აუდიტი ფინანსური და სამართლებრივი ზედამხედველობის ნაწილია და უაღრესად მნიშვნელოვან როლს ასრულებს უსაფრთხოების სექტორის კარგ მმართველობაში. აუდიტი უსაფრთხოების სექტორის ხარჯების გადახედვის, მონიტორინგის და შეფასების პროცესია. აუდიტის ფუნქცია, ძირითადად, დამოუკიდებელი სააუდიტო ინსტიტუტების პასუხისმგებლობაა, ხოლო დემოკრატიული ინსტიტუტები, აღმასრულებელი და სამთავრობო ორგანოები აუდიტს ახორციელებენ შინაგანაწესის საფუძველზე. სამოქალაქო ორგანიზაციებსაც შეუძლიათ აუდიტის ჩატარება და თავიანთი წვლილის შეტანა სხვა ჩართული მხარეების, მათ შორის, პარლამენტის, დებატებში პოლიტიკის კურსის შემუშავების საკითხებზე. სამოქალაქო საზოგადოება და პარლამენტი მნიშვნელოვან ზედამხედველობას უწევენ უსაფრთხოების სექტორში მუშაობის ხარისხს, ბიუჯეტირებას და თანხების ხარჯვას.

რა არის აუდიტი?

ფინანსური ზედამხედველობა მოიცავს უსაფრთხოების სექტორში ფინანსური ხარჯვის ციკლის ყველა ეტაპს, დაწყებული ბიუჯეტის შედგენით და დამთავრებული შეძენით და სამუშაოს შესრულების ხარისხის შეფასებით. ეს პროცესი გულისხმობს ბიუჯეტის შესაბამისობის შეფასებას, საჯარო რესურსების ხარჯვის მონიტორინგს და გაწეული ხარჯების შედეგად მიღებული პროდუქტის შეფასებას თავდაპირველად დასახული ამოცანების მიმართ. სამართლებრივი ზედამხედველობა მიზნად ისახავს, რომ სახელმწიფო ხარჯები და ფინანსები შეესაბამებოდეს კანონებს, რომლებიც მართავს სახელმწიფო ფონდების განკარგვას. კორუფციის და ფინანსების არასწორი მართვის შემთხვევები გადაეცემა სამართალდაცვის და სასამართლო ორგანოებს.

რატომაა მნიშვნელოვანი?

ინსპექტირების და აუდიტის ეფექტიანი სისტემა უზრუნველყოფს დარღვევების დეტექტირებას და დასჯადობას და, ამდენად, უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს პოტენციური კორუფციის შემცირებაში. კორუფციის არარსებობის შემთხვევაშიც კი, აუდიტი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია თავდაცვის სექტორში მართვის და გადაწყვეტილებების მიღების სისტემების კეთილსინდისიერების და მწირი რესურსების ეფექტური გამოყენების უზრუნველსაყოფად.[1]

როგორ მუშაობს?

აუდიტი შეიძლება ეყრდნობოდეს წლიური ანგარიშების, საბანკო ანგარიშების და სხვა დოკუმენტაციის მიმოხილვას, რომელსაც უსაფრთხოების სექტორი წარმოადგენს, როგორც რეგულარული დემოკრატიული პროცესის ნაწილს. აუდიტი, ასევე, შესაძლოა მოიცავდეს სპონტანურ ვიზიტებს და გამოკვლევებს. მთავარ აუდიტორს ხელი უნდა მიუწვდებოდეს ყველა იმ ინფორმაციაზე, რომელიც მას სჭირდება ზედამხედველობის ფუნქციის შესასრულებლად. გამონაკლისი შეიძლება იყოს ის შემთხვევები, როდესაც საჭიროა ინფორმაციის წყაროს დაცვა ან როდესაც საქმე ეხება მაღალსენსიტიური ოპერაციის დეტალებს. გამჭვირვალობა უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანი ზედამხედველობის და აუდიტის წინაპირობაა.

