არ არსებობს კორუფციის უნივერსალური განსაზღვრება. საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) განსაზღვრებით, კორუფცია არის „მინდობილი (საჯარო ან კერძო) უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება არალეგიტიმური (კერძო ან ჯგუფური) სარგებლის მიღების მიზნით“. ეს განმარტება ფართოდ გამოიყენება. თუმცა, მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ კორუფცია ძალზე კონტექსტუალურია; შესაბამისად, განსხვავებულია აღქმა და გაგება იმისა, თუ რა ითვლება კორუფციად. თავდაცვის სექტორში კეთილსინდისიერების განმტკიცების ცენტრის (CIDS) განსაზღვრებით, კორუფცია ინსტიტუტის შიდა პრაქტიკაა, რომელიც ამცირებს ამ ინსტიტუტის შესაძლებლობებს, შეასრულოს თავისი ფუნქციები მიკერძოების გარეშე და სათანადო ანგარიშვალებულებით.[1]

რა არის კორუფცია თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში?

კორუფციამ უსაფრთხოების სექტორში შეიძლება მრავალი ფორმა მიიღოს. ეს შეიძლება იყოს ქიქბექი (მადლიერების ნიშნად საფასურის გადახდა) და ქრთამი, კონკურსის გარეშე კონტრაქტების გაცემა ან ჯარისკაცების ხელფასებით მანიპულირება, ბიუჯეტის არასწორი ხარჯვა და სამხედო რესურსების გამოყენება არასაბიუჯეტო მოგების მისაღებად.[2] ამ ბოლო დროს სწრაფად იზრდება კერძო სამხედრო და უსაფრთხოების კომპანიების რაოდენობა, რომლებიც ასრულებენ იმ ფუნქციებს, რაც ადრე სახელმწიფოს პასუხისმგებლობა იყო და რაც ახლა, ვიწრო რეგულაციებით, გადაეცათ ამ კომპანიებს. ამ მოვლენამ კიდევ უფრო გაზარდა კორუფციის შესაძლებლობები.[3] მატს ბერდალი და დევიდ მელოუნი განასხვავებენ კორუფციის სამ ტიპს:

  • საჭიროებაზე დაფუძნებული (წვრილმანი) კორუფცია გავრცელებულია დაბალი და საშუალო რანგის მოსამსახურეებში, რომლებსაც არ შეუძლიათ საკუთარი საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილება დაბალი ხელფასების გამო.
  • სიხარბეზე დაფუძნებული (ელიტური) კორუფცია გულისხმობს მაღალი ჩინის სამხედრო და სახელმწიფო მოხელეებში, ასევე, კერძო კომპანიებში და შუამავლებში/აგენტებში გავრცელებულ კორუფციას.
  • პირამიდული კორუფცია აკავშირებს მაღალჩინოსან სახელმწიფო და სამხედრო მოხელეებს და დაბალი და საშუალო დონის მოსამსახურეებს უკანონო შემოსავლების გადანაწილებით და კორუფციული ფულის ქვემოდან ზემოთ აღმასვლით.[4]

აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის სისხლის სამართლის კოდექსი განასხვავებს პასიურ და აქტიურ კორუფციას.

  • პასიური კორუფცია არის შეთავაზებების, დონაციების, საჩუქრების და უპირატესობების პირდაპირი ან არაპირდაპირი თხოვნა ან მიღება, ამგვარი უფლების არარსებობის პირობებში.
  • აქტიური კორუფცია არის შეთავაზებების, დაპირებების, დონაციების, საჩუქრების და უპირატესობების პირდაპირი ან არაპირდაპირი შეთავაზება, ამგვარი უფლების არარსებობის პირობებში.[5]

რატომაა კორუფცია მნიშვნელოვანი რისკი?

კორუფცია აფერხებს განვითარებას და ასუსტებს თანამედროვე საზოგადოებებს. კორუფცია არყევს საზოგადოების რწმენას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ. კორუფცია განსაკუთრებით ხელს უშლის გარდამავალი ქვეყნების პროგრესს სახელმწიფოს მშენებლობაში არსებული რესურსების გადამისამართებით. კორუფციული პრაქტიკით მიღებული რესურსები ხშირად გარდაიქმნება ეკონომიკურ და სოციალურ გავლენებად, რაც ასუსტებს დემოკრატიულ ინსტიტუტებს და კორუფციის კიდევ უფრო ფართო გავრცელებას უწყობს ხელს. თავდაცვის სექტორი ნოყიერ ნიადაგს ქმნის კორუფციული საქმიანობისთვის – მისი საიდუმლო კულტურის და დაუსჯელობის შესაძლებლობების გამო, რაც მას იცავს მკაცრი შემოწმებისგან.[6]

კორუფცია ძირს უთხრის შეიარაღებული ძალების ქმედითობას და ეფექტიანობას. ჯარში დაბალი მორალი და არასათანადო აღჭურვილობა იწვევს ველზე ადამიანური დანაკარგის ზრდას, რამაც შეიძლება დააზიანოს ეროვნული უსაფრთხოების უფრო ფართო ამოცანები. სამხედრო ბიუჯეტი მცირდება მაშინ, როცა მცირე რესურსები გამოიყოფა იმ ჯგუფისთვის, რომელიც ითვლება კორუმპირებულად. ეს იწვევს უფრო მეტ კორუფციას, რადგან იწყება ჯგუფებს შორის კონკურენცია მწირი რესურსების გადანაწილებაზე, რაც, საბოლოო ჯამში, ქმნის კორუფციის მანკიერ წრეს.

რა ზემოქმედება აქვს კორუფციას თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე?

კორუფცია ძვირი ჯდება. კორუფციის შედეგად ხდება მწირი რესურსების გადამისამართება სხვა სექტორებიდან – მაგალითად, ჯანდაცვა და განათლება –  რომლებსაც ეს რესურსები ძალიან სჭირდებათ. კორუფცია აფერხებს უსაფრთხოების სექტორის ეფექტიან მუშაობას. კორუფციული და არაეფექტური სამხედრო ძალები აკნინებს სახელმწიფო ინსტიტუტებს საზოგადოების თვალში. გარდა ამისა, კორუფციის შედეგად სერიოზულად მცირდება ჯარის ბრძოლისუნარიანობის ხარისხი. კორუფცია დანიშვნების და ღირსების მინიჭების პროცედურებში დიდ გავლენას ახდენს ჯარის განწყობაზე. კორუფციამ შეიძლება შეუქმნას შესაძლებლობა ტერორისტებს და ორგანიზებულ დანაშაულებრივ ჯგუფებს, მოიპოვონ ინფორმაცია, ნოუ-ჰაუ, საშიში მასალები, შეირაღების ტექნოლოგიები და სისტემები. უსაფრთხოების და თავდაცვის ორგანიზაციების კორუფციული კავშირები ორგანიზებულ დანაშაულთან ქვეყნის უსაფრთხოებას და ხალხს უშუალო საფრთხეს უქმნის. კორუფცია უარყოფითად მოქმედებს შეიარაღებული ძალების რეპუტაციაზე საერთაშორისო ოპერაციებში.[7]

ვის შეეხება კორუფცია? ვის შეუძლია მასთან ბრძოლა?

თავდაცვის და უსაფრთხოების სექტორში კორუფცია შეეხება შემდეგ სფეროებს:

  • კადრების მართვა;
  • ბიუჯეტის და ფინანსების მართვა, შესყიდვები, საკომპენსაციო მექანიზმები;
  • აუთსორსინგი, პრივატიზაცია, საჯარო და კერძო სექტორს შორის პარტნიორობა;
  • ზედმეტი აღჭურვილობის და ინფრასტრუქტურის გამოყენება;
  • სამხედრო ოპერაციები და თავდაცვის პირადი შემადგენლობის და ქონების გამოყენება სამეურნეო-ეკონომიკურ საქმიანობაში. [8]

საერთაშორისო გამჭვირვალობა თვლის, რომ უსაფრთხოების სექტორის პოლიტიკურ განზომილებას კორუფციისკენ აქვს მიდრეკილება. ამ თვალსაზრისით, კორუფციის პოტენციური წყარო შეიძლება გახდეს კანონის დარღვევით განხორციელებული: უსაფრთხოების პოლიტიკა; კავშირი თავდაცვასა და ეროვნულ აქტივებს შორს; დაზვერვის სამსახურების კონტროლი და დაგეგმვის და პოლიტიკის შემუშავების სხვა პროცედურები, მაგალითად, ეროვნული უსაფრთხოების სტარტეგია.[9]

კორუფცია შეეხება უსაფრთხოების და თავდაცვის პერსონალის ყველა რგოლს და შეიძლება მიიღოს სხვადასხვა ფორმა – მაგალითად, ქურდობა, გამოძალვა, მექრთამეობა და გავლენების ქსელის შექმნა. სხვადასხვა ფაქტორმა – როგორიცაა გამჭვირვალობის ნაკლებობა (საიდუმლოობის კულტურა), საოპერაციო გადაუდებლობა, ზედამხედველობის მექანიზმების ნაკლებობა და სათანადო წესების და რეგულაციების არარსებობა – შეიძლება შექმნას ფინანსური და სხვა რესურსების კორუფციული გადამისამართებისთვის ხელშემწყობი ატმოსფერო. ამ კონტექსტში გადამწყვეტ როლს ასრულებენ მამხილებლები, რომლებიც დარღვევის შესახებ ამცნობენ სათანადო ორგანოებს. საზედამხედველო კომიტეტები, ომბუდსმენის ინსტიტუტები და ინსპექტორები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. თავისთავად მათი არსებობაც კი პრევენციულ როლს თამაშობს. პარლამენტს, თავდაცვის და სხვა სამინისტროებს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და აკადემიური წრეებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. საერთაშორისო ორგანიზაციებს და სხვა სახელმწიფოებს აქვთ შესაძლებლობა, ქვეყნებს მიაწოდონ რეკომენდაციები და გაუზიარონ საუკეთესო გამოცდილება და საერთაშორისო სტანდარტები.[10]

წყაროები:

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for Good Governance in the Defence Sector: International Standards and Principles (2015) 

Centre for Integrity in the Defence Sector. Integrity Action Plan. A handbook for practitioners in defence establishments (2014) 

CIDS (2015) Guides to Good Governance: Professionalism and integrity in the public service. No 1.

Centre for Integrity in the Defence Sector (2015) Guide to Good Governance (No 2) 

DCAF (2015), Parliamentary Brief: Building Integrity in Defence. 

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence: A Compendium of Best Practices.

NATO (2012) Building Integrity Programme 

Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption in Defence and Security: 20 Practical Reforms. 

Transparency International (2008). ‘Corruption and (In)security’, Working Paper, No. 4.

Transparency International (2007). ‘Addressing corruption and building integrity in defence establishments’, Working Paper, No. 2.

DCAF SSR Backgrounder Series -ის ახალი გამოცემები.

 

[1] წყაროები: TI (2015), Corruption: Lessons from the international mission in Afghanistan. p 20. CIDS (2015) Criteria for Good Governance in the Defence Sector: International Standards and Principles. p 3. CIDS, Integrity Action Plan, p 10.

[2] DCAF (2015), Parliamentary Brief: Building integrity in Defence. 

[3] NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices, p. 5.

[4] In NATO-DCAF, (2010). Building Integrity, p. 151-152. See: Mats R. Berdal and David Malone, eds., Greed and Grievance: Economic Agendas in Civil Wars. (London 2009)

[5] იქვე, p. 174.

[6] იქვე, NATO-DCAF, (2010). Building Integrity, p. 1-3.

[7] იქვე, p. 3-12.

[8] იქვე, p. 5

[9] Transparency International (2011). Building Integrity and Countering Corruption In Defence and Security: 20 Practical Reforms.  p. 10. 

[10] DCAF (2015), Parliamentary Brief: Building integrity in Defence.