ნებისმიერი სახელმწიფოს არჩეული ხელისუფლება ვალდებულია უზრუნველყოს ეროვნული უსაფრთხოების სექტორის მართვის შესაბამისობა დემოკრატიულ პრაქტიკასთან და სამოქალაქო უსაფრთხოების – როგორც საჯარო პროდუქტის – მიწოდება მოსახლეობისთვის. ხელისუფლებას, ასევე, აკისრია პოლიტიკური პასუხისმგებლობა უსაფრთხოების სექტორის საქმიანობაზე. ხელისუფლებას სჭირდება დეტალური და ფართო გეგმები და მართვის სტრუქტურები უსაფრთხოების პოლიტიკისა და საქმიანობის წარმართვის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.

ის უსაფრთხოების ინსტიტუტები, რომლებიც ეხმაურებიან ადამიანების საჭიროებებს, გამჭვირვალობით ხასიათდებიან; ისინი კი, რომლებიც ინდიფერენტულები არიან საზოგადოების საჭიროებების მიმართ, გაუმჭვირვალე. ამ ნაწილში განხილულია ინსტიტუციური მართვის ძირითადი საკითხები, რომლებიც რელევანტურია იმ მთავარი სამინისტროებისთვის, რომელთა დაქვემდებარებაშიც არიან უსაფრთხოების სექტორის უწყებები.

მთავრობამ უნდა უზრუნველყოს სრულფასოვანი საკანონმდებლო ბაზა უსაფრთხოების თითოეული ინსტიტუტისთვის. საკანონმდებლო ბაზა სამინისტროების, დეპარტამენტების და უსაფრთხოების ინსტიტუტებისთვის უნდა შემუშავდეს საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით და უნდა იყოს შესაბამისობაში სამართლებრივ ნორმებთან. კანონმდებლობა უნდა უზრუნველყოფდეს უსაფრთხოების თითოეული ინსტიტუტის როლისა და ვალდებულებების მკაფიო დადგენას, ავტორიზაციის პროცედურების დაკონკრეტებას ადმინისტრაციული და ოპერატიული საქმიანობისათვის, შიდა კანონებისა და პროცედურების გამოყენების დადგენას, დაინტერესებული მხარეების მიერ უსაფრთხოების ინსტიტუტების მონიტორინგის ინსტრუმენტების უზრუნველყოფას, საქმიანობათა ყველა კომპონენტისათვის საკონსტიტუციო საფუძვლების განსაზღვრას და უსაფრთხოების ინსტიტუტების თანამშრომლების ანგარიშვალდებულების მოთხოვნას საკუთარ ქმედებებზე კანონის წინაშე. ამასთან, საკანონმდებლო ბაზა უნდა ითვალისწინებდეს საზოგადოების და დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის ინფორმაციაზე გაადვილებულ წვდომას.

თავდაცვის სამინისტრო

თავდაცვის სამინისტრო, უპირველეს ყოვლისა, დაკავებული არის თავდაცვის პოლიტიკით და, გარდა ამისა, ასრულებს სხვადასხვა როლს უსაფრთხოების გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პოლიტიკის დანერგვის პროცესში. თავდაცვის სისტემაში შესყიდვები უამრავ რესურსს მოითხოვს, და, ამის გამო, თავდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს შესყიდვების გამჭვირვალობა კორუფციული ინტერესების ჩარევის თავიდან ასაცილებლად. თავდაცვის სექტორი საჭიროებს მართვის ძლიერ შიდა სისტემას მომსახურებების ეფექტიანი მიწოდებისთვის და კორუფციისა და ზედმეტი ფინანსური და ადამიანური რესურსების ხარჯვის თავიდან აცილებისთვის.

ადამიანური რესურსების მართვა

ადამიანური რესურსების გამჭვირვალე და ეფექტიანი მართვა ძლიერი საშუალებაა უსაფრთხოების სექტორის პერსონალის და სამოქალაქო ხელმძღვანელობის და პერსონალის პროფესიონალიზმის ასამაღლებლად. თავდაცვის სამინისტროების და და მათი დეპარტამენტების მიერ ადამიანური რესურსების ეფექტიანი მართვა გულისხმობს გამჭვირვალე სახელფასო, დაწინაურების და პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, პერსონალის მართვის სრულფასოვანი საინფორმაციო ბაზის შექმნას; სამუშაოზე დაქირავების მერიტოკრატიული სისტემის და მუშაობის ხარისხის შეფასების სისტემის შექმნას; და ხელფასების გადახდის ეფექტიანი სისტემის დანერგვას..[1] განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების სექტორში ქალების მონაწილეობის უზრუნველყოფის, მათი შენარჩუნების და დაწინაურებისათვის.

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვა ეფუძნება იმ წინაპირობას, რომ თავდაცვის სფერო საჯარო სექტორის მართვის იმავე პრინციპებს ექვემდებარება, რასაც სხვა სექტორები. საბიუჯეტო პოლიტიკა გამჭვირვალე უნდა იყოს იმისათვის, რომ შესაბამისობაში იყოს სხვა სამთავრობო პრიორიტეტებსა და სტრატეგიებთან. ფინანსური რესურსების მართვას უნდა განამტკიცებდეს შესყიდვების გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სისტემა, ქმედითი სააუდიტო სისტემა და მაღალხარისხიანი ფინანსური მართვა და დაგეგმვა არა მხოლოდ სამინისტროში, არამედ უსაფრთხოების სექტორის სხვა ინსტიტუტებშიც.[2]

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კეთილსინდისიერების განმტკიცება

საკვანძო საკითხი, რომელიც აერთიანებს მიდგომებს ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვაში, მძლავრი ანტიკორუფციული ბაზის საჭიროებაა. გამჭვირვალობა და კორუფციის გამოწვევები თავდაცვის სფეროში ხშირად ახდენს ზეგავლენას არა მხოლოდ გარდამავალი ეკონომიკის სახელმწიფოებში, არამედ შემდგარ დემოკრატიებშიც. კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამები უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკისა და ანტიკორუფციული ზომების ფართო არჩევანს.[3]

ინსტიტუციური და პროგრამული მართვა

თავდაცვის სამინისტროში ადმინისტრაციული და პროგრამული მართვა ზრდის ანგარიშვალდებულებას და ხელს უწყობს პროფესიონალურ წესებთან და დებულებებთან შესაბამისობას. ეფექტიან ინსტიტუციურ მართვას ყველა დონეზე – მართვის რგოლებში, დეპარტამენტებსა და სამინისტროებში – უნდა განამტკიცებდეს პოლიტიკისა და დაგეგმვის ციკლები, რომლებიც ასახავენ ეროვნულ პრიორიტეტებს და ხელმისაწვდომ რესურსებს; მექანიზმების განვითარება, რომლებიც გაუმკლავდებიან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას; და ანტიკორუფციული მექანიზმების და დისციპლინარული ზომების შემუშავება. ასევე, მნიშვნელოვანია შემუშავდეს და განხორციელდეს შიდა ანგარიშგების მექანიზმები.

წესები და პროცედურები

თავდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სამხედრო ერთეულს ჰქონდეს საკუთარი თანამშრომლების ქცევის მკაფიოდ გაწერილი წესები და პროცედურები. ზოგადად, უსაფრთხოების სფერო მთლიანად ექვემდებარება სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობას, მაგრამ ინსტიტუტების შიდა დებულებები უზრუნველყოფს მართვის საშუალებებს შიდა დისციპლინის გასამყარებლად და შიდა დარღვევებისა და დანაშაულის აღმოსაფხვრელად (სამხედრო კანონის გათვალისწინებით).

ქცევის კოდექსი

თავდაცვის სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სამხედრო უწყებას ჰქონდეს ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე შემუშავებული ქცევის კოდექსი. ქცევის კოდექსები გავლენას ახდენს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების საქმიანობაზე და შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა კეთილსინდისიერება და ანტიკორუფციული საქმიანობა; ეთიკის კოდექსები სამართალდამცავი და სადაზვერვო პერსონალისათვის. მართალია, ქცევის კოდექსი არ ანაცვლებს კანონმდებლობას, პროცედურებს და სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსებს, მას შეუძლია გაზარდოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება და ხელი შეუწყოს პროფესიონალიზმის და საკუთარი ვალდებულებების უკეთ გაგებას უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პერსონალის მიერ. ქცევის კოდექსი მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული და გასაგები უნდა იყოს ზოგადად საზოგადოებისათვის.

ფინანსთა სამინისტრო

ფინანსთა სამინისტროს, რომლის პასუხისმგებლობაა საჭირო ოდენობის თანხების გამოყოფა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მიწოდებისთვის, შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში უსაფრთხოების სექტორისთვის გათვალისწინებული თანხების ეფექტიანი მართვის გზით.

მას შემდეგ, რაც მთავრობა და დემოკრატიული ინსტიტუტები დაადგენენ საბიუჯეტო პუნქტებს უსაფრთხოების მიმწოდებლებისთვის, ფინანსთა სამინისტროს შეუძლია უზრუნველყოს ფინანსების მართვის და კორუფციათან ბრძოლის სხვადასხვა სისტემების შექმნა შეზღუდული ფინანსური რესურსების პირობებში გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის უზრუნველსაყოფად.

ფინანსთა სამინისტროს შესაძლებელია ჰქონდეს სხვა ვალდებულებები უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემის ფარგლებში: საბაჟო სამსახური ხშირად საზღვრის მართვის ნაწილია და სამართალდამცავ მომსახურებას გასწევს.

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა სამინისტრო ასრულებს ფართო სპექტრის სამართალდამცავ მომსახურებას, დაწყებული სათემო პოლიციიდან და დამთავრებული საგამოძიებო პოლიციით, საზღვრის მართვით და სასჯელაღსრულების სამსახურით. მსგავს დიდ სამინისტროებს ხშირად აქვთ გამოწვევები მართვის კუთხით. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი მომსახურებები უნდა მოიყვანოს შესაბამისობაში სისხლის სამართლის სისტემების საჭიროებებთან.

სამართალდამცავი ინსტიტუტების შიდა მართვა

ყველა სამართალდამცავი ინსტიტუტი საჭიროებს შიდა მართვის ძლიერ სისტემას ეფექტიანი მომსახურების გასაწევად, კორუფციის და შეზღუდული ფინანსური და ადამიანური რესურსების ფუჭი ხარჯვის თავიდან ასაცილებლად.

ადამიანური რესურსების მართვა

ადამიანური რესურსების გამჭვირვალე და ეფექტიანი მართვა მძლავრი საშუალებაა სამართალდამცავი ინსტიტუტების პერსონალის, მათ შორის, სამოქალაქო ხელმძღვანელობის და სამოქალაქო პერსონალის, პროფესიონალიზმის ამაღლებისთვის. სამინისტროსა და მისი დეპარტამენტების მიერ ეფექტიანი მართვა გულისხმობს გამჭვირვალე სახელფასო, დაწინაურების და პროფესიული განვითარების პოლიტიკის შემუშავებას, პერსონალის მართვის სრულფასოვანი საინფორმაციო ბაზის შექმნას; სამუშაოზე დაქირავების მერიტოკრატიული სისტემის და მუშაობის ხარისხის შეფასების სისტემის შექმნას; და ხელფასების გადახდის ეფექტიანი სისტემის დანერგვას. განსაკუთრებული ძალისხმევაა საჭირო უსაფრთხოების სექტორში ქალების მონაწილეობის უზრუნველყოფის, მათი შენარჩუნების და დაწინაურებისათვის.

ფინანსური რესურსების მართვა

ფინანსური რესურსების მართვაში ამოსავალია ის, რომ სამართალდამცავი სექტორი ექვემდებარება საჯარო სექტორის მართვის იმავე პრინციპებს, რასაც სხვა სექტორები. ბიუჯეტის პოლიტიკა გამჭვირვალე უნდა იყოს იმისთვის, რომ შესაბამისობაში იყოს სხვა სამთავრობო პრიორიტეტებსა და სტრატეგიებთან. ფინანსური რესურსების მართვას უნდა განამტკიცებდეს შესყიდვების გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული სისტემა, ქმედითი სააუდიტო სისტემა და მაღალხარისხიანი ფინანსური მართვა და დაგეგმვა არა მხოლოდ სამინისტროში, არამედ უსაფრთხოების სექტორის სხვა ინსტიტუტებშიც.

კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა და კეთილსინდისიერების განმტკიცება

საკვანძო საკითხი, რომელიც აერთიანებს მიდგომებს ადამიანური და ფინანსური რესურსების მართვაში, მძლავრი ანტიკორუფციული ბაზის საჭიროებაა. გამჭვირვალობასთან და კორუფციასთან დაკავშირებული გამოწვევები სამართალდამცავ სფეროში ხშირად არსებობს არა მხოლოდ გარდამავალი ეკონომიკის სახელმწიფოებში, არამედ შემდგარ დემოკრატიებშიც. კეთილსინდისიერების განმტკიცების პროგრამები უზრუნველყოფს საუკეთესო პრაქტიკისა და ანტიკორუფციული ზომების ფართო არჩევანს.[4]

ინსტიტუციური და საპროგრამო მართვა

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადმინისტრაციული და პროგრამული მართვა ზრდის ანგარიშვალდებულებას და ხელს უწყობს პროფესიონალურ წესებთან და დებულებებთან შესაბამისობას. ეფექტიან ინსტიტუციურ მართვას ყველა დონეზე – მართვის რგოლებში, დეპარტამენტებსა და სამინისტროებში – უნდა განამტკიცებდეს პოლიტიკისა და დაგეგმვის ციკლები, რომლებიც ასახავენ ეროვნულ პრიორიტეტებს და ხელმისაწვდომ რესურსებს; მექანიზმების განვითარება, რომლებიც გაუმკლავდებიან უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას; და ანტიკორუფციული მექანიზმების და დისციპლინარული ზომების შემუშავება. ასევე მნიშვნელოვანია შემუშავდეს და განხორციელდეს შიდა ანგარიშგების მექანიზმები.

წესები და პროცედურები

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სამართალდამცავ ერთეულს ჰქონდეს საკუთარი თანამშრომლების ქცევის მკაფიოდ გაწერილი წესები და პროცედურები. ზოგადად, უსაფრთხოების სფერო მთლიანად ექვემდებარება სამოქალაქო და სისხლის სამართლის კანონმდებლობას, მაგრამ ინსტიტუტების შიდა დებულებები უზრუნველყოფენ მართვის საშუალებებს შიდა დისციპლინის გასამყარებლად და შიდა დარღვევებისა და დანაშაულის აღმოსაფხვრელად.

ქცევის კოდექსი

შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს, რომ ყველა სამართალდამცავ უწყებას ჰქონდეს ეროვნულ ან საერთაშორისო დონეზე შემუშავებული ქცევის კოდექსი. ქცევის კოდექსები გავლენას ახდენს უსაფრთხოების სექტორის ინსტიტუტების საქმიანობაზე და შეეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა კეთილსინდისიერება და ანტიკორუფციული საქმიანობა; ეთიკის კოდექსი სამართალდამცავი და სადაზვერვო პერსონალისათვის. მართალია, ქცევის კოდექსი არ ანაცვლებს კანონმდებლობას, პროცედურებს და სამოქალაქო და სისხლის სამართლის კოდექსებს, მას შეუძლია გაზარდოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება და ხელი შეუწყოს პროფესიონალიზმის და საკუთარი ვალდებულებების უკეთ აღქმას უსაფრთხოების სექტორში დასაქმებული პერსონალის მიერ. ქცევის კოდექსი მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული და გასაგები უნდა იყოს ზოგადად საზოგადოებისათვის.

საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუძლია პოზიტიური როლი შეასრულოს გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიღწევის საქმეში უსაფრთხოების მიწოდებისას.

გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში და პოსტკონფლიქტურ სიტუაციებში სამინისტრო ხშირად არის მაკოორდინირებელი ცენტრი საერთაშორისო დონორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ახორციელებენ განვითარებისა და ტექნიკური დახმარების პროგრამებს. ამ კონტექსტში სამინისტროს შეუძლია მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს და უზრუნველყოს რეფორმის მხარდაჭერის პაკეტების კოორდინირება დუპლიკაციის თავიდან ასაცილებლად. სამინისტროს შეუძლია ხელი შეუწყოს დემოკრატიული ინსტიტუტების და უსაფრთხოების სექტორის სააგენტოების შესაძლებლობების განვითარებას.

წყაროები:

Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev, Defence Management: An Introduction, (Sofia: Procon, 2009)

Mark Pyman, Anne-Christine Wegener, Building Integrity and Reducing Corruption in Defence and Security: 20 Practical Reforms, (Transparency International DSP: 2011).

OSCE, Police Reform within the Framework of Criminal Justice Reform, OSCE TNT/SPMU/Publication Series Vol 11, 2013.

OSCE, The Role of Capacity Building in Police Reform, 2006.

Pierre Aepli (ed.), Toolkit on Police Integrity, DCAF, 2012.

Todor Tagarev (ed.), Building Integrity and Reducing Corruption in Defence, (Sofia: Procon, 2010)

UNODC, Handbook on Police Accountability, Oversight and Integrity, UNODC, 2011.

Valeri Ratchev, Civilianisation of the Defence Ministry: A Functional Approach to a Modern Defence Institutions, 2011.

[1] იხ. Pierre Aepli (ed.), Toolkit on Police Integrity, DCAF, 2012.

[2] Hari Bucur-Marcu, Philipp Fluri, Todor Tagarev, Defence Management: An Introduction, (Sofia: Procon, 2009)

[3] იხ. მაგალითად, UNDP and World Bank, Security Sector Expenditure Review Sourcebook, (forthcoming 2017).

[4] იხ. Todor Tagarev (ed.), Building Integrity and Reducing Corruption in Defence, (Sofia: Procon, 2010) and Mark Pyman, Anne-Christine Wegener, Building Integrity and Reducing Corruption in Defence and Security: 20 Practical Reforms, (Transparency International DSP: 2011)


Photo credit: © Crown Copyright www.defenceimages.mod.uk