მარეგულირებელი ნორმები ეროვნულ და საერთაშორისო დონეებზე მოქმედი სამართლებრივი მექანიზმებია. ეს ნორმები შეიძლება იყოს სავალდებულო და იძულებითი (ეროვნული კანონები და რეგულაციები, საკონტრაქტო ვალდებულებები) ან ნებაყოფლობითი (ანტიკორუფციული დათქმები, ქცევის კოდექსები, ხელშეკრულებები შეიარაღების გაკონტროლების შესახებ). ერთად ეს ნორმები ქმნიან სამართლებრივ ბაზას, რომლის მიმართაც იზომება ანტიკორუფციული ძალისხმევა. მარეგულირებელი ნორმების არსებობა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის წინაპირობაა. თუმცა, ამ ნორმების არსებობა თავისთავად არაა საკმარისი და მათ თან უნდა ახლდეს პოზიტიური წახალისებები და კეთილსინდისიერების განმტკიცების სხვა ზომები.

რა არის მარეგულირებელი ნორმები?

იძულებითი ანტიკორუფციული ზომები ეფუძნება კანონებს. არ არის აუცილებელი, რომ ისინი კონკრეტულად შეეხებოდეს თავდაცვის სექტორს, რადგან ეროვნულ დონეზე ანტიკორუფციული ძალისხმევა უნდა იყოს რაც შეიძლება ფართო და უნდა მოიცავდეს საჯარო რესურსების ხარჯვის ყველა სფეროს ყველა შემთხვევაში. რაც შეეხება ნებაყოფლობით მარეგულირებელ ნორმებს, ისინი შეიძლება იყოს თავდაცვის სექტორისთვის კონკრეტულად შექმნილი, რადგან ისინი  კონკრეტული კორპორატიული ან სამხედრო სუბიექტისთვის შემუშავებული სპეციფიკური ეთიკური რჩევები და ქცევის კოდექსებია.

რატომაა მარეგულირებელი ნორმები მნიშვნელოვანი?

მარეგულირებელი ნორმების არსებობა არაა საკმარისი კორუფციის პრევენციის და მის წინააღმდეგ ბრძოლისათვის. თუმცა, მათი არსებობა წინაპირობაა ასეთი ძალისხმევისთვის. აუცილებელია ასევე პოზიტიური სტიმულები, საგანმანათლებლო სამუშაო და ხელმძღვანელობა. კეთილსინდისიერების განმტკიცების მექანიზმები და მარეგულირებელი ნორმები ერთად ქმნიან კონტროლის და ბალანსის სისტემას, რომელსაც შეუძლია კორუფციის პრევენცია და შეკავება. აუცილებელია კორუფციული საქმიანობის მიმართ დაწესდეს სანქციები, მოხდეს კორუფციით მიღებული შემოსავლების კონფისკაცია  და კორუფციული საქმიანობის შეკავება და პრევენცია. ეს ხორციელდება როგორც დადებითი (განათლება, ეთიკური პრინციპები, ქცევის კოდექსები, წესები და  რეგულაციები), ისე უარყოფითი (სანქციები) ზომების გატარებით.

როგორ მუშაობს ნორმები?

იძულებითი ზომები მნიშვნელოვნად განპირობებულია იმით, თუ როგორ განსაზღვრავს სახელმწიფო კორუფციას. იმის მიხედვით, თუ სამართლებრივად რა ითვლება კორუფციულ დარღვევად, შეიძლება სხვადასხვა იძულებით ზომის გამოყენება. კორუფციისთვის  დაწესებული სანქციები უნდა იყოს ეფექტიანი, პროპორციული და შემაკავებელი. ისინი შეიძლება იყოს ფულადი სახის და შეიძლება ითვალისწინებდეს სასჯელს, რომელიც ფიზიკურ პირებს შეუზღუდავს თავისუფლებას. სანქციები უნდა იყოს სამართლიანი და პრევენციული ხასიათის. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი სანქციები ითვალისწინებდეს შემდეგ სახელმძღვანელო პრინციპებს (შემუშავებულია საერთაშორისო გამჭვირვალობის მიერ):

  • კორუფციის შესახებ კანონები უნდა შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს და უნდა უზრუნველყოფდეს სამართლიან სასამართლო განხილვას ბრალდებულებისთვის
  • არ უნდა იყოს ზედმეტად რეპრესიული
  • სანქციები უნდა ხელმძღვანელობდეს განაჩენის გამოტანის მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპებით
  • ანტიკორუფციული კანონები უნდა შეეხებოდეს ერთნაირად საჯარო და კერძო სექტორებს
  • აუცილებელია სისხლის სამართლის კანონმდებლობის პერიოდული გადახედვების ჩატარება
  • სისხლის სამართლის კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს კორუფციული გზით მიღებული შემოსავლების კვალის მოძიებას, ამოღებას, გაყინვას და კონფისკაციას. ამისთვის შეიძლება საჭირო გახდეს სპეციალური დებულებების შექმნა.
  • კორუფციული დანაშაული უნდა გულისხმობდეს როგორც ქრთამის გაცემას, ისე მის მიღებას [1]

სანქციებით პირს უნდა ჩამოერთვას კორუფციული დანაშაულით მიღებული შემოსავლები, იმ ქონების მხედველობაში მიღებით, რომელმაც გაიარა ფულის გათეთრების სისტემაში. ამის გამო შეიძლება საჭირო გახდეს ბრალდების და გამოძიების სპეციალური უფლებებით აღჭურვა, რაც ხშირად მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას და სამართლებრივ სტანდარტიზებას (მაგ., კორუფციული დანაშაულის ერთიანი განსაზღვრება). ორგანიზაციები, როგორიცაა ინტერპოლი, გაეროს ოფისი ნარკოტიკების და დანაშაულის წინააღმდეგ და ევროპის საბჭო, უზრუნველყოფენ ქვეყნებისთვის მნიშვნელოვან მხარდაჭერას, როდესაც საქმე ეხება სამართლებრივ სტანდარტებს და სახელმძღვანელო პრინციპებს კორუფციის საკითხში.[2]

იძულებით ზომებსა და სანქციებთან ერთად, არსებობს ნებაყოფლობითი სახელმძღვანელო პრინციპები, ქცევის კოდექსები, ეთიკის საკითხებზე რეკომენდაციები და სხვა არაფორმალური მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც საფუძველს უქმნის ღირსების და კეთილსინდისიერების კულტურის ჩამოყალიბებას და დიდად უწყობს ხელს კორუფციის წინააღმდეგ ბროლას და კორუფციული საქციელის პრევენციას.

იმისათვის რომ წესების და რეგულაციების სისტემამ სათანადოდ იმუშაოს, უნდა არსებობდეს კორუფციული ქმედების შესახებ დროული ინფორმირების მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მოწმეების და მამხილებლების დაცვას. კორუფციის წინააღმდეგ გაეროს კონვენციის მუხლში 33 აღნიშნულია, რომ ქვეყნებმა უნდა ჩართონ თავიანთ სამართლებრივ სისტემებში სათანადო ზომები, რომლებიც უზრუნველყოფენ იმ პირების არასათანადო მოპყრობისგან დაცვას, რომლებმაც კეთილსინდისიერად და გონივრულ საფუძველზე  შეატყობინეს კომპეტენტურ ორგანოებს კორუფციული დანაშაულის ფაქტების შესახებ.

ვინ მონაწილეობს/ვის შეეხება?

როგორც ეს განსაზღვრულია ევროპის საბჭოს კონვენციაში კორუფციისთვის  სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ,[3] სისხლის სამართლის კანონმდებლობა ბრალს სდებს კანონის დამრღვევებს, მიუხედავად იმისა, ისინი კორუფციის მიმღებ თუ გამცემ მხარეს იმყოფებიან, ასევე, თუ ისინი ხელს უწყობენ კორუფციას ან ანაწილებენ მიღებულ შემოსავლებს.[4] კონვენციაში ნათქვამია, რომ უსაფუძვლო უპირატესობის პირდაპირი ან ირიპი დაპირება, მიცემა ან შეთავაზება ნებისმიერი პირისთვის, რომელიც ამტკიცებს ან ადასტურებს, რომ მას შეუძლია არასათანადო ზეგავლენის მოხდენა გადაწყვეტილების მიღებაზე, ითვლება კორუფციულ სამართალდარღვევად და უნდა განისაზღვროს ასეთად ეროვნულ კანონმდებლობაში. ეს შეეხება ყველას – ინდივიდებს, კომპანიებს და ორგანიზაციებს.

წყაროები:

Centre for Integrity in the Defence Sector.  Criteria for Good Governance in the Defence Sector: International Standards and Principles (2015)

Council of Europe, 1999, Criminal Law Convention on Corruption. 

Council of Europe, Convention on Laundering, Search, Seizure and Confiscation of the Proceeds from Crime and on the financing of Terrorism

Council of Europe, Convention on Laundering, Search, Seizure and Confiscation of the Proceeds from Crime

DCAF 2015, International Standards of Financial Oversight in the Security Sector. Toolkit- Legislating for the Security Sector.

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices.

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security: 20 Practical Reforms

Royal Norwegian Ministry of Defence, 2011, Ethical Guidelines for Contact with Business and Industry in the Defence Sector. 

UN Office on Drugs and Crime, United Nations Convention Against Corruption

New editions of the DCAF SSR Backgrounder Series 

 

[1] NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices. “Regulatory Frameworks” p. 176.

[2] იხილეთ: United Nations Convention Against Corruption UNODC: https://www.unodc.org/unodc/en/treaties/CAC/ ; Convention on Laundering, Search, Seizure and Confiscation of the Proceeds from Crime, Council of Europe: http://conventions.coe.int/Treaty/en/Treaties/Html/141.htm ; Convention on Laundering, Search, Seizure and Confiscation of the Proceeds from Crime and on the financing of Terrorism, Council of Europe: http://conventions.coe.int/Treaty/EN/Treaties/Html/198.htm

[3] Criminal Law Convention on Corruption, Council of Europe, 1999. იხილეთ აქ: http://conventions.coe.int/Treaty/EN/Treaties/Html/173.htm

[4] NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption p. 175.