აუდიტის მიზანია კორუფციის და თანამდებობის ბოროტად გამოყენების დეტექტირება და პრევენცია: ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა, საფუძვლის მომზადება რეკომენდაციებისთვის, შეცდომების გამოსწორების მოთხოვნა და უსაფრთხოების სექტორის ეფექტიანობის გაუმჯობესება. სხვა სიტყვებით, აუდიტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ფონდების სათანადო გამოყენებას.

ვინ მონაწილეობს?

ბევრ ქვეყანაში აუდიტის ეროვნული უწყება იქმნება საკონსტიტუციო კანონით, როგორც აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი ინსტიტუტი. ეროვნული სააუდიტო ორგანო უნდა დაამტკიცოს პარლამენტმა კონკრეტული ვადით. აუდიტორებს უნდა ჰქონდეთ სამართლებრივი და პრაქტიკული ინსტრუმენტები და რესურსები, რომლებიც მათ საშუალებას მისცემს ეფექტიანად შეასრულონ თავიანთი საქმე. ამ ორგანოებს უფლება უნდა ჰქონდეთ ანგარიში გააკეთონ ხარჯებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე. პარლამენტმა უნდა უზრუნველყოს სასამართლო სანქციების არსებობა კორუფციის და საჯარო ფონდების ბოროტად გამოყენების შემთხვევებისთვის.[2]

სააუდიტო უწყების მიერ შესასრულებელი დავალებები მოიცავს:[3]

  • მთავრობის დეპარტამენტების და აღმასრულებელი ორგანოების ფინანსური ანგარიშების აუდიტს
  • ბიუჯეტის პროგნოზის შემუშავებას, ბიუჯეტის პროექტის ანალიზს, ხარჯთაღრიცხვის დადასტურებას და ბიუჯეტის ალტერნატიული ვარიანტების წარმოდგენას
  • პოლიტიკის და პროგრამების ფინანსური ასპექტების ანალიზს
  • საჩივრებზე და მხილებებზე რეაგირებას
  • დეპარტამენტების მხარდაჭერას მათი ფინანსური მართვის გაუმჯობესების მიზნით
  • საუკეთესო პრაქტიკის შესახებ ინფორმაციის გაზიარებას

სააუდიტო ორგანომ ეს ამოცანები უნდა შეასრულოს შემდეგი ძირითადი პრინციპების დაცვით:[4]

  • ფასის და შედეგის სათანადო შეფარდება
  • ეფექტიანობა
  • ქმედითობა

ამოცანების სათანადოდ შესასრულებლად:

  • სააუდიტო უწყებამ ანგარიში უნდა წარუდგინოს პარლამენტის საბიუჯეტო ხარჯების კომიტეტს, რომელიც მუშაობს ბიუჯეტის კომიტეტისგან დამოუკიდებლად
  • უწყებას ხელი უნდა მიუწვდებოდეს საიდუმლო ინფორმაციაზე
  • უწყებას უნდა ჰქონდეს მულტიდისციპლინარული შესაძლებლობები, მათ შორის, ექსპერტული ცოდნა უსაფრთხოების სექტორის, თავდაცვის მართვის და ტექნიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ საკითხებში.

წყაროები:

DCAF, Inter-Parliamentary Union (2003), Parliamentary Oversight of the Security Sector.

DCAF, NATO (2010), Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices

DCAF, UNDP (2008), Public Oversight of the Security Sector. A Handbook for Civil Society Organisations.

Hans Born, Ian Leigh (2005), Making Intelligence Accountable: Legal Standards and Practice for Oversight of Intelligence Agencies.

OSCE (2016), Handbook on Combating Corruption.

OSCE (2016), Security Sector Governance and Reform Guidelines for OSCE staff.

 

[1] DCAF, NATO (2010), Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices.

[2] Hans Born, Ian Leigh (2005), Making Intelligence Accountable: Legal Standards and Practice for Oversight of Intelligence Agencies.

[3] DCAF, NATO (2010), Building Integrity and Reducing Corruption in Defence. ibid.

[4] DCAF, Inter-Parliamentary Union (2003), Parliamentary Oversight of the Security Sector.


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk