სამართალდაცვა ყოველდღიურ ცხოვრებაში მოქალაქეებისთვის უსაფრთხოების მიწოდების უზრუნველყოფაა, რომელიც ხორციელდება ქვეყნის სამართლებრივ ჩარჩოებში მოქცეული შეკავების და პრევენციის მექანიზმების საშუალებით და რომელიც, კანონის დარღვევის შემთხვევაში, ასევე იყენებს შესაფერის ინტერვენციებს. სამართალდაცვა, ძირითადად, ხორციელდება პოლიციის – სამოქალაქო ძალის – მიერ, რომელიც პასუხისმგებელია დანაშაულის პრევენციასა და დეტექტირებაზე და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებაზე. ტერმინი „პოლიცია“ ამდენად გულისხმობს ყველა სამართალდამცავ ორგანოს: ეროვნულ, ადგილობრივ და სპეციალურ სამსახურებს, რომლებიც ახორციელებენ პოლიციის უფლებამოსილებას. ასეთია, მაგალითად, სათემო პოლიცია, ან პოლიციის ოპერატიული და საგამოძიებო განყოფილებები. პოლიცია სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ჯაჭვის განუყოფელი ნაწილია, რომელიც ერმანეთთან აკავშირებს სახელმწიფო უსაფრთხოებას და მართლმსაჯულების უზრუნველყოფას.[1]

რა არის ეფექტიანი სამართალდაცვა?

უსაფრთხოების სექტორის კარგი მმართველობის დროს ეფექტიანი სამართალდაცვა ნიშნავს, რომ პოლიციის ორგანოებს და პერსონალს აქვთ უნარი უზრუნველყონ სახელმწიფო და ადამიანური უსაფრთხოება დემოკრატიული სამოქალაქო კონტროლის ჩარჩოებში და, ამავე დროს, დაიცვან ადამიანის უფლებები და კანონის უზენაესობის პრინციპი.[2]

რატომაა დემოკრატიული ზედამხედველობა მნიშვნელოვანი ეფექტიანი სამართალდაცვისთვის?

საყოველთაოდ მიღებულია, რომ საზოგადოებამ უნდა გაუწიოს კონტროლი მთავრობას და საჯარო სამსახურებს, მათ შორის, პოლიციას. ეს სასიცოცხლო მნიშვნელობისაა იმისთვის, რომ საჯარო სამსახურებმა უპასუხონ საზოგადოების საჭიროებებს და რომ პოლიციის საქმიანობა არ ეწინააღმდეგებოდეს საზოგადოების ინტერესებს (მაგ. კორუფცია). დემოკრატიულ ქვეყნებში საზოგადოება აკონტროლებს პოლიციას (და სხვა სამთავრობო ინსტიტუტებს) არაპირდაპირ, არჩეული წარმომადგენლების მეშვეობით. საზოგადოებას, ასევე, შეიძლება კონტაქტი ჰქონდეს პოლიციასთან სხვადასხვა პლატფორმების საშუალებით, მათ შორის, სათემო პოლიციის საბჭოების საშუალებით. დემოკრატიული მმართველობის კიდევ ერთი კომპონენტია ზედამხედველობა და მონიტორინგი. პოლიციის საზედამხედველო ორგანოების საქმიანობის შემუშავების, განაწილების და გადახედვის გზით, პარლამენტი ქმნის კავშირს საზოგადოებას და პოლიციას შორის. გარე მონიტორინგი და ზედამხედველობა ხელს უწყობს გამჭვირვალობის და ზედამხედველობის გაძლიერებას და, ამდენად, ზრდის საზოგადოების ნდობას სამართალდამცავი ორგანოების და, ზოგადად, სახელმწიფოს მიმართ.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია სამართალდაცვის სექტორის თანამშრომლების კეთილსინდისიერების უზრუნველყოფა. პოლიციაში და სხვა სამართალდამცავ ორგანოებში ფართოდ გავრცელებული კორუფცია ბევრი საპოლიციო სისტემისთვის არის დამახასიათებელი: რადგან პოლიცია გადამწყვეტ როლს ასრულებს საზოგადოების დაცულობაში და ხშირი შეხება აქვს მოქალაქეებთან, „კორუფციის დაღი“ გადაიქცა ყოველდღიური ცხოვრების თანმდევად. პოლიციას უნდა ჰქონდეს საზოგადოების ნდობა, რადგან არ არსებობს სხვა ორგანო, რომელიც საზოგადოებისთვის უზრუნველყოფს კანონის დაცვას და საზოგადოებრივი წესრიგის შენარჩუნებას. უფრო მეტიც, კორუმპირებული პოლიცია ცუდი მაგალითია საზოგადოებისთვის. სახელმწიფო კანონის პატივისცემას უზრუნველყოფს მაშინ, როდესაც ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან კანონის განხორციელებაზე, პოზიტიური მაგალითი გახდებიან საზოგადოებისთვის.[3]

აღსანიშნავია, რომ პოლიციის საქმიანობის ნაწილი არ არის თვალსაჩინო და, ამდენად, ნაკლებად გამჭვირვალეა. ამას ემატება ის, რომ პოლიციას ხშირი კონტაქტი აქვს საზოგადოების კრიმინალურ ნაწილთან, მათ შორის, ნარკოტიკების გამსაღებლებთან და ადამიანის ტრეფიკინგში ჩართულ დამნაშავეებთან. ამ ნიშნების გამო სამართალდამცავ სექტორში მაღალი კორუფციის რისკია და, ამდენად, პოლიციაში კეთილსინდისიერების განმტკიცებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს.

როგორ მუშაობს გარე კონტროლი და ზედამხედველობა?

გარე ზედამხედველობის და კონტროლის ინსტიტუტები მოქმედებს შიდა კონტროლის სისტემების პარალელურად. გარე მექანიზმებში პროფესიონალიზმის და გამჭვირვალობის სტანდარტების შენარჩუნება დამოკიდებულია შიდა კონტროლის მექანიზმების ეფექტიანობაზე. შიდა კონტროლი მოიცავს თანამშრომელთა დაქირავების პროცესში შერჩევას და უშუალო მენეჯერების მიერ თანამშრომლების ხელმძღვანელობას, სავარაუდო კორუფციის შემთხვევების გამოძიებას შიდა ანტიკორუფციული ორგანოების მიერ, კორუმპირებული პოლიციის ოფიცრების მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენებას, კორუფციის რისკების მონიტორინგს და პოლიციის სისტემაში კორუფციის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის ხელშეწყობას.ზედამხედველობის და გარე კონტროლის ძირითადი მიზანია უზრუნველყოს შიდა კონტროლის ფუნქციონირება, მონიტორინგი გაუწიოს შიდა კონტროლს და უზრუნველყოს მექანიზმები პოლიციაში კორუფციის შესახებ საჩივრების წარსადგენად; ასევე, იმ საჩივრებზე რეაგირება, რომლებიც იგნორირებულია ან რომელთან გამკლავებაც არ შეუძლიათ პოლიციის სამსახურებს.[4]

სამართალდამცავ სექტორში კეთილსინდისიერების განმტკიცების ზომები

  • პოლიციაში კეთილსინდისიერების განმტკიცების სამართლებრივი მეთოდები

სასჯელი კორუფციული და არაეთიკური ქმედებებისთვის უნდა იყოს სერიოზულად აღქმული და მათ შესახებ ინფორმაცია ფართოდ უნდა იყოს გავრცელებული პოლიციის დაწესებულების შიგნით. ამგვარი ქმედების ჩამდენი პირების დასახელება და განსჯა სასარგებლო ინსტრუმენტია იმის გასაცნობიერებლად, რომ კორუფციული ქმედება მიუღებელია და რომ ასეთ ქმედებაზე მოხდება რეაგირება. სასჯელის ეფექტიანობისთვის აუცილებელია, რომ მონიტორინგის და განხორციელების სისტემა ეყრდნობოდეს ძლიერ სამართლებრივ ბაზას. კანონმდებლობამ უნდა დეტალურად განსაზღვროს, თუ როგორი ქმედება არის კორუფციული, არაეთიკური ან შეუფერებელი.

  • სამართალდამცავ ორგანოებში კეთილსინდისიერების განმტკიცების ადმინისტრაციული მეთოდები

პოლიციაში კეთილსინდისიერების განმტკიცების ზომები შეიძლება დაიწყოს სამუშაოზე აყვანის ეტაპზე, აგრეთვე პერსონალის როტაციის საშუალებით. სამართალდამცავ ორგანოებში პერსონალის დაქირავება და დაწინაურება უნდა ხდებოდეს კონკურენტული გამოცდების და დანიშვნების საფუძველზე და თანამშრომლების მიღება უნდა ხდებოდეს მათი კვალიფიკაციის და პოზიციისთვის მათი შესაფერისობის მიხედვით. წინასწარ უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული პოლიციის ოფიცრების დანიშვნის კრიტერიუმები, როგორიცაა მინიმალური განათლების სტანდარტები. უნარების ტესტებით უნდა შეფასდეს როგორც ფიზიკური, ისე ფსიქოლოგიური უნარები, განსაკუთრებით, როდესაც საქმე ეხება კანდიდატის დამოკიდებულებებს ძალადობის და არასათანადო ქმედების მიმართ და კანდიდატის შესაძლებლობებს კრიზისულ სიტუაციაში გადაწყვეტილება მიიღოს შესაფერისი ქმედების განხორციელებაზე.[5]

პოლიციის პერსონალის როტაცია მათი სხვა განყოფილებაში გადაყვანის გზით და პოლიციელებს შორის ზედმეტად კომფორტული ურთიერთობების ჩამოყალიბების თავიდან აცილება კიდევ ერთი გზაა კორუფციის რისკების შესამცირებლად. თუმცა, აქაც საჭიროა სიფრთხილის და პრაქტიკული მიდგომის გამოყენება, რადგან როტაციამ შეიძლება შეასუსტოს ინსტიტუციური მეხსიერება და გამოიწვიოს გამოცდილების კარგვა და ამით უარყოფითად იმოქმედოს პოლიციის ეფექტიანობაზე. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს დეპარტამენტებს, რომლებსაც შემხებლობა აქვთ მაღალმომგებიან და ხანგრძლივ კრიმინალურ საქმიანობასთან. ასეთ დეპარტამენტებში მეტად მოსალოდნელია არაეთიკური საქციელი თანამშრომლების მხრიდან, რადგან იქმნება მოკლე დროში მაღალი ჯილდოს ადვილად მიღების გრძელვადიანი შესაძლებლობები.[6]

ზოგიერთ ექსპერტის აზრით, პერსონალის ხელფასები უნდა განისაზღვრებოდეს კანონმდებლობით და დამოკიდებული უნდა იყოს რანგზე და იერარქიაზე, და არა შესრულებული სამუშაოს ხარისხზე და მოცულობაზე. ხელფასები უნდა გაიცემოდეს რეგულარულად, სრულად და სამუშაო პირობების გათვალისწინებით, რათა არ მოხდეს არასამართლიანი ანაზღაურების საფუძველზე არასათანადო საქციელის ჩადენა. ამასთან, მთლიანად სისტემას მონიტორინგს უნდა უწევდეს ძლიერი საკონტროლო მექანიზმები და ინსტიტუტები.[7]

პოლიციისთვის სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა ასევე ზეგავლენას ახდენს ლოიალობის და ეთიკური საქციელის ხარისხზე. სახელმწიფო მხარდაჭერა შეიძლება მოიცავდეს როგორც პოზიტიურ (მაგ. აღიარება და დაფასება), ისე უარყოფით მექანიზმებს (მაგ. სამართლიანი და ეფექტიანი სანქციები).

გენდერული ბალანსის გაუმჯობესებამ პოლიციაში შესაძლებელია ხელი შეუწყოს კორუფციის პრევენციას, რადგან გამოცდილება გვიჩვენებს, რომ ერთი სქესის ადამიანების გაერთიანებები უფრო მიდრეკილია შექმნას არაფორმალური კორუფციული ქსელი. გენდერული ბალანსის დაცვის შემთხვევაში, კორუფციული თანამშრომლობის კავშირების შექმნა უფრო რთულია და ნაკლებად სავარაუდოა მათი გაფართოება.

ქცევის კოდექსი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია კორუფციის შესაზღუდად და კეთილსინდისიერების განსამტკიცებლად სამართალდამცავ ინსტიტუტებში. ქცევის კოდექსის შემოღებას მხარს უნდა უჭერდეს და ახალისებდეს ინსტიტუტების ხელმძღვანელობა.

  • საგანმანათლებლო მეთოდები

პოლიციაში რეგულარულად უნდა ხდებოდეს კეთილსინდისიერების სწავლება და წახალისება, მათ შორის, სემინარების და ტრენინგების საშუალებით. პრეზენტაციები უნდა ემსახურებოდეს კეთილსინდისიერების მნიშვნელობის და კორუფციის რისკების შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ქცევის კოდექსის განმარტებას და ხელშეწყობას, და უნდა წარმოდგენდეს ფორუმს, სადაც მუდმივად მოხდება კონცეფციების განმარტება და ცოდნის ამაღლება. რადგან კორუფცია კომპლექსური და ცვალებადი ცნებაა, უნდა ხდებოდეს მისი განსაზღვრების მუდმივი განახლება. ზოგჯერ ხდება, რომ საქმიანობა, რომელიც ადრე არ ითვლებოდა კორუფციულად, შეიძლება აღარ ჩაითვალოს მისაღებად. ამიტომ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს კარგი და ცუდი ქმედებების შესახებ ინფორმაციის განახლებას. უფრო მეტიც, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ იმის ჩვენება, თუ რამდენად გამანადგურებელი ზეგავლენა აქვს კორუფციას საზოგადოებრივი დაცულობის, ზოგადი კეთილდღეობის და სახელმწიფოს განვითარებისთვის, არამედ იმისაც, თუ რა პასუხისმგებლობა მოელის თითოეულ იმ პირს, რომელიც ჩაერთვება კორუფციაში. აუცილებელია იმის ჩვენება, რომ კორუფციით მიღებული გამორჩენა არ ღირს იმ რისკებად, რომელზე წასვლაც უხდება პირს.

ამასთან, ძლიერი საგანმანათლებლო ინსტრუმენტია სახელმწიფოს მიერ ორგანიზებული ცნობიერების ამაღლების კამპანიები. მათი მიზანი უნდა იყოს განმარტოს, რატომ არის კორუფცია ცუდი და რატომ არის ის მიუღებელი. უფრო მეტიც, კამპანია საუკეთესო შესაძლებლობაა საზოგადოებას გააცნოს ის არხები, რომელთა საშუალებით შეიძლება კორუფციის სავარაუდო შემთხვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება ხელისუფლებისთვის.

ვინ მონაწილეობს?

პოლიციის სამსახურების გარე ზედამხედველობაში და მათზე დემოკრატიული კონტროლის განხორციელებაში ჩართული არიან სხვადასხვა ინსტიტუტები და დაინტერესებული მხარეები. ესენია: აღმასრულებელი ხელისუფლება, სასამართლო ხელისუფლება, პოლიციის ზედამხედველობის სპეციალიზებული ინსტიტუტები და ანტიკორუფციული ორგანოები, დროებითი საგამოძიებო ჯგუფები, სამოქალაქო საზოგადოება და მედია.

პოლიციის სამსახურებში კეთილსინდისიერების განმტკიცება, უპირველეს ყოვლისა, თვით პოლიციის პერსონალის საქმეა. შიდა კონტროლის და ზედამხედველობის ორგანოები გადამწყვეტ როლს ასრულებენ, რადგან მათ ეხებათ ქცევის კოდექსის შემოღება და არასათანადო ქმედებისთვის სანქციების დაწესება. მაგალითად, ეროვნული მთავრობა პასუხისმგებელია კორუფციის ზედამხედველობაზე ზოგადად სახელმწიფო სექტორში და, კერძოდ, პოლიციის სამასახურებში, რადგან მთავრობა არის პოლიციის სამსახურის ზემდგომი ინსტიტუტი და მისი მთავარი დამფინანსებელი. პოლიციაში კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საერთაშორისო ორგანიზაციები სხვადასხვაგვარ როლს ასრულებენ, როგორიცაა კორუფციის საერთო განსაზღვრება, საუკეთესო გამოცდილების და ექსპერტიზის გაზიარება, ტრენინგის და რეკომენდაციების მიწოდება და სანქციების დაწესება. სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას და სხვა არასამთავრობო აქტორებს შეუძლიათ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანონ პოლიციაში კორუფციის შემცირებაში თავიანთი საქმიანობით, რომელიც მოიცავს საზოგადოების ინფორმირებას და მისი ცნობიერების ამაღლებას, აგრეთვე, საზოგადოებას, ხელისუფლებას და პოლიციას შორის საკომუნიკაციოო არხების შექმნას. მამხილებლების დაცვის მეექანიზმების არსებობა კი უმნიშვნელოვანესია იმისთვის, რომ პერსონალს არ შეეშინდეს ინიციატივის გამოჩენა და დარღვევების მხილება.

წყაროები:

Centre for Integrity in the Defence Sector. Criteria for good governance in the defence sector. International standards and principles (2015)

Centre for Integrity in the Defence Sector (2015Guides to Good Governance.

DCAF (2012), Toolkit on Police Integrity,

DCAF (2008) National Security Policy, DCAF Backgrounder.

DCAF (2009), Police Reform. DCAF Backgrounder.

DCAF (2009), Security Sector Governance and Reform. DCAF Backgrounder.

DCAF (2009), Security Sector Reform and Intergovernmental Organisations. DCAF Backgrounder.

DCAF (2015), The Police, DCAF SSR Backgrounders

NATO-DCAF, (2010). Building Integrity and Reducing Corruption in Defence. A Compendium of Best Practices.

UN SSR Task Force (2012), Security Sector Reform: Integrated Technical Guidance Notes

DCAF SSR Backgrounder Series-ის ახალი გამოცემები

 

[1] წყარო: DCAF (2015), ‘The Police’, DCAF SSR Backgrounder series.

[2]DCAF (2015), The Police, DCAF SSR Backgrounders.

[3] DCAF (2012), Toolkit on Police Integrity

[4] იგივე

[5] იგივე

[6] იგივე

[7] Centre for Integrity in the Defence Sector (2015), Guides to Good Governance, No 1. Professionalism and Integrity in the Public Service, p. 10.