიდან მრავალი დაინტერესებული მხარის (სტეიკჰოლდერის) ზედამხედველობის გზით.
კარგი მმართველობა უსაფრთხოების სექტორში:
- უსაფრთხოების ძალებს შეუძლიათ უსაფრთხოების მიწოდება პროფესიონალურად, გონივრულ ფასში და ისეთი გზით, რომელიც უზრუნველყოფს კანონის უზენაესობას.
- უსაფრთხოების სექტორი წარმოადგენს მოსახლეობას სრულად, არის ინკლუზიური – ადეკვატურად ასახავს ქვეყანაში მცხოვრებ სხვადასხვა საზოგადოებებს – და ითვალისწინებს გენდერის ასპექტებს.
- უსაფრთხოების ძალები მოქმედებენ გამჭვირვალედ და აწვდიან ინფორმაციას საზოგადოებას.
- ქვეყნის უსაფრთხოების ამოცანები და პოლიტიკა ასახულია ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკაში და მის თანმხლებ დოკუმენტებში, რომლებიც განსაზღვრავენ უსაფრთხოების სექტორის სხვადასხვა კომპონენტის ამოცანებს და პასუხისმგებლობებს.
- აღმასრულებელი და სამოქალაქო მართვის ორგანოებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან უსაფრთხოების ძალებზე, შესწევთ უნარი, სათანადო მიმართულება მისცენ და ხელმძღვანელობა გაუწიონ მათ.
- დემოკრატიული წესით არჩეული სამოქალაქო ორგანოები ზედამხედველობას უწევენ უსაფრთხოების ძალებს, რომლებიც, თავის მხრივ, მათ მიმართ არიან ანგარიშვალდებული.
- უსაფრთხოების სექტორი ანგარიშვალდებულია ძლიერი სასამართლო და სამართლებრივი სისტემის მიმართ.
- სამოქალაქო საზოგადოება და არასამთავრობო სექტორი, რომელსაც აქვს უსაფრთხოების სექტორის მართვის მონიტორინგის როლი, აქტიურია და დამოუკიდებლად მოქმედებს.
- უსაფრთხოების სექტორის შიდა აქტორებს შეუძლიათ ერთმანეთთან გაწონასწორებული ურთიერთობა.
- უსაფრთხოების სექტორის შიდა აქტორები კარგად ინტეგრირებული არიან უსაფრთხოების რეგიონულ და საერთაშორისო ფორმატებში.[3]
რატომაა რეფორმა მნიშვნელოვანი?
უსაფრთხოების სისტემის რეფორმა აღიარებს, რომ უსაფრთხოების ეფექტიან და დემოკრატიული გზით მიწოდებას არსებითი მნიშვნელობა აქვს სიღარიბის შემცირების და მდგრადი ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკური განვითარებისთვის.[4] რეფორმის მთავარი ამოცანაა ეფექტიანი, ქმედითი და კარგად მართული უსაფრთხოების მიწოდების სისტემის მიღწევა. რეფორმის მიზანია უზრუნველყოს საჭირო დონით რესურსების გამოყოფა უსაფრთხოების სამსახურებისთვის, რათა დანარჩენი რესურსები სათანადოდ იყოს ინვესტირებული სოციალური და ეკონომიკური განვითარების სფეროებში. კარგად ფუნქციონირებადი უსაფრთხოების სექტორი დემოკრატიზაციის წინაპირობაა და ხელს უწყობს რეგიონულ სტაბილურობას და ზრდის შესაძლებლობებს საერთაშორისო თანამშრომლობისთვის.[5]
როგორ მუშაობს რეფორმა?
უსაფრთხოების სისტემის რეფორმა კოორდინირებული ქმედებების წყებაა, რომელიც შექმნილია სახელმწიფოს უსაფრთხოების სექტორის ქმედითობის და ეფექტიანობის ასამაღლებლად. ეს ქმედებები შეიძლება აისახოს შემდეგ ნაბიჯებსა და ეტაპებში:
- მოკლე და გრძელვადიანი რისკების და გამოწვევების გადახედვა, შეფასება და იდენტიფიკაცია.
- შემუშავება, დაგეგმვა და კონსულტაციები. შეფასების შედეგების საფუძველზე ხდება სტრატეგიის ან მოქმედების გეგმის შემუშავება.
- ფინანსური დაგეგმვა. ნებისმიერი რეფორმის გატარებისას უნდა მოხდეს ფინანსური საჭიროებების ყურადღებით შესწავლა, პრიორიტეტების დასახვა და რესურსების ოპტიმიზაცია. ასევე, უნდა ტარდებოდეს პროცესის მონიტორინგი.
- საჯარო ინფორმაცია. აუცილებელია სანდო საჯარო ინფორმაციის მიწოდება მუდმივად, იმისათვის, რომ უსაფრთხოების უწყებებმა და მოსახლეობამ სწორად გაიგოს და მიიღოს რეფორმა.
- განხორციელება. რეფორმების განხორციელება ხდება დადგენილი გეგმის და ვადების მიხედვით.
- მონიტორინგი, შეფასება და ადაპტირება. ეფექტიანი რეფორმა მოითხოვს მექანიზმებს, რომელთა საშუალებით მოხდება რეფორმის განხორციელების და შედეგების მონიტორინგი და პროგრამების ადაპტირება ცვლილებების შემთხვევაში. მონიტორინგი არსებითია რეფორმის წინსვლის და წარმატების შესაფასებლად.[6]

CIDS-ის კეთილსინდისიერების განმტკიცების სამოქმედო გეგმის თანახმად, უსაფრთხოების სექტორის რეფორმის ყოვლისმომცველი პროცესი შეისწავლის ყველა ჩამოთვლილ სფეროს და, სადაც საჭიროა, ჩაატარებს რეფორმას/ადაპტირებას, უსაფრთხოების სექტორის კარგი მმართველობის პრინციპების შესაბამისად:
- პოლიტიკური ასპექტები (საპარლამენტო კონტროლი, სამოქალაქო თავდაცვის და უსაფრთხოების პოლიტიკა, თავდაცვის ბიუჯეტის ხელმისაწვდომობა, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა უსაფრთხოების სექტორის და მისი რეფორმის შესახებ დებატებში, დაზვერვის სამსახურების ზედამხედველობა, შეიარაღების შესახებ გარიგებების ზედამხედველობა, ანტიკორუფციული პოლიტიკა და რეგულაციები, და საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები).
- ფინანსური ასპექტები (დაგეგმვა და ბიუჯეტირება, ფინანსური მართვა, გამჭვირვალობა, რეგულაციები ბიუჯეტის გასაიდუმლოების შესახებ, აუდიტი, გენერალური ინსპექტორები, შეძენა, შესყიდვები, კანონმდებლობა და რეგულაციები, რომლებიც შეეხება უსაფრთხოების სექტორის ბიუჯეტს და ფინანსებს).
- ადამიანური რესურსები (ადამიანური რესურსების მართვა, გენდერი, რეგულაციები ხელფასის შესახებ, დაწინაურება და ჯილდოები, ქცევის კოდექსი, ინტერესთა კონფლიქტები, კეთილსინდისიერების განმტკიცების საკითხებზე ტრენინგები, საჩუქრების შესახებ წესები, მხილების ინსტიტუტი და მამხილებლების დაცვის სისტემა, ომბუდსმენის ინსტიტუტები, პროკურატურა და დისციპლინარული მექანიზმები).[7]

ვინ არის ჩართული რეფორმაში?[8]
უსაფრთხოების სისტემის რეფორმაში მონაწილეობს ეროვნული, რეგიონული და საერთაშორისო აქტორების ფართო სპექტრი. ეროვნულ დონეზე, ესენია: აღმასრულებელი ხელისუფლება (სახელმწიფოს მეთაური, მთავრობა, გადაწყვეტილების მიმღები სხვა ორგანოები); თავდაცვის სამინისტრო და სხვა სამინისტროები; შეიარაღებული ძალები და უსაფრთხოების მიმწოდებელი უწყებები (პოლიცია, ჟანდარმერია, დაზვერვის სამსახურები, საზღვრის დაცვა, საბაჟო სამსახურები, უსაფრთხოების კერძო მიმწოდებლები); საკანონმდებლო ხელისუფლება (პარლამენტი და შესაბამისი კომიტეტები); სასამართლო, სამართალდამცავი და სასჯელაღსრულების ინსტიტუტები; სამოქალაქო საზოგადოება (მედია, პოლიტიკის შემმუშავებელი ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები). რეგიონული და საერთაშორისო ორგანიზაციებიც მნიშვნელოვან როლს ასრულებენ უსაფრთხოების სექტორის რეფორმაში თავიანთი მხარდაჭერით და გამოცდილების გაზიარებით.
წყაროები:
Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for Good Governance in the Defence Sector: International Standards and Principles (2015)
Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014)
Centre for Integrity in the Defence Sector (2015) Guides to Good Governance.
DCAF (2011), Albrecht Schnabel and Hans Born, SSR Paper 1: Security Sector Reform: Narrowing the Gap between Theory and Practice.
DCAF (2009), Defence Reform. Backgrounder.
DCAF (2009), Gender and Security Sector Reform, Backgrounder.
DCAF (2009), Police Reform. Backgrounder.
DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder.
DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder.
DCAF – UNDP (2008) Public Oversight of the Security Sector. A handbook for civil society organisations
DCAF (2015) Parliamentary Brief: Building Integrity in Defence.
NATO-DCAF (2010), Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices.
Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security: 20 Practical Reforms.
DCAF SSR Backgrounder Series-ის ახალი გამოცემები
[1] წყარო: DCAF (2009), Security Sector Governance and Reform Backgrounder. New series available at: http://ssrbackgrounders.org/
[2] DCAF (2009), Gender and Security Sector Reform, Backgrounder. New series available at: http://ssrbackgrounders.org/
[3] DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. Backgrounder. New series available at: http://ssrbackgrounders.org/
[4] DCAF (2009), Police Reform. Backgrounder. New series available at: http://ssrbackgrounders.org/
[5] DCAF (2009), Security Sector Governance and Reform. Backgrounder. New series available at: http://ssrbackgrounders.org/
[6] DCAF (2009), Defence Reform. Backgrounder. See also: CIDS (2015), Integrity Action Plan.
[7] CIDS (2015), Integrity Action Plan, p. 27.
[8] DCAF (2009), Defence Reform. Backgrounder. New series available at: http://ssrbackgrounders.org/